კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამოქალაქო აქტივიზმის გამო დაკარგული სამსახური

25 ივნისი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა დარეკა მის მფარველთან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძესთან და საქართველოს ფოსტის დირექტორს ჩემი  სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს",  - ამბობს ანი ბალიაშვილი, რომელიც საქართველოს ფოსტის ქარელის სერვისცენტრის მენეჯერის თანამდებობიდან გათავისუფლებას მის სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირებს. 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია რუისის სპორტული მოედნის ნაწილს, აუქციონის წესით, რუსულ კომპანია ,,ბიგ სერვისზე" გასხვისებას აპირებდა. ანი ბალიაშვილი რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ამ  გადაწყვეტილებას  სოციალურ ქსელით და ადგილობრივი მედიასაშუალებებით მწვავედ აკრიტიკებდა. ამავე დროს მათ საკითხი სასამართლოში გაასაჩივრეს და სასამართლომ მერიას აუქციონის გამოცხადება დროებით აუკრძალა.

,,ბოლო 7 თვეა, რაც რუისის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს რუისის სპორტული მოედნის ნაწილის რუსულ კომპანიაზე გასხვისებას და მე ამ პროტესტში თავიდანვე ვიყავი ჩართული, რადგან ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია რომ რუისის სპორტული მოედნის ნაწილი გადაეცეს იმ კომპანიას, რომლის მფლობელების 90% რუსეთის მოქალაქეები არიან. ეს არის ჩემთვის მიუღებელი და წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთოს არც ადგილობრივმა და არც ცენტრალურმა ხელისუფლებამ. თან იმ ადგილზე, რომლის გასხვისებასაც აპირებენ რუსულ კომპანიაზე,  2008 წლის ომის დროს, რუსებმა კასეტური ბომბი ჩამოაგდეს. იქ უნდა გაკეთებულიყო ისეთი სიმბოლო, რაც რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული“,-  აცხადებს ანი ბალიაშვილი.

საქართველოს ფოსტის პრესსამსახურის განცხადებით, ანი ბალიაშვილი ქარელის სერვისცენტრში მომხდარი ხარვეზების გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 

,,ანი ბალიაშვილთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მრავალი და უხეში დარღვევების გამო. სერვისცენტრში, სადაც ბალიაშვილი დასაქმებული იყო მენეჯერის პოზიციაზე, არსებობდა ვადაგადაცილებული 1 875 გზავნილი, რის გამოც, ადრესატებთან ზედმეტი ვიზიტები განხორციელდა 40-ჯერ, ანუ ერთი მხრივ, გზავნილები ბარდებოდა დაგვიანებით, ხოლო მეორე მხრივ, კურიერები ახორციელებდნენ ზედმეტ ვიზიტებს სხვა ადრესატებთან. შესაბამისად, სერვისცენტრში არ არსებობდა ორგანიზებული და დისციპლინირებული სამუშაო გარემო, რისი შექმნის ვალდებულებაც ჰქონდა მას, როგორც მენეჯერს. გარდა ამისა, ანი ბალიაშვილის დაქვემდებარებულ სერვისცენტრში კურიერებისთვის გზავნილების გადაცემა ხდებოდა რეესტრის (აღრიცხვის) გარეშე. კურიერებისთვის გზავნილების რეესტრის გარეშე გადაცემის 1 947 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შეიცავდა საკმაოდ დიდ რისკებს საოპერაციო პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დასახელებულ დარღვევებთან ერთად, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ „სერვისების განვითარების სააგენტოს“ გზავნილების (სერვისების განვითარების სააგენტოს ID ბარათები) მესამე პირზე ჩაბარების 10 შემთხვევა მოხდა, მაშინ როდესაც, საფოსტო საკურიერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, აღნიშნული გზავნილები ბარდება პირადად ადრესატს, ანუ პირადობის მოწმობის ჩაბარება მოხდა სხვა პირებზე. ასევე, დარღვევები გამოვლინდა სხვა შემთხვევებშიც. კერძოდ, გზავნილების გაგზავნა დახარისხების ცენტრში, შესაბამისი რუთის შექმნის გარეშე მოხდა ოთხ შემთხვევაში. ამასთან, გზავნილების გაგზავნა ბილინგში გატარების გარეშე მოხდა ორ შემთხვევაში, რაც გულისხმობს ტარიფის დაანგარიშების გარეშე გზავნილზე მომსახურების გაწევას", - ასე განმარტავს საქართველოს ფოსტა ანი ბალიაშვილის გათავისუფლების საფუძველებს.

ანი ბალიაშვილის თქმით, საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილი ხარვეზების ნაწილი უსაფუძვლოა, თუმცა აღნიშნავს, რომ სერვისცენტრში არსებულ პრობლემების შესახებ არაერთხელ ჰქონდა მიწერილი მენეჯმენტისთვის, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ბალიაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებლად აღნიშნულ ხარვეზებს ვერ გამოასწორებდა, მისი თქმით საქართველოს ფოსტის მენეჯმენტის მხრიდან არაერთი მადლობა აქვს მიღებული კარგად მუშაობისთვის.

,,საქართველოს ფოსტის მენეჯმენტიც მსხვერპლია, მე ამის შესახებ სასამართლოში ვისაუბრებ, თუ კონკრეტულად ვინ დაურეკა საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს და დაავალა ჩემის სამსახურიდან გათავისუფლება. სამი წლის განმავლობაში არ მიმიღია არცერთი შენიშვნა-გაფრთხილება და საყვედური და ბოლო ერთ კვირაში რა დამემართა? - მე ამ კითხვას დაუსვამ საქართველოს ფოსტის წარმომადგენელს სასამართლოში, როდესაც შევხვდები", - აცხადებს ბალიაშვილი, რომელიც საქართველოს ფოსტის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოში ასაჩივრებს. ანი ბალიაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციის იურისტის ლექსო მერებაშვილის განცხადებით, ანი ბალიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება სამოქალაქო აქტივიზმთან არის დაკავშირებული: ,,სახეზე გვაქვს უკანონო გათავისუფლების შემთხვევა. სასამართლოზე მოვითხოვთ ამ ბრძანების გაუქმებას და ანი ბალიაშვილის სამსახურში აღდგენას“.

ქარელი მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ანი ბალიაშვილის გათავისუფლების საქმესთან მის კავშირს უარყოფს.

,,მე არ ვარ ფოსტის ხელმძღვანელი და არც ჩემს დაქვემდებარებაშია ფოსტა, ამიტომ მე ვერ გავათავისუფლებდი. ანი ბალიაშვილი და კიდევ სხვები რას ილაპარაკებენ და რა ცილს დამწამებენ, არ ვიცი. ფოსტის ადმინისტრაციამ გამოუქვეყნა ანი ბალიაშვილს ის დარღვევები, რაც ჰქონდა და მიკვირს კიდეც, რატომ აქამდე არ გაათავისუფლეს", - აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი.

ანი ბალიაშვილმა 11 ივნისს, გორში ჩამოსულ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გადასცა წერილი, სადაც  ბალიაშვილი მის მიმართ დაწყებულ დევნაზე საუბრობს.

ახალი ამბები