კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში თავისუფლად გადაადგილებას მოითხოვენ

30 ივნისი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები მედიის წარმომადგენლებისთვის ისევ ჩაკეტილია. ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილებისა და გაშუქების უფლება უკვე რამდენიმე თვეა, რაც შეზღუდული აქვთ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გაკეთებულ ბლოკ-საგუშაგოებთან მდგარი სამართალდამცველები ჟურნალიტებს სოფლებში შესვლისა და გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ,,თქვენი გადაადგილება შეთანხმებული უნდა იყოს შსს-თან" - ასე პასუხობენ სამართალდამცველები ჟურნალისტებს.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლისა და გადაადგილების უფლების მოსაპოვებლად მედიის წარმომადგენლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. მათ რამდენიმე დღით ადრე უნდა დარეკონ შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ არიან დაზღვეული, რომ უარით არ გამოისტუმრებენ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილების უფლებას მისცემენ. 

,,ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ სოფელში შესვლის შესახებ დავრეკეთ ძალოვან უწყებებთან, სოფლის შესასვლელთან რამდენიმე საათის განმავლობაში გვიწევდა ლოდინი, ამ დროს გვპასუხობდნენ, რომ შეთანხმება მიმდინარეობდა ჩვენს შეშვებაზე, თუმცა ისე მომხდარა, რომ რეალურად არ შეგვიშვეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში. ეს შეზღუდვები არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და ვფიქრობ, რომ თავისუფლად გადაადგილების უფლება უნდა გვქონდეს მედიის წარმომადგნელებს, რადგან მცოცავ ოკუპაციასთან ერთად ადგილობრივებს აქვთ ყოველდღიური პრობლემები, რომლის გაშუქების შემდეგ ხელისუფლებას რეაგირება ჰქონდა და პრობლემების ჩამონათვალი უმცირდებოდათ. აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით,  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული პრობლემები ინტენსიურად ვეღარ შუქდება", - აცხადებს ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი.

რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტმა გოგა აფციაურმა ძალოვანი უწყებების მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის ელჩსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდა. აფციაურს იმედია აქვს, რომ მათ ჩართვას ექნება შედეგი და მედიაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება.  

,,ჩვენი კონსტიტუციური უფლება, გადაადგილების თავისუფლება იზღუდება შსსა და სუს-ის სამსახურის მიერ. ის, რომ თითქოს ჩვენივე უსაფრთხოების გამო გვეუბნებიან გადაადგილებაზე უარს, ეს არის ალოგიკური განცხადება, რადგან იმ სოფლებში ხალხი ცხოვრობს და რა გამოდის, ისინი არ არიან უსაფრთხოდ? საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ყოველთვის შევდიოდით და უსაფრთხოდ გამოვდიოდით. ისეთი შთაბეჭდილებაც კი მრჩება ხანდახან, რომ არსებობს ე.წ „შავი სია“ და ამ სიაში ვართ ჩამოწერილი ყველანი და როგორც კი გვარს და სახელს გაიგებენ, ან გვიცნობენ სახეზე, მაშინვე უარს გვეუბნებიან. ჟურნალისტური საქმიანობის გამო რომც არ გადაადგილდებოდე და ნათესავთან მიდიოდე საოკუპაციო ხაზთან მდებარე რომელიმე სოფელში, ამ დროსაც კი პრობლემა იქმნება შეშვებაზე და მე შემექმნა ეს პრობლემა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსაც ვუთხარი ამ პრობლემის შესახებ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც საქმის კურსშია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ არ შეიზღუდოს ჩვენი კონსტიტუციური უფლება და თუნდაც ის რეჟიმი დაბრუნდეს, როდესაც პოლიცია გვაცილებდა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ გადავაადგილდებოდით", - აღნიშნავს გოგა აფციაური.

ტელეკომპანია ,,პირველის" ჟურნალისტ მალხაზ მიქელაძის განცხადებით, ხელისუფლება ჟურნალისტებზე დაწესებული შეზღუდვებით ოკუპანტების საქმეს აკეთებს, რადგან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ფაქტები ისე აქტიურად აღარ შუქდება, როგორც შუქდებოდა იმ დროს, როდესაც მედიის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში.

,,​საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში წელიწადზე მეტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაურკვეველი მიზეზების გამო, არ გვიშვებს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ამით სურს დამალოს ის, რაც ხდება გამყოფ ხაზთან. ამით ის არღვევს როგორც ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, ასევე იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს. სუს-ში გვპასუხობენ, რომ აკრძალვები ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ხდება, მაგრამ მაინტერესებს, ვინ აგებს იქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებაზე პასუხს? ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები სრულიად მიუღებელია და სცდება ყველანაირ საზღვარს -  როგორც სამართლებრივ, ასევე მორალურს", - ამბობს მალხაზ მიქელაძე.

შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება მათ მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჟურნალისტები აქციების დაწყებას არ გამორიცხავენ.

ახალი ამბები