კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, 2020)

13 ივლისი, 2020
 
სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმისთვის დამნაშავეს 1,5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებული პირი და სასჯელის ზომად 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და შ.შ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლითა  და სისხლის სამართლის კოდექსის 120.1 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ დაზიანებას. წაყენებული ბრალდება სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებდა დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივს.

8 ნოემბერს, ლევან აკინის ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის წინააღმდეგ კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე ჰომოფობიურ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი აქციის ერთ-ერთი მონაწილის თავდასხმის ობიექტი დისკრიმინაციული ნიშნით გახდა. ფილმის სანახავად მისულ ანა სუბელიანს თავის არეში ბლაგვი საგანი ესროლეს, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია და სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. ფაქტზე ბრალდებული პოლიციამ ადგილზე დააკავა. 

ანა სუბელიანის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი  თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში იცავს.

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა

2020 წლის მაისის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შესაგებელი სარჩელი და ე.მ.-ს საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დაავალა ე.მ.-ს სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება.

2019 წლის აპრილის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის შედეგად მიღებული არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება  მოსარჩელის, ე.მ.-ს  სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. 

ე.მ.  2014   წლიდან დასაქმებული იყო   არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ფსიქოლოგის პოზიციაზე. 2015 წლის  დეკემბრის თვეში ე. მ. უკანონოდ  გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი სასამართლო დარბაზში დააკავეს

19 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს, ა. ი-ს,  თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სასამართლომ ა. ი-ს ასევე შეუჩერა სამსახურეობრივი უფლებამოსილება.  ა. ი-ს ბრალეულობის საქმე  ქ. თბილისის პროკურატურის წარმოებაშია. 

2018 წლის 8 ივლისს თბილისში, დადიანის გამზირზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ა.ი. თავის მფლობელობაში არსებული  ავტომობილით დაეჯახა ქ. მ.-სა და ე. მ.-ს და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის  ქ. მ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა.ი. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.

აღნიშნულ საქმეზე ორი  წლის განმავლობაში ა. ი.-ს  პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანამდებობაზე. ამ დროის განმავლობაში იგი დააწინაურეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმის გაჭიანურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კვლევის არაგონივრული დროით გახანგრძლივებაა. ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების გათვალისწინებით, აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოძიების დაბრკოლების მიზეზი გახდა ესპერტიზის დასკვნის მიღების დაგვიანება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სერვისების განვითარების სააგენტოს უარი შრომითი ბინადრობის გაცემის თაობაზე

2020 წლის მარტის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება  და  სერვისების  განვითარების სააგენტოს უარი შრომითი ბინადრობის  გაცემაზე.   სააპელაციო სასამართლომ სერვისების განვითარების სააგენტოს  დაავალა ო.მ.-ს  საქმის თავიდან   შესწავლა. 

ნიგერიის მოქალაქე ო.მ. საქართველოში 2013 წლიდან იმყოფება. იგი არის ინგლისური ენის პედაგოგი.  2018 წელს  სერვისების განვითარების სააგენტომ მას უარი უთხრა  შრომით ბინადრობაზე. სევრისების განვითარების სააგენტოს უარი ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.  თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 5 მარტს უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული უარი კი ორგანიზაციამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი 

2020 წლის 9 მარტს, ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული სარჩელი და ბათილად ცნო ქარელის საკრებულოს განკარგულება, რომლის თანახმად, სოფელ რუისში მდებარე სპორტული მოედანი საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში მოხვდა და აუქციონზე გავიდა. 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ადგილობრივებთან შეუთანხმებლად, რუისში მდებარე სპორტული მოედანი საპრივატიზებო ნუსხაში შეიტანა. ამის შემდეგ მერიამ ეს სპორტული მოედანი აუქციონზე გაიტანა. 

ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ დახმარების თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრს დეკემბრის თვეში მიმართა. 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 

2020 წლის 15 ივნისს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მსჯავრდებულ ი.კ.-ს ადვოკატების საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და ი.კ. დამნაშავედ ცნო ავტოსაგზაო შემთხვევაში, რის შედეგადაც გარდაიცვალა არასრულწლოვანი მ.გ.
2018 წლის იანვრის თვეში ავტომობილი შეეჯახა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ავტომანქანის მძღოლი ი.კ. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ დააკავეს. დედის ინფორმაციით გამოძიება არ წარიმართა სრულად და ობიექტურად, რის გამოც მან დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართა. ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე ი.კ.-ს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ნ.გ.-ს სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

ი.ბ.-ს, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, 10 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
 
5 მარტს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა არასრუწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე. სასამართლომ ბრალდებული, 1979 წელს დაბადებული ი. ბ., დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე ადანაშაულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ  გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

არასრულწლოვნის სამართლებრივ ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

სხვადასხვა:
  • გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა და თ.მ. დანიშნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ი.მ.-ს დროებით მხარდამჭერად. 
  • 2020 წლის 5 ივნისს გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მ.კ.-ს სარჩელი განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მ.კ.-ს ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

ახალი ამბები