კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტიკრიზისული გეგმის ხარვეზები - ვინ და რატომ დარჩა სახელმწიფო დახმარების მიღმა

27 ოქტომბერი, 2020
 
მანანა ვარდიაშვილი

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის შემსუბუქებისთვის ანტიკრიზისული გეგმა 2020 წლის 24 აპრილს წარადგინა. ამ გეგმის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 3,5 მლრდ ლარი გამოიყო. ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული ანტიკრიზისულ გეგმა შეისწავლა და მასში არაერთი ხარვეზი გამოავლინა. 

ხარვეზიანი პროცედურა - „დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მისი ყოფილი დასაქმებული სახელმწიფოს დახმარებას“

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის მაისიდან, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური, 200-ლარიანი (ჯამში 1200 ლარი) დახმარება მისცეს იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გამო, სამსახური დაკარგეს. დახმარება მისცეს იმ ადამიანებსაც, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სამსახური 350 ათასმა მოქალაქემ დაკარგა. მათი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 460 მილიონი ლარი გამოიყო. მიუხედავად ამისა, ბევრი სამსახურდაკარგული ადამიანი დახმარების გარეშე დარჩა. 

სახელმწიფოს მიერ გაცემული 200-ლარიანი დახმარებით  ვერ ისარგებლა გორელმა ჯ. რ-მა. ის შპს „დეილის“ მაღაზიიდან 2020 წლის აპრილში გაათავისუფლეს. 

„ჯ.რ. საგანგებო მდგომარეობის დროს გაათავისუფლეს სამსახურიდან. მიუხედავად ამისა, მან დღემდე ვერ მიიღო სახელმწიფოს მიერ გაცემული 200-ლარიანი კომპენსაცია. იმისთვის, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილმა ადამიანმა დახმარება მიიღოს, მისი მონაცემები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დამსაქმებელმა უნდა გადაუგზავნოს. პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს რაიმე რეგულაცია, რომელიც დამსაქმებელს ყოფილი დასაქმებულის მონაცემების ფინანსთა სამინისტროსთვის გადაგზავნას დაავალდებულებს: დამსაქმებელი მონაცემებს თუ არ გადაგზავნის, ამის გამო მას რაიმე სახის სანქცია ან ჯარიმა არ დაეკისრება. დახმარების მიღებისთვის შემოღებული ეს პროცედურა ხარვეზიანია: ახლა დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა მისი ყოფილი დასაქმებული სახელმწიფოს დახმარებას“,  - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი, ალექსი მერებაშვილი. 

ჯ.რ-ს მონაცემების ფინანსთა სამინისტროსთვის გადაგზავნის განცხადებით შპს „დეილის“ ადამიანის უფლებათა ცენტრმაც მიმართა, მაგრამ - უშედეგოდ.  

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსაც მიმართა. ცენტრი ითხოვს, რომ სახელმწიფომ ჯ.რ-ს კუთვნილი კომპენსაცია მისცეს. განცხადებას თან ერთვის ჯ.რ-ის საბანკო ანგარიშის ამონაწერიც, სადაც ჩანს რომ 2020 წლის თებრვლიდან შპს „დეილი“ მას ხელფასს ურიცხავდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი ლაზარე ჯიბლაძე აცხადებს, რომ დამსაქმებელთა უმრავლესობა, ძირითადად - მცირე ბიზნესი, გადასახადებს მალავს. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ისინი დიდი ალბათობით, დაჯარიმდებიან. ამის გამო, ინფორმაციას, უბრალოდ, არ აწვდიან. „სახელმწიფომ ამ გადაწყვეტილებით „კუთხეში მიაყენა“ დამსაქმებელიც და დასაქმებულიც - დამსაქმებელი თავისი ნებით მონაცემებს არ აგზავნიდა, დასაქმებული კი შემოსავლების სამსახურს ხათრის, ან შიშის გამო არ მიმართავდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მეტიც, ზოგიერთმა კომპანიამ მარტში, ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის დარიცხული თანხა ხელფასად გააფორმა, რის გამოც ათასობით ადამიანს დახმარება აღარ მისცეს“, - ამბობს ლაზარე ჯიბლაძე.

