კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩვენ ვკარგავთ აფხაზებსა და ოსებს

26 აგვისტო, 2020
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გზები ჩიხში შევიდა, საიდანაც გამოსვლაც და გამოსავლის მოძებნაც ერთდროულად რთულია. თუ რა მიღწევები გვაქვს და რა რჩება გამოწვევად ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიმართულებით, humanrights.ge-მ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან ჩაწერა  ინტერვიუ.

- ბატონო პაატა, ომიდან 12 წლის შემდეგ რა მიღწევები გვაქვს და რა გვრჩება გამოწვევად ქართულ-ოსური ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით?

- ქართულ-ოსური ურთიერთოების მიმართულებით მიღწევები გვაქვს ნული, იმიტომ, რომ მთელი ყურდღება გადატანილია რუსეთზე და ერთადერთი, რაც დაგვრჩა ნაშთად, ეს არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერც ქართული საზოგადოება და ვერც ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს​ კონფლიქტის უკან ვერ ხედავს ქართულ-ოსურ კონფლიქტს, რომლის მოგვარებითაც შეიძლება, შესუსტდეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. ეს აფხაზეთის მიმართულებითაც ასეა.  ჩვენ, პრაქტიკულად, სამი კონფლიქტიდან: ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური და რუსეთ-საქართველოს, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ვაღიარებთ და, შესაბამისად, მიღწევაში თუ რამე შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ გავაქრეთ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი და დავტოვეთ რუსეთ-საქართველოს​ კონფლიქტი.

- რას გვაძლევს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის არაღიარება? 

-  ეს არ არის მხოლოდ საქართველო ხელისუფლების სიჯიუტე, მაგრამ ლოგიკა არის ასეთი, რომ თუ ჩვენ გადავანაწილებთ ყურადღებას ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ კონფლიქტებზე, მაშინ შევასუსტებთ და შეიძლება ამაში ჩავკარგოთ რუსეთ-საქართველოს​ კონფლიქტი, რაც მიმაჩნია  რომ არასწორია, რადგან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავკარგოთ. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამის საშუალებას არ მოგვცემენ. უკრაინის კონფლიქტმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა რუსული აგრესიის ფაქტორი. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მხოლოდ ​ რუსეთთან შეიძლება​ ლაპარაკი, რადგან ოსურ და აფხაზურ მხრესთან საუბარს აზრი არა აქვს. ამ პოზიციას კატეგორიულად არ ვეთანხმები იმიტომ, რომ საუბარს ყოველთვის აქვს აზრი, მათ აქვთ რუსეთისგან განსხვავებული ინტერესები, თუნდაც ევროპასთან სწრაფვა. ეს განსაკუთრებით  აფხაზური საზოგადოების შემთხვევაში შეიმჩნევა და ოსურ საზოგადოებაში ნაკლებად ჩანს, მაგრამ ოსური საზოგადოება უფრო მიბმულია ქართულ საზოგადოებაზე. 

2008 წლის ომამდეც და ომის შემდეგაც ოსური საზოგადოება უფრო ინტეგრირებულია ქართულ საზოგადოებასთან და უფრო ინტერესი აქვს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, ვიდრე აფხაზებს. მაგალითად, სამედიცინო სერვისებით ოსი უფრო ბევრი სარგებლობს, ვიდრე აფხაზი. საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტურობა გამოიხატება იმაში, რომ  მხოლოდ რუსეთში ხედავს ამ კონფლიქტების მოგვარების გზას, რუსეთი არ არის კონფლიქტების მოგვარების მხარე. რუსეთის გარდა ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ოსებსა და აფხაზებს, ამ პირდაპირ საუბარს წინ უდგას საქართველოს ხელისუფლების შიში, რუსეთმა არ თქვას, რომ ეს არის ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტები, რა თქმა უნდა, რუსეთი ამაზე აპელირებას გააკეთებს, ორი აზრი  არ არსებობს, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, რას იტყვის რუსეთი.  ჩვენ ვკარგავთ აფხაზებს და ოსებს და არა აფხაზები და ოსები კარგავენ საქართველოს.  თუ მათ არჩევანზე დადგება საქმე საქართველოს შემადგენლობაში თუ რუსეთის შემადგენლობაში ყოფნა, სამწუხაროდ და საუბედუროდ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში არის მკაფიო გამოკვეთილი პოზიცია რომ ურჩევნიათ რუსებთან. საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარეს არის, მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ ამის იმედზე, როდესაც აშკარად ირღვევა საერთაშორისო სამართალი, გაეროს პოზიციები ყველგან და ყოველთვის არ მუშაობს და რაც დრო გადის ჩვენი პოზიციები სუსტდება.   

- მთავრობაში ყოფნის დროს თუ სცადეთ რომ კონფლიქტურ მხარეებად გეღიარებინათ ოსები და აფხაზები და რა შეიცვალა ამით?

- ჩემი მინისტრობის დროს დაიწყო ამ პოზიციის შეცვლა, ვიდრე მთავრობის მეთაური იყო ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილის დროსაც ეს პოზიციები ჟღერდებოდა და ხორციელდებოდა. ჩვენ ამ მიმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო იყო, როდესაც ჩვენ გავათავისუფლეთ სოხუმისა და ცხინვალის ციხეებიდან ყველა გრძელვადიანი პატიმარი, ვისაც 7 წელზე მეტი ჰქონდა მისჯილი და წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, ვინც იჯდა სოხუმის თუ ცხინვალის ციხეში. ამას დასჭირდა რამდენიმეთვიანი შრომა. 
ამასთან, განვახორციელეთ ჯანდაცვის პროექტი, რომელიც დღემდე წარმატებულია და ყველა აღიარებს ამას -  აფხაზებიც და ოსებიც. მართალია წინა ხელისუფლებამ დაიწყო ეს პროექტი, მაგრამ იმ დროს განსაზღვრული იყო, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღება იყო აუცილებელი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები გადმოსულიყვნენ და ესარგებლათ ჯანდაცვის სერვისებით. ჩვენ ეს დათქმა ამოვიღეთ და მათი პირადობის მოწმობით შეეძლოთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და მკურნალობა, რამაც გაზრდა ჯანდაცვის პროგრამაში  ჩართულობა. 

იყო სხვადასხვა წვრილი პროექტები კიდევ, მაგრამ ღარიბაშვილის წასვლისა და კვირიკაშვილის პრემიერ - მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მთავრობის სამოქმედო პოლიტიკაში წინა პლანზე წამოიწია ეკონომიკურმა საკითხებმა და კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის მიმართ ყურდღება შესუსტდა. როდესაც მე წამოვედი მინისტრის თანამდებობიდან და კოალიცია დაიშალა, მე მარტო კი არ ვიყავი ხელისუფლებაში იყო ,,რესპუბლიკური პარტია", რომლის თავმჯდომარეც სპიკერი იყო პარლამენტის, ,,რესპუბლიკურ პარტიას" ფრაქცია ჰქონდა პარლამენტში, ამით იმის თქმა მინდა, რომ მე მარტო არ ვიყავი ხელისუფლებაში და მქონდა გუნდური მოქმედების საშუალება. 

როგორც კი დაიშალა კოალიცია და 2016 წლის არჩევნების შემდეგ ,,ქართული ოცნება" მარტო დარჩა ხელისუფლებაში, მათ ხელახლა დააბრუნეს ,,ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მხოლოდ რუსეთია და შესაბამისად, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან ურთიერთობებს აზრი არა აქვს და, პრაქტიკულად,  გაჩერდა ეს მიმართულებები. აფხაზები და ოსები, რომლებიც რაღაც ფორმით ჩვენ გველაპარაკებოდნენ, ზურგი შეგვაქციეს და ისევ კრემლის მეშვეობით გველაპარაკებიან და კრემლი აჟღერებს ოსებისა და აფხაზების პოზიციებს. ჩვენ ვერაფერი ვერ მოვიგეთ რუსებთან პაექრობაში და დავკარგეთ ძალიან ბევრი ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური მიმართულებები.

- თქვენ ახსენეთ, რომ არჩევანის წინაშე რომ დავაყენოთ ოსური და აფხაზური საზოგადოება, საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა თუ რუსეთის შემადაგენლობაში შესვლა, ​რუსეთს აირჩევენ, რა არის ამის მიზეზი?

- 2008 წელი.

-12 წელია უკვე გასული ომიდან, არ არის ეს დროს საკმარისი, რათა გვეჩვენებინა რომ აღარ გვაქვს მილიტარისტული პოლიტიკა და საომარი განწყობა?

- არ არის საკმარისი 12 წელი, იმიტომ, რომ პირველი მარცხი და არასწორი პოლიტიკა განახორციელა ეროვნულმა მოძრაობამ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვა 1992 წლის ოქტომბერში და ამავე წლის დეკემბერში გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. იქიდან იწყება ეს ყველაფერი, რასაც მოჰყვა შემდეგ ომი და დაძაბულობა. ეს ყველაფერი, სამართლიანად თუ უსამართლოდ.  დაბრალდა გამსახურდიას. ამის შემდეგ ოსებმა დაუჯერეს ქართველ ხალხს, შემოტრიალდნენ ჩვენკენ და დაიწყეს აღმშენებლობა, ყველა სოფელში დაბრუნდნენ დევნილები, გარდა ქალაქ ცხინვალისა, მაგრამ ცხინვალში გადაადგილება თავისუფლი იყო. უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდა ცხინვალის რეგიონში 1993 წლიდან 2008 წლამდე. ეუთო იყო შესული, მოსახლეობას ეხმარებოდა ყველას დაავიწყდა კონფლიქტი. 

1992 წლის 20 მაისს საშინელი ტრაგედია მოხდა ძარის გზაზე, აშკარად ჩანს, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დახოცეს ქალები და ბავშვები, ესეც კი დაავიწყდათ ოსებს, მაშინ იმდენად კარგად მიდიოდა საქმე, მაგრამ 2008 წელმა აჩვენა, რომ ქართველები არ შეიცვალნენ და გამსახურდია არაფერ შუაში არაა. თქვენ კი ამბობთ 12 წლის გავიდა, მაშინ უფრო მალე გვაპატიეს მაგრამ 12 წელი არა საკმარისი იმიტომ, რომ ისინი ხედავენ ქართველები არ იცვლებიან და ორჯერ შეცდომა უკვე შეცდომა აღარაა. ძარის ტრაგედია რატომ ვახსენე? 2008 წლის ომამდე არ აღნიშნავდნენ და არ ახსენებდნენ და ომის შემდეგ ძარის ტრაგედია არის ყველზე მძიმე დღე ოსებისთვის და ყოველ 20 მაისს აღნიშნავენ როგორც ყველაზე დიდ ტრაგედიას. აქედანაც ჩანს, რომ ომმა თუ რამდენად შეცვლა მდგომარეობა და დაკარგეს ქართველების ნდობა, რადგან ორჯერ მოუწია მათ ომი ქართულ მხარესთან. 

თქვენ ახსენეთ, რომ ორი პოზიციაა ერთი არის რუსეთთან მიერთება და ეს უფრო მეტია სხვათაშორის და მეორე არის დამოუკიდებლობა, რომლის მომხრეები უფრო და უფრო ცოტანი არიან, რადგან ვერ ხედავენ დამოუკიდებლობას. მაგრამ ძველი თაობის ხალხში ისევ არის ის განცდა რომ ქართველებთან ცხოვრება მაინც ჯობია, მაგრამ ქართული მხარე არაფერს არ აკეთებს, მხოლოდ ცუდზე გვაქვს საუბარი და კარგზე არ ვლაპარაკობთ: პროექტებზე, ერთიან სახელმწიფოს მშენებლობაზე, ფედერაციულ მოწყობაზე, სამხრეთ ოსეთის ფუნქციაზე დანარჩენ საქართველოში. ამაზე მსჯელობაც კი არ არის ქართულ საზოგადოებაში. მე და თქვენ ვსაუბრობთ ახლა მაგრამ ამ ტიპის მსჯელობა არ არის ტელევიზიებით, საჯაროდ ხალხის წინაშე. ოსები ამას ხედავენ და ამბობენ, რომ ქართულ საზოგადოებას საერთოდ არ ადარდებთ ისინი და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება. ოსებს არ მოსწონს მათი მომავალი ჩრდილო კავკასიის კონტექსტში, სადაც არის ისლამური გარემოცვა და სხვა გამოწვევებია. ჩრდილოეთ ოსეთს თავის პრობლემები აქვს ინგუშებთან და ა.შ. ამიტომ არ არის იდეალური ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში და ამ ფონზე მათ საქართველო არ უქმნით პერსპექტივას, რათა დაინახონ თავისი თავი ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში. გულახდილად რომ გითხრათ, ოსები უფრო დაინახავენ ქართველების ნაბიჯებს ვიდრე აფხაზები. 

როდესაც 8 აგვისტო მოდის, ჩვენ მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობთ, ვინ დაიწყო ომი  და სულ არ გვადარდებს ოსურ საზოგადოებას რა ტკივა და ჩვენ მხოლოდ ჩვენს ტკივილზე ვსაუბრობთ, სამართლიანად, რაც ნახევარი ტკივილი და ნახევარი ამბავია. როდესაც ჩვენ ვყვებით ჩვენს ტრაგედიებზე თბილისსა და გორში, ასევე ყვებიან თავის ტრაგედიებზე ცხინვალში. რატომ არ ვყვებით ჩვენ ოსების ტრაგედიებზე, უმრავი გამოქვეყნებული მასალაა ინტერნეტში, უამრავი ზეპირი ისტორიებია თუ როგორ აწიოკებდნენ ქართველები. ჩვენ ხომ ვყვებით თუ როგორ გვაწიოკებენ და ჩვენ მათი ამბავიც უნდა მოვყვეთ, თუ ჩვენ ვართ სახელმწიფო, თუ ჩვენ გვინდა გაერთიანება, ამაზეა ლაპარაკი, თორემ მათ არ უნდათ ჩვენთან გაერთიანება. ისინიც  საშინელებებს ჩადიოდნენ, ჩემთვის ორივე მხარეს ერთი ადამიანის სიკვდილიც დიდი ტრაგედიაა. ორივე მხარეს ერთი და იგივე ტკივილი გვაქვს, მაგრამ პოლიტიკა გვაქვს სხვადსხვა. ჩვენ გვინდა მათან შერიგება და მათ არ უნდათ ჩვენთან შერიგება.  ამიტომ ჩვენ მეტი ენერგია უნდა დავხარჯოთ, რათა შემოვატრიალოთ. 

ერთი უხეში მაგალითი უნდა ვთქვა, თუ ადამიანი შენზე წინ მირბის, სულ ცოტა მასზე ჩქარა უნდა გაიქცე, თუ გინდა დაეწიო, და ჩვენ მეტი ენერგია უნდა დავხარჯოთ, რათა დავეწიოთ ოსებს და აფხაზებს და ავუხსნათ, რომ ჩვენ უკვე შევიცვალეთ. 12 წელი იმას მოვანდომეთ, ვინ დაიწყო ომი, აბსოლუტურ სისულელეს იმიტომ, რომ არაფერი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ დაიწყო ომი, არავითარი პასუხიმგებლობა არ ეკისრება იმას, თუ ვინ დაიწყო ომი. ოსები გაოგნებულები არიან, მათ კარგად იციან, ვინ დაიწყო ომი და მეორე - როდის დაიწყო ომი, კარგად იციან თუ საიდან ისროდნენ ყუმბარებს, რომელიც თავზე ეცემოდა ცხინვალს. ამიტომ კეთილი ვინებოთ და ამ ხალხთან გვქონდეს დიალოგი და მარტო ბრიუსელს, ვაშინგტონს და ვენას ჩვენ ვერ გავაბრუებთ და არაფერს არ მოგვცემს ეს. ჩვენი ამოცანაა, მეტი რეზოლუცია და მხარდაჭერა მივიღოთ ევროპისგან, რაც კარგია, მაგრამ არაფერს მნიშვნელობა არ ექნება თუ ჩვენ ოსებთან ერთი რეზოლუცია მაინც არ გვექნება მიღებული.  

ახალი ამბები