კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა ცვლილებები შევიდა საარჩევნო კანონმდებლობაში

18 აგვისტო, 2020
 
ლანა გიორგიძე 

2 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა (94 მომხრე, ერთი წინააღმდეგი). პროექტი არჩევნების ჩატარების პროცედურებთან და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ბევრ სიახლეს სთავაზობს პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა თუ ამომრჩევლებს. 

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი ცვლილებების დიდი ნაწილი ეფუძნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს.

„აღნიშნული რეკომენდაციები შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას ისეთი ძირითადი მიმართულებებით, როგორიცაა:  საარჩევნო ადმინისტრაცია; მედია-კამპანია და საეთერო დრო; წინასაარჩევნო გარემო;  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენცია; საარჩევნო დავების განხილვა და არჩევნების მეორე ტური. წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება გენდერული კვოტების საკითხსაც. გარდა ამისა, საარჩევნო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის 29 ივნისს მიღებულ კონსტიტუციური კანონის პროექტთან, რომლის თანახმად,  საპარლამენტო  არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით - პარლამენტის 120 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, 30 წევრი  კი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიესალმება  საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საკითხს, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ბევრი საარჩევნო საკითხი უკეთესად იქნება მოწესრიგებული. 

„ბევრი დადებითი ცვლილების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში კვლავ რჩება რამდენიმე ძირითადი პრობლემა, რომელთა შორის აღსანიშნავია: საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მანკიერი წესი, რომელიც კომისიების საქმიანობაზე პოლიტიკური პარტიების გავლენის ზრდას იწვევს; საარჩევნო კომისიებში პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შესარჩევი პროცედურების ვადები და მათი ჩატარების მომწესრიგებელი არასაკმარისი რეგულაციები; სოციალური ქსელების მეშვეობით საარჩევნო აგიტაციის საკითხის არასაკმარისი რეგულირება და საარჩევნო დავების და გასაჩივრების პროცედურებში არსებული გარკვეული ხარვეზები“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის კოორდინატორი გიორგი კაკუბავა პოზიტიურად აფასებს ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შევსებასა და კონკრეტული რეგულაციების ნორმატიულ დონეზე გამყარებას, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია, რომ სათანადოდ აღსრულდეს. 

„ორგანულ კანონში შესული ცვლილებები შეეხო საარჩევნო გარემოსა და ადმინიტრაციულ რესურსების გამოყენებას, პარტიების დაფინანსებების საკითხებს, ასევე პარტიებში გენდერული კვოტირების საკითხს, ამასთან, ცვლილებები შეეხო მედია რეგულაციებს. პოზიტურად უნდა შეფასდეს ცვლილება, რომლიც ეხება კომუნიკაციების ეროვნულ კომისაში და საარჩევნო კომისიებში ვადების შემცირებას, რომელიც ეხება სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას. 

ასევე აღსანისნავია, რომ ერთი თვიდან 10 დღემდე შემცირდა საარჩევნო კომისიებში ადმინისტრაციული რესურების გამოყენებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ვადები. ბუნებრივია, შემჭიდროვებულ ვადებში საქმის გახილვა მისასალმებელია და ხელს შეუწყობს, დროში არ გაჭიანურდეს საქმის გახილვა, თუმცა ეს არ უნდა აისახოს საქმის ყოველმხრივ შესწავლაზე და არ უნდა მივიღოთ ე.წ „შაბლონური მიდგომა“ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.  იმისათვის, რომ საქმეები ობიექტურად შეისწავლონ, საჭიროა ადამიანური რესურსი, რაც ბუნებრივია, რომ ცესკომ უნდა უზრუნველყოს“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის კოორდინატორმა, გიორგი კაკუბავამ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვები მიზნად ისახავს, რომ არჩევნების დღეს არ გაიმართოს აგიტაცია: „არჩევნების დღეს აგიტაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, ჩვენი მოთხოვნა იყო, შეემუშავებინათ ცვლილებები. მოცემულ ეტაპზე, ორგანულ კანონში შესული ცვილებები მეტ-ნაკლებად პასუხობს სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს“.  

საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილების თანახმად, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელი იქნება სააგიტაციო მასალის განთავსება, აგრეთვე უბნიდან 25 მეტრის რადიუსში, პირთა მიერ ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.

აღნიშნულ ცვლილებას „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აფასებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე და აღნიშნავს, რომ საიას მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, „მთავარი პრობლემები, რაც [ამჟამად] არჩევნების დღეს გვაქვს, არის … უბნის გარეთ. მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ საია-ს, არამედ სხვა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაც: „ამიტომ უფრო წინ წავიდეთ რეგულირებაში — ეს პერიმეტრი უნდა გაიზარდოს და იქ უფლებამოსილი პირის და ამომრჩევლის გარდა არავინ არ უნდა იყოს“.

გარდა ზემოხსენებული ცვლილებებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ცვლილებები ეხება პარტიების დაფინანსების საკითხსაც. 

„მცირდება სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად დაწესებული ბარიერი, ხოლო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის ფორმულა მარტივდება: დაფინანსებას მიიღებს პარტია, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 1%-ს (ნაცვლად 3%-სა) ან მეტი მიიღო; პირველ 50 000 მიღებული ხმისთვის თითოეულზე – 15 ლარი; 50 000-ის შემდეგ მიღებულ თითოეულ ხმაზე კი, 5 ლარი. პოლიტიკური პარტიის კონტრაგიტაციის მიზნით უკანონო ხარჯების გაწევისთვის სანქცია წესდება“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ცვლილებები ეხება გენდერული კვოტირების საკითხსაც. ცვლილებების თანახმად, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მიერ წარდგენილ საარჩევნო სიაში ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. თუ პარტია სიაში ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის ერთ წარმომადგენელს მაინც წარადგენს, სახელმწიფო დაფინანსება 30%-ით გაეზრდება. 

„საარჩევნო კოდექსის ეს ცვლილებები კვოტირებასთან დაკავშირებით ვერ პასუხობს თანაბრობის ღირსეულ პრინციპებს“ - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა სერგი კაპანაძემ „მთავართან“ საუბრისას განაცხადა. 

„ამ შემოთავაზებული კვოტირების სისტემით, ის მთავარი პრობლემა, რაც არის საზოგადოებაში ქალების დისკრიმინაცია ხშირად და მათი ნაკლებობა პოლიტიკაში, ვერ გვარდება. ამ პრობლემის მოგვარებას სჭირდება პრობლემის სათავესთან ბრძოლა და არა ასეთ ხელოვნური, დროებითი ზომების შემოღება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ალტერნატიული ცვლილება წარადგინა გენედრულ კვოტირებასთან დაკავშირებით, რასაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ეკა ბესელია პარლამენტს სთავაზობდა, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული ცვლილება არა 2028 წელს, არამედ წელსვე ამოქმედებულიყო და პარტიულ სიაში ყოველ სამ კანდიდატში ერთი მაინც განსხვავებული სქესის პოლიტიკოსი ყოფილიყო. აღნიშნულ ინიციატივას მხოლოდ 6 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ინფორმაციით, ცვლილებები შეეხო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხსაც: „საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებისას ინერგება ინტერესთა კონფლიქტის გამომრიცხავი რეგულაციები, კერძოდ არჩევის პროცედურაში არ მონაწილეობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი; აიკრძალა საუბნო საარჩევნო კომისიის არაპარტიულ წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული იყო პოლიტიკური პარტიის მიერ“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები დარჩა, გამოთქმული მოსაზრებების მიუხედავად, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები კენჭისყრის დღის შემდეგ წარადგენენ ანგარიშებს, იმოქმედა თუ არა პოზიტიურად საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა არჩევნების პროცესზე. 



ახალი ამბები