კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით

26 ივნისი, 2020
 
2020 წლის 22 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტახტისძირსა და დირბში. ამ სოფლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის აპრილში დაიწყეს უკანონო ბორდერიზაცია - დაამონტაჟეს ძელები და გაავლეს მავთულხლართები. შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
 
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაკარგეს წვდომა მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებდნენ და მათი შემოსავლის მთავარი წყარო იყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები გაესაუბრნენ ტახტისძირში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. მათი ინფორმაციით, დაახლოებით ჰექტარზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ისინი ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ და მოჰყავდათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნო კულტურები, სრულიად მოექცა მავთულხლართებს მიღმა. ეს მიწის ნაკვეთები იყო ოჯახებისთვის შემოსავლის მთავარი წყარო. მათი ინფორმაციით, ბორდერიზაციის ფაქტამდე, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, მათ მიმართეს საჯარო რეესტრს, მაგრამ უარი ეთქვათ რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტაზე იმ მიზეზით, რომ მიწა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობდა. ოჯახისთვის სახელმწიფოს არ შეუთავაზებია სხვა სანაცვლო მიწა ან კომპენსაცია დაკარგულ მიწასთან დაკავშირებით. 

აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს არათანმიმდევრულ და ადამიანის უფლებათა პრინციპებთან შეუსაბამო პოლიტიკას საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის, საკუთრების უფლების დაცვისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მის დაუბრკოლებლად გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა ილია ბერუაშვილის შემთხვევა, რომლის მიწის ნაკვეთი სოფელ დიცში, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ილია ბერუაშვილის 2018 წელს უარი უთხრა მიწის რეგისტრაციაზე. სააგენტომ უარის მიზეზად დაასახელა სასოფლო-სამეურნეო მიწის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობა, რაც ფაქტობრივად არასწორ ინფორმაციას წარმოადგენს, რადგანაც აღნიშნული მიწა არ არის ოკუპირებული. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად,  საქართველოს საერთო სასამართლოებმა მოქალაქის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანეს და საჯარო რეესტრს ილია ბერუაშვილისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება დაავალეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა იურიდიული დახმარებით უზრუნველყო მოქალაქე კიდევ ერთ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ბორდერიზაციასა და საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწით სარგებლობის საკითხებს უკავშირდება. საქმე შეეხება სოფელ ახრისში, გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწის ნაკვეთს, რომელზეც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მესაკუთრემ წვდომა დაკარგა 2012 წელს სოფელში მავთულხლართებს გავლების გამო. შედეგად, მას წაერთვა აღნიშნული მიწის დამუშავებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახური მოქალაქეს აკისრებდა ქონების გადასახადს აღნიშნულ მიწაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული დახმარების შედეგად, სახელმწიფომ მოუხსნა მას ქონების გადასახადი. ამჟამად, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართული აქვს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისათვის, რათა აღნიშნული პირი უზრუნველყოფილი იქნას ალტერნატიული ფართით სხვა ტერიტორიაზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას: 
• შეიმუშავოს თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებთან შესაბამისი პოლიტიკა საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე მიწის რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებით;
• ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიწით დაუბრკოლებლად სარგებლობას; 
• საკუთრებაში დაურეგისტრიროს ადგილობრივ მაცხოვრებლებს კუთვნილი მიწის ნაკვეთი;
• იმ შემთხვევებში კი, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლების სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები უკანონო ბორდერიზაციით არის მიტაცებული, უზრუნველყოს დაზარალებულები ალტერნატიული ფართით სხვა ტერიტორიაზე. 

გარდა უკანონო ბორდერიზაციით შექმნილი პრობლემებისა, რის შედეგადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს წვდომა ბუნებრივ რესურსებზე, მათ შორის - ტყეებზე, საძოვრებსა და მიწებზე, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებნი სხვა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან. საოკუპაციო ხაზთან ახლომდებარე არაერთ სოფელში მოსახლეობას შეზღუდული აქვს სასმელი წყლის მიწოდება ან მიეწოდებათ სასმელად უვარგისი წყალი. პრობლემას წარმოადგენს, ასევე, სარწყავი არხების არარსებობა და გაუმართავი სარწყავი არხები, რის გამოც მოსახლეობა ვერ ამუშავებს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს. სოფელ დირბს, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ახლახანს იმყოფებოდნენ,  წლების განმავლობაში სასმელად უვარგისი წყალი გრაფიკით მიეწოდება. ეს პრობლემა საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ. მოსახლეობამ, ასევე, ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დაასახელა სოფელში სარწყავი არხების არარსებობა, რის გამოც ისინი სრულფასოვნად ვერ ამუშავებენ კუთვნილ მიწის ნაკვეთებს და ვერ იღებენ მოსავალს. შედეგად, მათ შეზღუდული აქვთ საარსებო წყაროებიც. 

ასეთი მეთოდებით იმარაგებს მოსახლეობა სასმელ წყალს სოფელ დირბში, ქარელის მუნიციპალიტეტში. აქ სასმელი წყლის მისაღებად დაახლოებით ათამდე ადამიანი იდგა რიგში.

ახალი ამბები