კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბიზნესმენი დეპუტატობის კანდიდატების შემოწირულობები - ინვესტიცია მომავალი ტენდერებისთვის

30 სექტემბერი, 2020
სალომე ჩხეიძე, ქვემო ქართლი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შემოწირულებების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2020 წლის 1 იანვრიდან  14 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებმა შემოწირულობების სახით ჯამში 14 690 602.52 ლარი მიიღეს. 

საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ ფიზიკური პირისგან ერთი წლის განმავლობაში მიღებული შემოწირულებები არ უნდა აღემატებოდეს 60,000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისგან - 120,000 ლარს.  პოლიტიკური შემოწირულებები ხშირად კორუფციის რისკის შემცველია. შემომწირველი ფიზიკური პირები, როგორც წესი, სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებლები, დირექტორები ან მათთან დაახლოებული პირები არიან. 

2020 წლის არჩევნებში მნიშვნელოვანი  ტენდენცია გამოიკვეთა. პარტიების მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატებიდან უმრავლესობა მსხვილი ბიზნესმენი ან პარტიის შემომწირველია. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2020 წლის 11 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,  „ქართული ოცნების“ მიერ  დასახელებული  მაჟორიტარი კანდიდატების ნახევარზე მეტი - 30-დან 19 კანდიდატი, ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში.  ეს კანდიდატები კი, თავის მხრივ,  დაკავშირებულნი არიან 186 კომპანიასთან. 

მსხვილი შემომწირველები არიან მაჟორიტარი კანდიდატების ოჯახის წევრები და პარტნიორებიც.   მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო „ქართული ოცნების“ შემომწირველი. 

ქვემო ქართლში წარდგენილი კანდიდატებიდან ქართული ოცნების შემომწირველთა სიაშია ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებული  გოგი მეშველიანი, რომელიც ამჟამადაც პარლამენტის წევრია.  მეშველიანმა 2016 წელს 20 000 ლარი შესწირა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“. 

ამავე ოლქში იყრის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს კომპანია „პსპ“-ს დამფუძნებელი კახაბერ ოქრიაშვილიც, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რესპუბლიკური პარტიის, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპელი დემოკრატებისა და თავისუფლება და პროგრესის მიერ  ბლოკის („ძალა ერთობაშია“) სახელით წარდგენილი საერთო კანდიდატია. 

კახაბერ ოქრიაშვილი პირველად დმანისის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი 2004 წელს გახდა. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებზე ის დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატად მაშინდელმა მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა, ხოლო 2016 წელს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იყო.

კახაბერ ოქრიაშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში. ის, მისი მეუღლე ლინა თოფურია და შვილი, გიორგი ოქრიაშვილი 29 კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი. ესენია   „პსპ ფარმა“, „ჯეომედი“, „ალფა“, „სანიმედი“, „ჯი-ემ-პი“,  „აქსა მედიქალი“, „პატრია მედიკა“  „ქართული ლუდის კომპანია“, „ნიუ ჰოსპიტალსი“ და სხვა. კახაბერ ოქრიაშვილს 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაში, ყველა  კომპანია დეკლარირებული აქვს. მას საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დაცვით, საკუთარი წილები მართვის უფლებით ძმისთვის, ვაჟა ოქრიაშვილისთვის აქვს გადაცემული.

კახა ოქრიაშვილი და ლინა თოფურია თავად არ არიან პოლიტიკური შემომწირველები,  მაგრამ შემომწირველები არიან მათთან დაკავშირებულმა კომპანიები და ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც  ჯამში 2012-2020 წლებში „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 388 000 ლარი შესწირეს, დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს -  85 000 და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 90 000 ლარი.
 
კახაბერ ოქრიაშვილის კომპანიების წილის მმართველმა, ვაჟა ოქრიაშვილმა 2013 წელს ელექტრონული აუქციონის საშუალებით უკონკურენტოდ შეისყიდა სახელმწიფო ქონება, კერძოდ – 20,000 ლარად დმანისში მდებარე 1,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2 შენობა-ნაგებობა. ასევე შპს „პსპ ფარმამ“  2012-2020 წლებში  მოიგო 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 900-ზე მეტი სახელმწიფო ტენდერი და მიიღო 12 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 2827 პირდაპირი კონტრაქტი. შპს „ჯეო მედმა“  2011-2020 წლებში  მოიგო 1,322,775 ლარის ღირებულების 17 სახელმწიფო ტენდერი და მიიღო 104,895 ლარის ღირებულების 7 პირდაპირი კონტრაქტი. შპს „ჯი-ემ-პიმ“ რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ოქრიაშვილის მეუღლე ლინა თოფურიაა,  2013 და 2015 წელს  მოიგო 3,392,685 ლარის ღირებულების 2 მსხვილი სახელმწიფო ტენდერი; 2015 წელს კი მიიღო 116,478 აშშ დოლარის ღირებულების 1 პირდაპირი კონტრაქტი. „პსპ ფარმას“ შვილობილმა კომპანია „ნიუ ჰოსპიტალსმა“  2011-2020 წლებში მოიგო 1,442,668 ლარის 34 სახელმწიფო ტენდერი და მიიღო 2,645,000 ლარის ღირებულების 261 პირდაპირი კონტრაქტი. ასევე, „პსპ ფარმას“ შვილობილ შპს „მედკაპიტალს“  2013-2015 წლებში მოგებული აქვს 5 სახელმწიფო ტენდერი საერთო ღირებულებით 141,863 ლარი. კომპანიამ 2012-2020 წლებში ასევე მიიღო პირდაპირი შესყიდვის 45 კონტრაქტი საერთო ღირებულებით 412,000 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ხშირად არის შემთხვევა, როცა  ერთი კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი რიცხავს თანხას კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს თანხა კომპანიის თანხაა და ასეთი ჩარიცხვები ემსახურება 120 000 ლარიანი ზედა ზღვრის გადალახვას,  თუმცა, რთულია ამის კვლევა და დაზუსტებით თქმა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი კანონმდებლობით, მესამე პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობა აკრძალულია.  თუმცა,  ასეთი შემთხვევების განხილვისას, სასამართლო თვლის, რომ  თუ ადამიანს  60 000 ლარი აქვს წლიური შემოსავალი,  თეორიულად შესაძლებლია, მთელი შემოსავალი პარტიისთვის შეეწირა და ამდენად ამ პირს პასუხისმგებლობას არ აკისრებს. ფინანსური შემოწირულობების  არასათანადო შესწავლის საკითხი კომპლექსური პრობლემაა, რადგან აუდიტის სამსახურს არ აქვს საკმარისი საკონონმდებლო საფუძვლები. ამავე დროს, ამ სამსახურის ადამიანური და ტექნიკური რესურსი შეზღუდულია. ასევე, სასამართლო პრაქტიკა პარტიებისადმი შემოწირულობების  განხილვის სფეროში საკმაოდ დაბალი სტანდარტისაა“, - აღნიშნავს გიგი ჩიხლაძე. 

რაც შეეხება რუსთავის მუნიციპალიტს, აქ მაჟორიტარებად დასახელებული კანდიდატებიდან  საკუთარი პარტიის მსხვილი შემომწირველია დავით კირკიტაძე. მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადარიცხული თანხა ჯამში 77  000 ლარს შეადგენს.  მან პარტიას 2015 წელს 15 000 ლარი, 2018 წელს 60 000 ლარი, ხოლო 2020 წელს 2000 ლარი შესწირა.

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატების წარდგენის ეტაპზე, ამ ტენდენციის კანონიერება ეჭვქვეშ არ დგება, რადგან ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის ბიზნესმენს ან ფინანსურ შემომწირველს, აქვს უფლება, კენჭი იყაროს არჩევნებში.  თუმცა, მისი თქმით, ამის ტენდენციის მოტივი მდგომარეობს მინიმუმ იმაში, რომ კანდიდატები საკუთარი ჯიბიდან ახდენენ საარჩევნო ხარჯების ინვესტირებას. 

„რაც უფრო მეტად საყურადღებოა,  ეს თანხები კონტროლის მიღმა რჩება და ბუნებრივია, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ თუ ფარულად ატარებს მოსყიდვის და კურუფციის ხასიათს. შედეგები არის ძალიან ნეგატიური, რადგან ბიზნესმენი ყოველთვის ფიქრობს, რომ ნებისმიერი ინსვეტიცია, რაღაც ეტაპის შემდეგ, უნდა იქნეს ამოღებული. ის ახდენს ინვესტირებას პოლიტიკაში და პოლიტიკოსის სავარძლიდან  ხდება საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ლობირება.  საქართველოში უახლესი ისტორიის განმავლობაში პოლიტიკოსი ბიზნესმენების მთელი კასტა შეიქმნა. ეს ადამიანები ემსახურებიან ნებისმიერ ხელისუფლებას, პარტიიდან პარტიაში გადადიან და შემდეგ ვხედავთ, როგორ იგებენ ტენდერებში  მათი კომპანიები და როგორ იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს საკუთარი ბიზნესის გაფართოებისთვის“, - აღნიშნავს HUMANRIGHTS.GE-სთან საუბრისას, გია ხუხაშვილი.  

სტატიაში გამოყენებული წყაროები:
სტატია დაიწერა პროექტის - „2020 წლის საპარლამენტო მონიტორინგი საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.


ახალი ამბები