კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი არკვევს, როგორ დარეგისტრირდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ბინაში მისთვის უცნობი პირი

26 ოქტომბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია არჩევნების წინა პერიოდში საკუთრებაში მესაკუთრისგან უნებართვო რეგისტრაციის არაერთი ფაქტის გამო და მოუწოდებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს, შეისწავლოს ეს პრობლემა. მესაკუთრეებს დეტალურად უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, ვის მიერ, როდის და რა საფუძვლით არეგისტრირებს სააგენტო მათ საკუთრებაში უცნობ პირებს.   

ერთ-ერთი ყველაზე საილუსტრაციო მაგალითია უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის შემთხვევა, როდესაც მან ცესკოს ამომრჩველთა ერთიანი სიის გაცნობისას აღმოაჩინა, რომ მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში,  ოჯახის წევრებთან ერთად, რეგისტრირებული  იყო მისთვის უცნობი პირი - მ.რ. 

კონსტანტინე კუბლაშვილმა მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თხოვნით, გაერკვიათ, როგორ მოხდა მესაკუთრისათვის უცნობი პირის რეგისტრაცია და გაეუქმებინათ რეგისტრაცია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ნაცვლად იმისა, რომ შეესწავლათ, რის საფუძველზე განხორციელდა რეგისტრაცია, მესაკუთრეს სთხოვეს, შეევსო ფიზიკური პირის განცხადების ფორმა მისამართზე პირის/პირების 6 თვეზე მეტი ვადით არცხოვრების გამო რეგისტაციიდან მოხსნის თაობაზე.  ამ ფორმის 6-ე პუნქტი ითვალისწინებს რეგისტრაციის გაუქმებას, თუკი განცხადებაში აღნიშნული პირები აღარ ცხოვრობენ მისამართზე 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს  პასუხის თანახმად, კონსტანტინე კუბლაშვილის ბინაში რ.მ.-ს რეგისტრაცია გაუქმდა. თუმცა, სააგენტოს წერილში არ არის აღნიშნული, თავის დროზე რის საფუძველზე დარეგისტრირდა პირი მისამართზე, რომელსაც იქ არ უცხოვრია. არც ის არის ცნობილი, დაიწყო თუ არა ადმინისტრაციული წარმოება მესაკუთრის შეტყობინების შემდეგ. 

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ გაურკვეველ ვითარებაში რეგისტრირებული პირი სრულიად უცნობია უძრავი ქონების მესაკუთრისათვის და მას არც ერთი დღე არ უცხოვრია მისამართზე. 

საქართველოს კანონმდებლობით, რეგისტრაციისათვის, სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთ დოკუმენტს:
  • საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობას;

ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატულ წერილობით დადასტურებას,  რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.

ბოლო შემთხვევაში, ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი (მოწმე) ვალდებულია, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წინაშე გადაწეროს გაფრთხილების ტექსტი, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის თაობაზე და შემდეგ მოაწეროს ხელი ახსნა-განმარტებას.

მესაკუთრეების თანხმობის გარეშე საცხოვრებელ ბინებში უცნობ პირებს სააგენტო სავარაუდოდ კანონის იმ მოთხოვნით არეგისტრირებს, რითაც შესაძლებელია ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ წერილობით დადასტურება, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ კანონის ამ ჩანაწერის გამო, მესაკუთრეებისგან დაუკითხავად იმატა საცხოვრებელ ბინებში მესაკუთრეთა ინფორმირების გარეშე მათთვის უცნობი მოქალაქეების რეგისტრაციის ფაქტებმა. ასეთი შემთხვევები ვლინდება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ბინაზე საარჩევნო კომისიებიდან მიდის მოსაწვევები ან მოქალაქეები ეცნობიან ამომრჩეველთა ერთიანი საარჩევნო სიების ბაზას. შესაბამისად, მესაკუთრეებს, რომლებიც ამავე დროს, არიან ამომრჩევლები, უჩნდებათ განცდა, რომ მსგავსი შემთხვევები არჩევნებს უკავშირდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები