კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის შემაჯამებელი აღწერა და შეფასება

1 ნოემბერი, 2020
 
პრესრელიზი
01.11.2020

31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს შვიდ რეგიონში დააკვირდნენ:  1. კახეთში - საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. ქვემო ქართლში - გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 3. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 4. შიდა ქართლში, გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 5-7) იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. 

არჩევნებზე ცესკოს მიერ აკრედიტებული 80 დამკვირვებლის გარდა, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას ასევე აკვირდებოდნენ და აშუქებდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის - humanrights.ge-ს ჟურნალისტები (10 ჟურნალისტი). დამკვირვებელთა და ჟურნალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდებოდა როგორც ინტერნეტგაზეთში - www.humanrights.ge, ასევე სოციალურ ქსელში - ორგანიზაციის ტვიტერის და ფეისბუკის გვერდებზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - მიეწოდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებებს და არჩევნებით დაინტერესებულ აქტორებს.

არჩევნების დღის დაკვირვების შედეგების საზოგადოებისთვის ოპერატიულად გაცნობის მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრმა 31 ოქტომბერს 3 პრესკონფერენცია ჩაატარა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით მოწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში - 12:00, 16:00 და 20:30 საათზე. ხოლო 1-ლ ნოემბერს გამართა შემაჯამებელი პრესკონფერენცია - 12:00 საათზე.

კენჭისყრის მიმდინარეობისას და დასრულებისას გამოქვეყნებული ინფორმაცია სრული სახით ხელმისაწვდომია შესაბამის პრესრელიზებში:
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრა თავდაპირველად მშვიდ და სამართლიან პირობებში დაიწყო. დილიდანვე შესამჩნევი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა და რიგები საარჩევნო უბნებთან. დღის მეორე ნახევარში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. იყო დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მცდელობაც. 

20:00 საათის შემდეგ, როდესაც საარჩევნო უბნები ამომრჩევლებისთვის დაიხურა, ბიულეტენების დათვლისას დამატებით გამოვლინდა პროცედურული სახის დარღვევები, რის გამოც კომისიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ და რამდენიმე უბანზე დიდხანს გაგრძელდა დათვლის პროცესი, ზოგან - დილამდეც.
  
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის დასრულებამდე დააკვირდნენ. დამკვირვებელთა ჯგუფების კოორდინატორებმა უზუნველყვეს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის რელევანტური საჩივრების წარდგენა საოლქო კომისიებში. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები, საჭიროების შემთხვევაში, საარჩევნო დავებს აწარმოებენ სასამართლოშიც. 

ამ დროისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები დამკვირვებელთა მიერ საარჩევნო უბნებიდან წამოღებულ შემაჯამებელ ოქმებს ადარებენ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმებს, რათა შემოწმდეს, ხომ არ ჩასწორდა ოქმები დამკვირვებლებისთვის ბეჭდით დამოწმებული ასლების გადაცემის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავს შედარებას ახდენენ სხვა კვალიფიციური და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ამ პროცესის პარალელურად, სოციალურ ქსელში ქვეყნდება შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც უხეში დარღვევებით არის შევსებული ან გადაკეთებულია მმართველი პარტიის სასარგებლოდ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ცესკოს, გაათმაგებული ყურადღებით შეისწავლოს მსგავსი შემაჯამებელი ოქმების წარმომავლობა და დარღვევების მიზეზები, ამავე დროს - კანონმდებლობის სრული დაცვით განაგრძოს ხმების დათვლა და კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნება. ცესკოს მხრიდან ამ პროცესში დაშვებული შეცდომები თუ დარღვევები სამოქალაქო საზოგადოებისა თუ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან არ დარჩება უპასუხოდ და გამოიწვევს მძაფრ პროტესტს. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია, ეს პროტესტიც არ გასცდეს მშვიდობიან ფარგლებს და არ გადაიზარდოს ძალადობრივ ექსცესებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, იმ რეგიონებში, სადაც ორგანიზაციამ მონიტორინგი განაახორციელა, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ისეთი სახის პროცედურული დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. 

გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ერთი შემთხვევა, როდესაც დარღვევის გამო, ეჭვქვეშ დადგა გადასატან ყუთში ამომრჩევლის ბიულეტენის მოთავსება და ამის გამო ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა ამ გადასატანი ყუთის მონაცემების გაუქმება საარჩევნო უბანზე. 

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე - გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის. კომისიის წევრთა თუ თავმჯდომარეთა შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს დამრღვევთა გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი - კონფლიქტები. 

