ადამიანის უფლებათა ცენტრს ბათუმის საკარანტინე სივრციდან დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქემ, რომელიც საკვების მომზადების ჰიგიენურ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას.
მოქალაქის განცხადების მიღების შემდგომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა შემდგომი რეაგირების მიზნით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დროულად შეესწავლათ ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქ. N3-ში მდებარე სასტუმრო და გაეტარებინათ შესაბამისი ღონისძებები.
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის საფუძველზე განხორციელდა როგორც გეგმიური ასევე არაგეგმიური ინსპექტირება. ბიზნესოპერატორის შემოწმებისას ინსპექტორებმა ჰიგიენის ზოგად მოთხოვნებთან მიმართებით გამოვლენილ შეუსაბამობებზე ბიზნესოპერატორს მისცეს რეკომენდაციები და გონივრული ვადა მათ გამოსასწორებლად.
(ISFED), (GDI) და (HRC) ახორციელებს პროექტს - „დემოკრატია და ადამიანის უფლებები საგანგებო მდგომარეობის პირობებში“. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.