კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მოქალაქე შეუსაბამოდ გაზრდილ სესხს აღარ გადაიხდის

2 ოქტომბერი, 2020
 
მანანა ვარდიაშვილი

კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობით დაზარალებულ მოქალაქეებს კომერციულმა ბანკებმა მთავრობის რეკომენდაციით სესხების სამთვიანი გადავადება შესთავაზეს. ამ შეთავაზებით ბევრმა ისარგებლა. თუმცა, კომერციული ბანკების მიერ სესხებზე დაწესებული საშეღავათო პერიოდი ბევრი ადამიანისთვის რეალურად სულაც არ აღმოჩნდა შეღავათი. მათ შორის არის თბილისში მცხოვრები ნ.ყ.-ც, რომელსაც ლიბერთი ბანკის მიერ შეთავაზებული რესტრუქტურიზაციის სქემით სესხის საერთო თანხაც და ვადაც გათვალისწინებულზე ბევრად მეტად გაეზარდა. ნ.ყ-ს პრობლემის მოგვარებაში ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) დაეხმარა.  

ნ. ყ.-მ ლიბერთი ბანკიდან 11 000 ლარის ოდენობის 6-წლიანი იპოთეკური სესხი 2019 წლის ივნისში გამოიტანა. სესხის დასაფარად მას ყოველთვიურად ბანკში 228 ლარი შეჰქონდა. ამ თანხაში შედიოდა სესხის პროცენტიც. გრაფიკით, რომელიც ნ.ყ.-ს ბანკში შეუდგინეს, სესხის დაფარვა 2025 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. 

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პრევენცის მიზნით შემოღებული რეგულაციების გამო უამრავი ბიზნესი გაჩერდა და დაიხურა, ნ. ყ. უმუშევარი დარჩა. ამიტომ, როცა ბანკმა სესხის სამთვიანი გადავადება შესთავაზა, ბევრი არ უფიქრია: ბანკის შეთავაზებას უყოყმანოდ დათანხმდა. 

მოგვიანებით, მას, როგორც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ მოქალაქეთა ბაზაში მყოფ ადამიანს (ნ. ყ. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დაწესებულ 200-ლარიან კომპენსაციას იღებს) სესხი კიდევ 2 თვით გადაუვადეს. 

„ცხადია, ვიცოდი, რომ სესხი გამიძვირდებოდა, მაგრამ როცა ბანკში ამონაწერი მოვითხოვე, თვალებს არ დავუჯერე“, - ამბობს ნინო, - „სესხი, რომლის გადახდაც 2025 წელს უნდა დამესრულებინა, 2027 წელს მიმთავრდებოდა. ამის გამო დამატებით კიდევ 3088 ლარი უნდა გადამეხადა. საკრედიტო ოფიცერს ვუთხარი, რომ რაღაც შეცდომა იყო. გადათვალეს, იანგარიშეს და მითხრეს, ვერაფრით დაგეხმარებით, სისტემა ასე ადგენს ახალ გრაფიკსო. იძულებული გავხდი, ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის მომემართა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში, კოვიდპანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაციებს უწევს და საჭიროების შემთხვევაში მათ ადვოკატირებითაც ეხმარება. 

ნ.ყ-ის საქმე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ლომიძემ შეისწავლა. 

„პანდემიამდე ნ. ყ-ის  ყოველთვიური შესატანი თანხა იყო 228 ლარი და 18 თეთრი. 5 თვეში მას 1140 ლარი და 90 თეთრი უნდა გადეხადა.  იმ წესებით, რომლის მიხედვითაც სესხის გადავადება ხდებოდა, ნ.ყ-ის სესხის ვადა 5 თვით უნდა გაზრდილიყო და საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული 1140.90 ლარი სესხის მთელ დარჩენილ ვადაზე გადანაწილებულიყო. თუმცა, ბანკის მიერ შედგენილი ახალი გრაფიკით, სესხი 3088 ლარით გაძვირდა, მისი ხანგრძლივობა კი კიდევ სამი წლით გაიზარდა. რაც ყველაზე უცნაურია, გაიზარდა ძირი თანხაც“, - ამბობს ეკა ლომიძე. 

ეკა ლომიძემ შუამდგომლობით მიმართა ლიბერთი ბანკის გენერალურ დირექტორსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს, რითიც ნ.ყ-სთვის შეუსაბამოდ გაზრდილი  სესხისა და სასესხო პერიოდის შემცირება, ასევე მისთვის სესხის გადახდის ახალი გრაფიკის შედგენა მოითხოვა.

ლიბერთი ბანკმა ადამიანის უფლებათა ცენტრის შუამდგომლობა განიხილა და ნ.ყ-ს ზედმეტად დარიცხული 3088 ლარიდან 2000 ლარი ჩამოაჭრა. გარდა ამისა, მას სესხის გადახდის ახალი გრაფიკი შეუდგინეს. ამ გრაფიკის თანახმად, ნ. ყ-ს სესხის ხანგრძლივობა, რომელიც აქამდე 3 წლით იყო გაზრდილი, მხოლოდ 5 თვით გახანგრძლივდა. 

საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს  მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 1 ივლისიდან 20 სექტემბრამდე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე 213 ადამიანს გაუწია იურიდიული კონსულტაცია, აქედან 18 უფლებადარღვეული ადამიანის თაობაზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს მიმართა, 3 საქმეზე კი სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

ახალი ამბები