დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორი ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის (ე. წ. ბუტა რობაქიძის საქმე) სასამართლო განხილვაზე არ დაუშვა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით
საერთო სასამართლოებისთვის რეკომენდაციები კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რეკომენდაციები მათ შორის ეხება სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის - მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვას, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროცესების დახურვას და დასწრების მსურველთა სრულ შეზღუდვას. ამის საპირისპიროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ სრულად შეზღუდა სხდომებზე დამსწრე პირთა რაოდენობა, რითაც, ფაქტობრივად, სასამართლო სხდომა დახურა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა (მონიტორმა) განცხადებით მიმართა მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე დასწრების მოთხოვნით, მაგრამ როგორც მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციით გახდა ცნობილი, განცხადების მიუხედავად, მოსამართლემ პროცესზე მონიტორის დასწრებაზე უარი განაცხადა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული. ასევე, ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - საჯაროობის პრინციპი და ეწინააღმდეგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი