კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები და ხელისუფლების დუმილი

24 ივნისი, 2020
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად, დამატებით 15 ჰექტრამდე ტერიტორიის  ოკუპაცია მოხდა. ადგილობრივებს ნაკვეთებში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უკვე დაწყებული ჰქონდათ, როდესაც ოკუპანტები გამოჩნდნენ და საოკუპაციო ღობეების დასამონტაჟებლად ძელები დააბეტონეს. ოკუპანტებს სამუშოები დღესდღეობით შეჩერებული აქვთ, თუმცა ადგილობრივებს დასათესად გამზადებული მიწის ნაკვეთების დატოვება მოუხდათ. ტახტისძირში ოკუპანტების გამოჩენასა და საქართველოს ტერიტორიების დამატებით მიტაცებას ყოველდღიურად ელოდებიან.

„ალბათ მავთულხლართების და ღობეების დამონტაჟებასაც მალე დაიწყებენ"- ამბობს ტახტისძირში მცხოვრები ლაშა წნორიაშვილი, რომლის მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვდება. მისი ოჯახის ერთადერთი ნაკვეთი სწორედ მდინარე ფრონესთან მდებარეობს და დღეს ის  საკუთარ ნაკვეთში ვეღარ მიდის. ლაშა წნორიაშვილი თანასოფლელებთან ერთად მდინარე ფრონეს იქეთ მდებარე მიწის ნაკვეთს ოც წელზე მეტია, რაც ფლობს, თუმცა დარეგისტრირებული არ ჰქონდა.

,,საჯარო რეესტრს მივმართეთ, მაგრამ არ დაგვირეგისტრირეს იმის გამო, რომ ნაკვეთი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობდა", - ამბობს ლაშა წნორიაშვილი. იგი ხელისუფლებას მიმართავს, რომ დაინტერესდნენ ტახტისძირში ოკუპაციით დაზარალებული ადგილობრივების მდგომარეობით და დაკარგული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ ან სხვა მიწის ნაკვეთები გამოუყონ ან კომპენსაცია მისცენ.

,,ამ დრომდე არავინ მოსულა და არ დაინტერესებულა ჩვენი მდგომარეობით, დაკარგული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ არც სხვა მიწის ნაკვეთების გადმოცემაზე ყოფილა საუბარი", -ამბობს წნორიაშვილი. 

​ტახტისძირში განახლებული ოკუპაციის შედეგად 15-მდე ადგილობრივი დაზარალდა, ოკუპანტებმა დამატებით 15 ჰექტრამდე ტერიტორია დაიკავეს. დაზარალებულებს შორის არის ლიანა კოპაძის ოჯახიც, მათაც ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი დაკარგეს.

,,დავკარგეთ ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, მდინარე ფრონეს მოუყვებიან ოკუპანტები და ამჯერად 15-მდე ადგილობრივის მიწის ნაკვეთი მოხვდა იქეთ მხარეს. ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ყურდღება მოგვაქციოს", - აღნიშნავს ლიანა კოპაძე.

ხელისუფლებისგან უყურადღებოდ მიტოვებული საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა საკუთარ პრობლემებზე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა და დახმარება სთხოვა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ტახტისძირში მცხოვრებლები მცოცავი ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების წინაშე მარტო არ უნდა დატოვოს.

,,მოსახლეობის დიდ ნაწილს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები არ აქვთ დარეგისტრირებული, და როდესაც ოკუპაციის შედეგად მიწის ნაკვეთები დაკარგეს ტახტისძირში მცხოვრებლების ნაწილმა, ისინი მოკლებული არიან იმის საშუალებას, რომ მიმართონ სასამართლოს სწორედ იმ ბიუროკრატიიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე რაც აქვს საჯარო რეესტრს, როდესაც მოსახლეობა აკითხავს მიწის დარეგისტრირების მოთხოვნით და სახელმწიფო ორგანო უარს ეუბნება დარეგისტრირებაზე იმ მიზეზით, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და არ ურეგისტრირებს, ეს არის არასწორი მიდგომა. სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ადგილობრივებს მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებაში. კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შეჩერების დამატებითი სამართლებრივი მექანიზმია. საერთაშორისო სასამართლოებში დავის დასაწყებად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების შემთხვევაში, უფრო მეტი სამართლებრივი საფუძველი გვექნებოდა", - ამბობს უჩა ნანუაშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ პოლიტიკა შეცვალოს და საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებაში ადგილობრივებს ხელის შეშლის ნაცვლად ხელი შეუწყოს.

ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების გარდა ტახტისძირში მცხოვრებლები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე საუბრობენ. ადგილობრივები ხელისუფლებას ყოველი არჩევნების წინ მათთვის მიცემულ დაპირებას ახსენებენ, რათა ტახტისძირსაც მინიჭებოდა მაღალმთიანი ზონის სტატუსი. ტახტისძირში მცხოვრებლების თქმით, მაღალმთიანი ზონის სტატუსით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ოდნავ მაინც შეამსუბუქებდა.

,,ვითხოვთ, მაღლმთიანი ზონის სტატუსი მიენიჭოს ჩვენს სოფელს. ის სოციალური დახმარებები, რომელიც აღნიშნული კანონით არის გათვალისწინებული, შეიძლება, ვიღაცისთვის უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ჩვენთვის შვებაც და სტიმულიც იქნება, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი არ დაიცალოს და მოსახლეობის მიგრაცია შეჩერდეს. ტახტისძირის საჯარო სკოლაში 40 ბავშვი სწავლობს და ყოველწიურად იკლებს მათი რიცხვი", - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ ტახტისძირის მსგავსად მაღალმთიანი ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ მეზობელ სოფელ დირბშიც. დირბიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, იქაც ადგილობრივების ნაკვეთებზე გადის მავთულხლართები, თუმცა მოსახლეობა ნაკვეთებს მაინც ამუშავებს და ოკუპანტებთან ერთად არც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს უშინდება.

,,გაგვიკეთეს სასმელი წყალი, მრიცხველებიც დაგვიმონტაჟეს, მაგრამ წყალი ონკანებში არ მოდის და იძულებულები ვართ, სოფლის წყაროდან ვზიდოთ წყალი", - ამბობს დირბში მცხოვრები ზაზა ბლიაძე, რომელსაც დღეში რამდენიმე ტონა წყლის მიტანა უწევს სახლში.

,,აქ სულ რიგებია, ან ნაკვეთებშია ხალხი ან სოფლის ცენტრიდან ეზიდება წყალს. წყლის რიგში დგომა ვისაც არ უნდა, ღამის ორ საათზე გამოდის წყლის მისატანად",-აღნიშნავს ზაზა ბლიაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში კვლავ დიდ პრობლემად რჩება სასმელი და სარწყავი წყლის საკითხი. 

,,მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების ნაწილი გადაიჭრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - როგორიც არის გზის მოასფალტება და სოფლებში ბუნებრივი არის შეყვნა, კვლავ პრობლემად რჩება სასმელი და სარწყავი წყალი და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ყურდღება უნდა მიაქციოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს. ადგილობრივებს იმდენად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებში უხდებათ ცხოვრება, რომ მაღალმთაინი ზონის სატუსის მინიჭებას ითხოვენ სოფლებისთვის, რომ ელემენტარული სოციალური დახმარებები შეეხოთ. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს მოსახლეობის საჭირობებზე მორგებული ეკონომიკური პოლიტიკა და განსაკუთრებული მზრუნველობა გამოიჩინოს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაზე“, - აცხადებს ნანუაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობის მიერ წამოჭრილი პრობლემების შესახებ   ანგარიშს მოამზადებს და სახელმწიფო სტრუქტურებს რეკომენდაციით მიმართავს.

ახალი ამბები