200-ლარიანი დახმარება 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის  - დახმარება, რომელიც ბევრმა ბავშვმა ვერ მიიღო

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სახელმწიფომ ერთჯერადი, 200-ლარიანი დახმარება მისცა 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს.  

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში 18 წლამდე ასაკის 280 000 ბავშვია. მათი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 170 მლნ ლარი გამოიყო. 

200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge მარტივი ფორმა უნდა შეევსოთ. თუმცა, ამ პორტალზე შვილის დარეგისტრირება ბევრმა მშობელმა ვერ შეძლო. 

სენაკში მცხოვრებ ნ.წ-ს სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. მან პორტალზე ორი არასრულწლოვანი შვილი დაარეგისტრირა, მესამე ბავშვის დარეგისტრირება კი ვეღარ მოახერხა. 

„ნ. წ-მ დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა სენაკის სოციალური მომსახურების სააგენტოს, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია. ადამიანის უფლებათა ცენტრმა სამართლებრივი რეაგირებისთვის უკვე მიმართა განცხადებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს. ცენტრი ითხოვს, რომ სამინისტრო ნ. წ-ს მესამე შვილის დარეგისტრირებაში დაეხმაროს. ანალოგიური თხოვნით სხვა მოქალაქეებმაც მოგვმართეს.  ჯანდაცვის სამინისტროს პორტალის გაუმართაობის თუ ტექნიკური ხარვეზის გამო პორტალზე ბავშვის დარეგისტრირება ბევრმა მშობელმა ვერ შეძლო“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ანა ჩაფიძე.

ცენტრი ახლა პასუხს ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება. 

ფერმერები, რომლებიც შეღავათიანი დიზელის საწვავის გარეშე დარჩნენ

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობამ ყველა ფერმერს, ვისაც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი აქვს დარეგისტრირებული, დიზელის საწვავის საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით ნაკლებ ფასად შეძენა შესთავაზა. 

მთავრობამ დაადგინა საწვავის ლიმიტი: ფერმერებს ერთი ჰექტარის დასამუშავებლად მხოლოდ 150 ლიტრი დიზელის საწვავის შეძენა შეეძლოთ.

დახმარების მისაღებად მთავრობამ ფერმერებს კიდევ ერთი პირობა წაუყენა -  მიწა აუცილებლად საჯარო რეესტრში უნდა ყოფილიყო გაფორმებული. მათ, ვისაც პროგრამის გამოაცხადებისას მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული არ ჰქონდათ, დრო წლის ბოლომდე მისცეს – როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის ფერმერებიც, რომლებიც მიწის ნაკვეთს წლის ბოლომდე დაარეგისტრირებენ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იაფი დიზელის მიმწოდებელ კომპანიად Socar Georgia Petrolium შეარჩია. 

„ამ შეღავათით ბევრმა ფერმერმა ვერ ისარგებლა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე - „ვიყავით წალკაში, სადაც ფერმერმებმა გვითხრეს, რომ Socar-ის ბენზინგასამართი სადგურები მათი სოფლებიდან იმდენად შორს არის, რომ იქ წასვლას და დიზელის შეძენას აზრი აღარ ჰქონდა“.

ბარიერად იქცა მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრირების პირობაც. გლეხების უმეტესობას, როგორც წესი, ხშირად მცირე ზომის რამდენიმე ნაკვეთი აქვს. მათი აზომვითი სამუშაოები და საჯარო რეესტრში დარეგისტრირება კი გარკვეულ თანხას მოითხოვს. 

სახელმწიფო სუბსიდიებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების თაობაზე  ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულმა გეგმამ ვერ უზრუნველყო არსებული პრობლემების აღმოფხვრა და დახმარების გარეშე დატოვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ის ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავრობას რეკომენდაციებიც შესთავაზა და მოუწოდა, რომ ანტიკრიზისული გეგმის დოკუმენტის შემუშავებისას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სხვადასხვის ჯგუფის პრობლემები და საჭიროებები და ანტიკრიზისული გეგმით დასახული მიზნების ეფექტიანი რეალიზებისთვის უფრო მარტივი და მოქნილი პროცედურები შეარჩიოს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში. 

ახალი ამბები