კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით 200-ლარიან დახმარებას 4 არასრულწლოვანი მიიღებს

27 ოქტომბერი, 2020
 
მანანა ვარდიაშვილი

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად, 200 ლარით დაეხმარა. 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge მარტივი ფორმა უნდა შეევსოთ. პორტალზე რეგისტრაცია 15 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, მათთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, ვებგვერდზე ბავშვის დარეგისტრირება ბევრმა მშობელმა ვერ შეძლო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს, ანა ჩაფიძეს კუთვნილი ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარების მიღებაში სამართლებრივი დახმარების თხოვნით ოთხმა მშობელმა მიმართა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში, კოვიდპანდემიით დაზარალებულ მოქალაქეებს უფასო იურიდიული კონსულტაციებს უწევს და საჭიროების შემთხვევაში მათ ადვოკატირებითაც ეხმარება. 

ამჯერად ცენტრს დახმარებისთვის სენაკში, სამტრედიასა და აბაშაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიმართეს.

სენაკში მცხოვრებ ფატიმა წ.-ს სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. მან ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge ორი არასრულწლოვანი შვილი დაარეგისტრირა, მესამე შვილის დარეგისტრირება კი ვეღარ შეძლო. 

სამი შვილიდან ერთ-ერთი ვერ დაარეგისტრირა ვერც სენაკში მცხოვრებმა ნატალია წ.-მ. 

„ვერცერთმა ვერ დაადგინა, რა იყო ის ხარვეზი, რის გამოც ისინი ბავშვების დარეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ. საიტზე არ აიტვირთა ბავშვების პირადობის მოწმობა, სისტემა კი ხარვეზს არ უთითებდა. მიზეზის დასადგენად ორივე მშობელი მივიდა სენაკის სოციალური დახმარების სააგენტოში, სადაც უთხრეს, რომ რეგისტრაციის პროცესში არსებული შეფერხების კონკრეტული მიზეზის შესახებ არაფერი იცოდნენ და ბავშვის დარეგისტრირება თავიდან ეცადათ. ჩვენ განცხადებით მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, წარვადგინეთ საბუთები და პრობლემა უკვე მოგვარებულია - ორივე ბავშვი მიიღებს დახმარებას“, - ამბობს ანა ჩაფიძე. 

ანას კიდევ ორი მსგავსი საქმე აქვს. ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge ვერც აბაშაში მცხოვრები არასრულწლოვანი ზურიკო გ.-ი. და სამტრედიაში მცხოვრები ტ. ა-ე. დარეგისტრირდნენ.

„შევისწავლეთ საბუთები და ზურიკო გ.ი.-ს ვერდარეგისტრების სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ მის დაბადების მოწმობაში დედის ქალიშვილობის გვარი წერია, ამჟამად კი ის მეუღლის გვარს ატარებს. რაც შეეხება სამტრედიაში მცხოვრებ არასრულწლოვანს, ის რუსეთშია დაბადებული და დაბადების მოწმობაც იქ აქვს აღებული. სისტემაში, სავარაუდოდ, ამის გამო ვერ დარეგისტრირდა. სამართლებრივი რეაგირების თხოვნით და შესაბამისი განცხადებით უკვე მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, - ამბობს ანა ჩაფიძე. 

ანა ჩაფიძე  სისტემურ პრობლემაზეც მიუთითებს: „ეს გამოკვეთილი სისტემური პრობლემა და ხარვეზია. მთავრობის N505 დადგენილებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ევალება იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა. სოციალური მომსახურების სააგენტო კი ამ შემთხვევაში ყველაზე სუსტი რგოლია და მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ან არ ასრულებს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კვალიფიციური იურისტების დახმარების გარეშე ეს ბავშვები კუთვნილ დახმარებას ვერ მიიღებდნენ“.

ოფიციალური ინფორმაციით, 15 აგვისტოდან სექტემბრის ბოლომდე, 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე 919 000-მდე ბავშვი დარეგისტრირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200-ლარიანი კომპენსაცია უკვე დაერიცხა 882 000-მდე ბავშვს. 

უწყების ცნობით, კუთვნილი დახმარება არ მიუღია 3706 ბავშვს. ამჟამად სამინისტრო მათ მონაცემებს აზუსტებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომისია ეტაპობრივად ყველა ბავშვის საკითხს განიხილავს და 200-ლარიან კომპენსაციას ყველა მათგანი მიიღებს.

18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის პირველ დეკემბრამდე გრძელდება. 


ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში. 

ახალი ამბები