კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება

8 ივლისი, 2020
 

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიზანია, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის, მსჯავრდებისა და პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალების შესწავლა ერთიან კონტექსტში. შესაძლო პოლიტიკური მოტივების გამოსავლენად, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოყენებულია ევროპის საბჭოს, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ შემუშავებული პოლიტიკური პატიმრის სტატუსის არსებობისთვის საჭირო კრიტერიუმები.

ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიციის მიუხედავად, რომ „საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ“, ცალკეული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა, საქმეების ირგვლივ არსებული ბუნდოვანება, ხარვეზები, არასაკმარისი მტკიცებულებები და სხვა გარემოებები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას თუ საერთაშორისო პარტნიორებს უჩენს ეჭვებს ამ საქმეებში პოლიტიკური მოტივების არსებობის შესახებ.

დოკუმენტში შეფასებულია უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე ორი უახლესი სისხლის სამართლის საქმე. ერთი უკავშირდება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წარედგინა სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. მეორე ბრალდება ეხება ე.წ. ბუტა რობაქიძის საქმეს, რომელზეც საქართველოს პროკურატურამ ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. 

ე. წ. ბუტა რობაქიძის საქმეში საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს დანაშაულის ხანდაზმულობის სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ (პრიმა) ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ვადის - 15 წლის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე წაუყენა ბრალი. ადამიანის უფლებათა ცენტრის  შეფასებით, გონივრულია ეჭვი, რომ დანაშაულის ხანდაზმულობის 15-წლიანი ვადის გასვლამდე, ფაქტობრივად, ბოლო დღეებში, ახალი ბრალის წაყენებით, პროკურატურა ფლობდა ინფორმაციას აღნიშნული სავარაუდო დანაშაულის შესახებ და ბრალის წარსადგენად მათთვის ხელსაყრელ დრომდე, ხელოვნურად გააჭიანურა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დრო. 

გარდა ამისა, დოკუმენტში გაანალიზებულია ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც დიდი ალბათობით, უკავშირდება ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ აქტიურობას.

როგორც დოკუმენტში შესწავლილი საქმეების ანალიზიდან იკვეთება, პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეებთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი სამართლისა და სავარაუდო პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არაერთი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი როგორც მატერიალური, ისე საპროცესო-სამართლებრივი დარღვევა ვლინდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი  ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე  სისხლის სამართლის საქმეებს პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. ამ დროისთვის სასამართლო მონიტორინგი ეხება 19 საქმეს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება. 

პროექტის მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).

ახალი ამბები