ასევე, გამოვლინდა დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მრავალჯერ ნახსენები პრობლემა, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გახსნილი საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებმა არ იციან სახელმწიფო ენა - ქართული, რის გამოც ვერ ახერხებენ გამართულ კომუნიკაციას დამკვირვებლებთან და ამომრჩევლებთან.

წინა სხვა არჩევნების მსგავსად, შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდა შესწორება და საარჩევნო უბნის მიმდებარედ 25 მეტრის რადიუსში აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც ამ 25-მეტრიან რადიუსში, ისე მის გარეთ, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

არანაკლებ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა საარჩევნო სუბიექტებთან აფილირებული ე.წ. დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენელთა აქტიურობა საარცევნო უბნებზე. როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიების ნაწილი, ვისაც ამის ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვს, ცესკოში დამკვირვებელ ორგანიზაციად ან მედიაკომპანიად არეგისტრირებს თავის მხარდამჭერ ჯგუფებს, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მოქმედებენ პარტიული ინტერესების და დავალებების შესაბამისად. მსგავსი ჯგუფების აქტიურობით ხდება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო პროცესის დისკრედიტაცია. სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის, ისე სხვა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პრესრელიზებსა თუ ანგარიშებში მოხვდა ასეთი ჯგუფების ქმედებები, როგორიცაა საარჩევნო უბნებზე და უბნის მიმდებარე ტერიტორიებზე ამომრჩეველთა კონტროლი, ზეწოლა და აგიტაცია.

31 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 19 საჩივარი (აქედან 4 - საოლქო საარჩევნო კომისიაში) და 71 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. 

საჩივრები ეხებოდა ისეთ პროცედურულ დარღვევებს, როგორიცაა: მარკირების წესების დარღვევა; ამომრჩეველზე დარღვევით კონვერტების და ბიულეტენების გადაცემა, რამაც გამოიწვია არასწორად ხმის მიცემა; ნაკადის მოუწესრიგებლობა, რამაც საარრჩევნო უბანზე გამოიწვია ქაოსი; საარჩევნო უბანზე დამკვირვებლისთვის ფოტოვიდეოგადაღების შეზღუდვა; პარტიული დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა სახელების და გვარების ჩანიშვნა; 12:00 საათისთვის, რეგისტრატორების მიერ ხელმოწერების გადაუთვლელად, ამომრჩეველთა რაოდენობის განსაზღვრა;

იყო შემთხვევები, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები საჩივრების დარეგისტრირებაზე უარს აცხადებდნენ და მხოლოდ მას შემდეგ არეგისტრირებდნენ, როდესაც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები აფრთხილებდნენ, რომ ამ ქმედების გამო, შესაძლოა, დამდგარიყო მათი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი გამოწვევა იყო კენჭისყრის უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ცესკოს განცხადების მიუხედავად, რომ ამომრჩეველთა უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, მონიტორებისგან და სოციალური ქსელიდან მიღებული ინფორმაციით, გამოჩნდა, რომ დიდი პრობლემა იყო საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა რეკომენდებული დისტანციის დაცვა. რეგიონებში ბევრი უბანი მცირე ზომის სივრცეში იყო მოწყობილი და ამომრჩევლების შესვლამდეც კი, მხოლოდ კომისიის წევრები და სტატიკური დამკვირვებლები მთლიანად ავსებდნენ უბანს ისე, რომ იზრდებოდა ვირუსის გავრცელების რისკი. დიდი პრობლემა იყო, საარჩევნო უბნებზე პირბადის გარეშე გადაადგილება. აღირიცხა შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლების, კომისიის წევრების და თავმჯდომარის მოთხოვნებს ამომრჩევლები არ ემორჩილებოდნენ და არ იკეთებდნენ პირბადეს, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ სამედიცინო ცნობა სასუნთქი გზების პრობლემების შესახებ. ასეთი სახის დაბალ სამოქალაქო კულტურას ავლენდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც და უბანზე მყოფი დამკვირვებლებიც.

სერიოზული პრობლემაა თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. ცესკოს დადგენილებით, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, თუკი 26 ოქტომბრისთვის დარეგისტრირდებოდნენ. 26 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე თვითიზოლაციაში გადასულ ამომრჩევლებს კი პრაქტიკულად არჩევნებში ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება წაერთვათ. 


* * *

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების პროექტები მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესის დაკვირვებას.

პროექტების მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და  შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის  გამჭვირვალობას. 

წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. ანგარიშში ასახული იქნება რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისი უწყებების მიმართ. 


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროექტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და შავი ზღვის ფონდი - რეგიონული თანამშრომლობისთვის მხარდაჭერით. 


ადამიანის უფლებათა ცენტრი


ახალი ამბები