კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა მელიას მიმართ სამართალწარმოების დაწყება არაკანონიერია

3 ნოემბერი, 2020
 
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.

2020 წლის 1-ლ ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქციაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას ელექტრონული სამაჯური მოიხსნა, გადააგდო და აღნიშნა, რომ მის ტარებას აღარ აპირებდა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის წევრს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ სახედ, 2019 წლის 2 ივლისის განჩინებით, პროკურატურას ნიკა მელიას გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოება დაავალა, სპეციალური სამაჯურის დამაგრებით. 

2020 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის - გადაადგილებაზე ელექტრონული მონიტორინგის წარმოების მიზნით, სამაჯურის მოხსნის გამო, სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. კერძოდ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს - 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს. 

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ნიკა მელიას წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოება, სულ მცირე - ორი მიმართულებით სამართლებრივად პრობლემური და უსაფუძვლოა. კერძოდ: 

1. საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიები. ამავე კოდექსის 122-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,  საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. შესაბამისად, ნიკა მელიას, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართ სამართალწარმოების დაწყება - არაკანონიერია. ამასთან, ცესკოს განკარგულებას ზემოთ მითითებულ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, რაც პროკურატურის მხრიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კანონის ეს მოთხოვნაც უგულებელყოფილია. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიმართ, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის და მოთხოვნების დაცვის გარეშე სამართალწარმოების დაწყება, არაკანონიერია.

2. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, უკვე არსებული 30 000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, გირაოს - 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს. დანაშაულზე წასწრებისა და ცესკოს თანხმობის არსებობის შემთხვევაში, პროკურატურას არა უკვე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახის - გირაოს, არამედ უფრო მკაცრი ღონისძიების ვალდებულება აქვს, ვინაიდან  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200  მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. აქედან გამომდინარე, გენერალურ პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიულ სახედ, არა ღონისძიების იმავე სახის - გირაოს - 100 000 ლარის ოდენობით შეფარდება უნდა მოეთხოვა, არამედ - პატიმრობა, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლით. აღნიშნულს კი ვერ განახორციელებს, სწორედ ზემოთ განხილული საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობის გარანტიებს.

შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 122-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნიკა მელიას მიმართ დაწყებული სამართალწარმოება სამართლებრივად უსაფუძვლო და არაკანონიერია. 


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები