კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საოკუპაციო რეჟიმის გავლენა წინასაარჩევნო პროცესზე

30 სექტემბერი, 2020
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია შიდა ქართლის რეგიონში ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიდის, მაგრამ ამ სიმშვიდეს საოკუპაციო რეჟიმი არღვევს.  ამ დროისთვის რეგიონში მცოცავი ოკუპაციის სამი აქტიური ზონაა: ყარაფილა, ნიქოზი და ატოცი. ამ სოფლებთან საოკუპაციო ფორმირებები უკანონო ბორდერიზაციას ანახლებენ. 

მცოცავი ოკუპაციის პროტესტს საქართველოს მოქალაქეების, ზაზა გახელაძის და გენადი ბესტაევის გათავისუფლების მოთხოვნაც ემატება, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა, ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში კიდევ ერთი გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა.​

რა გავლენას ახდენს მცოცავი ოკუპაცია და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის ფატორი საარჩევნო პროცესზე, humanrights.ge პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა.

„რუსეთი თავისი აგრესიით და სხვა ხერხებით ცდილობს, გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე. ოკუპანტები კიდევ უფრო ამკაცრებენ საოკუპაციო ხაზის კონტროლს და ამ გზით მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს უზღუდავენ საარჩევნო უფლებას. კიდევ უფრო სასტიკად ართმევენ საარჩევნო ხმის უფლებას იმ ადამიანებს, რომლებიც გატაცებულები ჰყავთ. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეები ნიჰილისტურად არიან განწყობილი, თავს დაუცველად გრძნობენ, რადგან ვერც დღევანდელმა და ვერც წინა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა მათი პრობლემები. საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების პრობლემების მოგვარების ხედვას  აუცილებლად დავაყენებთ ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში“, - ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლიზი ყაზიშვილი.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად მიდიან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელებში, ასევე გატაცებული მოქალაქეების ოჯახის წევრებს ხვდებიან და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ამ დროს, სახელისუფლებო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიას მშვიდ ვითარებაში აგრძელებს, ისე, რომ არც საოკუპაციო ხაზთან მდებარე იმ სოფლებში ჩასულა, სადაც ოკუპაცია აქტიურია და არც გატაცებულის ოჯახის წევრებს შეხვედრია. 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი ხოჯევანიშვილი, წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, ხელისუფლების მთავარ მიღწევად მშვიდობას ასახელებს. „დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავრი მონაპოვარი არის მშვიდობა“, - ამბობს ხოჯევანიშვილი სოფლებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრების დროს.

მმართველი პარტიის კანდიდატისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიების კანდიდატები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლბში გადაადგილებაზე პრობლემა ექმნებათ. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი, ბადრი ბასიშვილი ამბობს, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება არათანაბარ პირობებში უწევთ.

„ხელისუფლება ხელოვნურ ბარიერებს გვიქმნის წინასაარჩევნოდ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლაზე და საარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე პრობლემებს გვიქმნიან. 2 საათი სოფელ ნიქოზში არ უშვებდნენ ჩემი შტაბის წევრებს. ასევე, სააგიტაციო მასალა არ შეატანინეს სოფელ ხურვალეთში. მიზეზად გვეუბნებოდნენ - შეათანხმეთ შსს-ს ანალიტიკურ დეპარტამენტთანო. არადა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები უპრობლემოდ შედიან. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ერთგვარ შიშს ამკვიდრებს ხელისუფლება და მოსახლეობა პრობლემების საჯაროდ გაჟღერებას ერიდება. ოპოზიციის მსგავსად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლაზე პრობლემები ექმნებათ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებსაც“, - აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაპუნა კობერიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ოპოზიციის წარმომადგენლების შეზღუდვებს კონკრეტული მიზანი აქვს. კობერიძის აზრით, პირველი არის ის, რომ მოსახლეობა ოპოზიციის საარჩევნო პროგრამას ვერ გაეცნოს და არ მოხდეს იმ პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა რომლის მოგვარებასაც 8 წლის განმავლობაში ვერ გაართვა თავი ხელისუფლებამ.

„საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა ხელისუფლებამ მარტო დატოვა ყოველდღიურ პრობლემებთან რასაც უსაფრთხოების ზომების არარსებობაც ემატება. ჩვენ გვაქვს, გეგმა, რომ გამოცახადეს განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები და ასევე საოკუპაციო ხაზთან მოხდეს კამერების დამონტაჟება, ასე უფრო დაცული იქნება მოსახლეობა ოკუპანტებსიგან და ისინიც მოერიდებიან იმ პროვოკაციებს რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზთან დაკავებების და გამყოფი ხაზის გადმოწევის მიმართულებით“, - აცხადებს პაპუნა კობერიძე.

humanrights.ge მართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგი ხოჯევანიშვილის პოზიციით და ოპონეტების განცხადებებზე, მისი საპასუხო კომენტარითაც დაინტერესდა, მაგრამ მან ამ საკითხებზე საუბარს თავი აარიდა.

სტატია დაიწერა პროექტის - „2020 წლის საპარლამენტო მონიტორინგი საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.
 

ახალი ამბები