კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტროლები და ბოტები ქართულ ინტერნეტსივრცეში და მათი გავლენა არჩევნებზე

27 მაისი, 2020
 
ლანა გიორგიძე 

ქართულ ინტერნეტსივრცეში ტროლები და ბოტები კორონავირუსივით სწრაფად ვრცელდება და არანაკლებ ზიანს აყენებს საზოგადოებასა და დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობას ქვეყანაში.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების ლაბორატორიის (MilLab) -ის თანახმად, ტროლი არის პიროვნება, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური იდენტობის მითითების გარეშე მოქმედებს, რათა სხვადასხვა ვებ-გვერდზე, ფორუმსა და სოციალურ ქსელში მომხმარებელთა შორის ჯანსაღ დისკუსიას ხელი შეუშალოს. ტროლები მათთვის საინტერესო თემებზე სოციალური ქსელების (მაგალითად, Facebook, Vkontakte, Odnoklassniki) ჯგუფებში, ბლოგებზე, ასევე ვებ-პორტალების კომენტარების სექციაში აგრესიულ და არათემატურ კომენტარებს წერენ, რათა ყურადღება მიიქციონ და მომხმარებელთა ემოციური პროვოცირება მოახდინონ.

ტროლის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი რეალური იდენტობის დამალვაა. ონლაინ სივრცეში ის ყალბი პროფილის მეშვეობით მოქმედებს, სადაც მის შესახებ არსებული ინფორმაცია ან გაყალბებულია, ან საერთოდ არ არის ასახული. ეს შეიძლება, იყოს ფოტოები, საკონტაქტო ინფორმაცია, მონაცემები განათლებისა და სამუშაო ადგილის, ასევე ჰობის და ინტერესების შესახებ.

მედია და ინფორმაციული წიგნიერების ლაბორატორია (MilLab) ასევე გვთავაზობს ბოტის განმარტებას. ბოტი ატლანტიკური საბჭოს (DFRL) -ის განმარტებით, სოციალურ ქსელში არსებული ავტომატიზებული პროფილია, რომელსაც რეალური პიროვნების პროფილისთვის მიმსგავსებული მახასიათებლები აქვს. ბოტების მართვა შესაძლებელია ერთგვარი ქსელის სახით, როდესაც ერთი კონკრეტული მომხმარებელი დისტანციურად ათეულ ათასობით ავტომატიზებულ ანგარიშს მართავს. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის ინტერნეტის ინსტიტუტი გამოყოფს ბოტების კიდევ ერთ სახეობას - პოლიტიკურ ბოტებს, რაც სპეციალურად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამას ან კომპიუტერულ კოდს გულისხმობს, რომელიც ონლაინ სივრცეში რეალური ადამიანის ქცევას არის მიმსგავსებული. ისინი არჩევნების და რეფერენდუმების პერიოდში სხვადასხვა მანიპულაციურ ტექნიკას იყენებენ, მათ შორის ყალბი ამბებისა და პროპაგანდის გავრცელებას, ასევე ამა თუ იმ სუბიექტის ან ჯგუფის მიმართ ყალბი პოპულარობისა და მხარდაჭერის ილუზიის შექმნას ახდენენ. პოლიტიკური ბოტები მათთვის ხელსაყრელი შინაარსის შემცველ ინფორმაციას აზიარებენ (share), იწონებენ (like) და ონლაინ სივრცეში ჯანსაღი პოლიტიკური დისკურსის შეცვლას ცდილობენ.

მოძრაობა „სირცხვილიამ“ შექმნა სპეციალური საიტი და ფეისბუკ გვერდი, სადაც ამხელენ ტროლებსა და ბოტებს. ფეისბუკ გვერდზე, „ვინ ვინ არის“, ყოველდღიურ რეჟიმში იტვირთება ყალბი ფეისბუკ გვერდების შესახებ ინფორმაცია, რომლის გაუქმებაში მონაწილეობა - Report, ნებისმიერ ფეისბუკ მომხმარებელს შეუძლია. 


დღეისათვის, ვინ ვინ არის - გვერდის მიერ 186 ყალბი ანგარიშია აღმოჩენილი, ხოლო გაუქმებულია 123 ანგარიში.

5 მაისს, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე, ფეისბუკმა ასობით ფეისბუკ პროფილი და გვერდი წაშალა. წაშლილ ანგარიშებს შორის იყო კოკა ყანდიაშვილის ესპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram ანგარიში, ასევე ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 23 პროფილი, 80 გვერდი, 41 ჯგუფი და 9 Instagram ანგარიში.

„ვინ ვინ არის“ ერთადერთი საშუალება არაა ტროლებისა და ბოტების გამოსავლენად. მედიის განვითარების ფონდის მიერ შექმნილი ფაქტების გადამოწმების პორტალი „მითების დეტქტორი“ ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირებას უწყობს ხელს და მედიაწიგნიერების ამაღლების გზით სანდო ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას.

„მითების დეტექტორის“ ინფორმაციით, გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშების მფლობელები მეტწილად ქვეყნის შიგნით სიახლეებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, როგორიცაა არჩევნები, ხელისუფლების პოლიტიკა, ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი აქტივისტების კრიტიკა. 

მედიის განვითარების ფონდის მკვლევრის, სოფო გელავას განცხადებით, ფეისბუკმა საქართველოში ორჯერ წაშალა ფეისბუკ გვერდები  და პროფილები, რომლებიც არაავთენტურ ქმედებას ეწეოდნენ. 

„პირველ შემთხვევაში (2019 წლის 20 დეკემბერს) ფეისბუქის განცხადებაში მითითებული იყო, რომ ასეთ გვერდებს კომპანია „პანდა“ მართავდა, რომელიც თავის მხრივ „ქართულ ოცნებასთან” იყო კავშირში. ამ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს გვერდები და ტროლები პარლამენტის წინ აქციებისა და აქტივისტების დისკრედიტაციას ახდენდნენ. მეორე ტალღა სულ ახლახან მოხდა, ამ განცხადებაში ნახსენები იყო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ყალბი გვერდები და ანგარიშები. ასევე კოკა ყანდიაშვილის ესპერსონას მიერ მართული ასობით გვერდი და ყალბი ანგარიშები. ამ უკანასკნელზე ფეისბუქმა რეფერენსირება გააკეთა თავის წინა განცხადებასთან, რომელშიც ფეისბუქი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს. ყანდიაშვილის სქემაში ასევე ჩართული იყო ფსევდო მედიის გვერდები, რომლებიც მედიის სახელით პოზიციონირებდნენ, თუმცა სინმადვილეში ისინი მედიას არ წარმოადგნენდნენ“, - აღნიშნა სოფო გელავამ.

პოლიტიკური მიზნით მოქმედი კოორდინირებული ცრუ მედია გვერდების შესახებ ვრცელი დოკუმენტი გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED). 

ISFED-ის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის საინფორმაციო ნაკადების გააქტიურება როგორც რუსეთიდან მართული, ასევე ქვეყნის შიგნით შექმნილი საინფორმაციო წყაროების მიერ შეინიშნება. სავარაუდოდ საარჩევნო პროცესზე საინფორმაციო ზეგავლენის მიზნით მომზადებული ინფრასტურქტურის გააქტიურება კორონავირუსის პანდემიამ დააჩქარა და შიდა პოლიტიკური აქტორების ინტერესების სასარგებლოდ გააქტიურებული კოორდინირებული „ფეისბუქ“ გვერდების, ჯგუფებისა და ანგარიშების მაღალი აქტივობა არჩევნებამდე 6 თვით ადრეც უკვე მკაფიოდ შეინიშნება. აქამდე ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებს ცრუ მედიის გვერდების ახალი მჭიდროდ კოორდინირებული ქსელიც დაემატა, რომლებიც სასურველი გზავნილებისა და ინფორმაციის გასავრცელებლად სოციალური მედიის პლატფორმებს არაკეთილსინდისიერად იყენებენ. მართალია, 2019 წლის 20 დეკემბერს ფეისბუქმა ცრუ მედიის გვერდების უმრავლესობა წაშალა, მაგრამ შედარებით ახალმა ცრუ მედიების გვერდებმა განსხვავებული ტაქტიკით დაიწყეს ოპერირება.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მჭიდრო კოორდინაციის ნიშნების მქონე ცრუ მედია გვერდების ქსელი „ფეისბუქზე“, რომელიც შენიღბულად და ერთგვაროვანი ტაქტიკის გამოყენებით ცდილობს პროსახელისუფლებო გზავნილების არაავთენტურად გავრცელებას და კრიტიკული აზრის დემონიზებას. ეს ცრუ მედია გვერდები პროსახელისუფლებო სტატიების გარდა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო პირებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციისთვის მიზანმიმართულ დეზინფორმაციასაც ავრცელებენ.

ჯამში, აღნიშნული საინფორმაციო ქსელის ფარგლებში გამოვლინდა: ცრუ მედიის 14 „ფეისბუქ“ გვერდი ერთი ტაქტიკით მოქმედებს, რაც მათ კოორდინირებაზე მიუთითებს. გვერდების უმეტესობა შექმნილია ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 27 მაისს. „ფეისბუქ“ გვერდების პარალელურად მოქმედებს მათი 14 ვებ-გვერდი და ამდენივე „იუთუბ“ არხი, რომლებიც ასევე დროის ერთსა და იმავე მონაკვეთშია შექმნილი. ცრუ მედიების სახელწოდებები, „ფეისბუქ“ გვერდების დიზაინი და ვებ-საიტების ვიზუალი მიზნად ისახავს მომხმარებელს თავი რეალურ მედიასაშუალებებად მოაჩვენოს.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე განმარტავს, ვინ დგას ყალბი გვერდების უკან: „მიმდინარე წლის 10 მარტს „ფეისბუქის“ პირად ანგარიშზე გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 27 მაისს შექმნილი 11 გვერდიდან ერთ-ერთს - „Mtavari Ambebi • მთავარი ამბები“, სხვა პირებთან ერთად, გამოცემა „ეS პერსონას“ ყოფილი ჟურნალისტი - ნათია ბერიძე მართავს. მის მიერ „ფეისბუქის“ პირად ანგარიშზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, იგი მოცემული სააგენტოს მთავარი რედაქტორია. 10 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში ბერიძე აღნიშნავს, რომ მან მოცემული ვებ-გვერდი პირადად შეიძინა და მისი მეშვეობით, სხვა პირებთან ერთად, აქტიურად დაიწყებდა „ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების“ მხილებას..  ნიშანდობლივია, რომ ნათია ბერიძე იყო პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე 20 ივნისის ღამეს ერთიანი ნაციონალური მობრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეში. უნდა აღინიშნოს, რომ „მთავარი ამბების“ რედაქტორმა, ნათია ბერიძემ, 2020 წლის 30 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ მადისკრედიტირებელი „ფეისბუქ“ გვერდი შექმნა - სახელწოდებით „კურიცაTV“, სადაც განთავსდა არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული  ე.წ. „მემეები“. ფაქტი, რომ გვერდი სწორედ ნათია ბერიძის მიერ არის შექმნილი დასტურდება იმ გარემოებით, რომ შექმნის მომენტში 30 მარტს, გვერდს, მხოლოდ ერთი მოწონება ჰქონდა და ეს მომწონებელი ნათია ბერიძე იყო“.

მაშინ, როდესაც არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, საზოგადოების აზრის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ყალბი ინფორმაციები, რომელსაც პოლიტიკური მიზნით იყენებეს სახელისუფლებო პარტია და მისი ოპოზიცია - „ნაციონალური მოძრაობა“. 

„არჩევნების კონტექსტში ფეისბუქზე არაავთენტური საქმიანობის პოლიტიკური მიზნით გამოყენება სახიფათოა, რადგანაც ამ სქემის მიზანი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება და რეალობის დამახინჯებაა. ეს ანგარიშები სოციალურ ქსელებში ქმნიან არარსებულ რეალობას და ცრუ საზოგადოებრივ აზრს კონკრეტული საკითხების გარშემო, რომლითაც იქმნიან დომინანტური აზრის ილუზიას. ეს კი ცხადია, გავლენას ახდენს ამომრჩევლის ინფორმირებულ არჩევანზე“, - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის მკვლევარმა, სოფო გელავამ.

მითებთან და ყალბ ფეისბუკ გვერდებთნ მებრძოლი ორგანიზაციები საზოგადოებას ურჩევენ, ფრთხილად იყვნენ და თავად არ გახდნენ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლები, გადაამოწმონ ვისთან აქვთ დისკუსია ინტერნეტსივრცეში, რომელ გვერდსა თუ ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია და ა.შ.

ახალი ამბები