კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ თოდუას სასამართლო სხდომას დააკვირდა

12 ნოემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი დააკვირდა მუსიკოსის და დიჯეის, მიხეილ თოდუას (მიხაილოს) სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

მიხეილ თოდუას საპატიმროში დაბრუნება დაემუქრა მას შემდეგ, რაც 17 ოქტომბერს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ პარტიულ ღონისძიებაზე ღამის 22:00 საათზე დაუკრა და ეს თბილისის პრობაციის ბიურომ შინაპატიმრობის პირობების დარღვევად ჩაუთვალა. 

11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა თბილისის პრობაციის ბიუროს წარდგინება, მიხეილ თოდუას მიმართ გამოყენებული შინაპატიმრობის გაუქმებისა და საპატიმრო სასჯელის გამოყენების თაობაზე.

7 წლის წინ - 2013 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, მიხეილ თოდუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედებოდა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ - კლუბური ნარკოტიკის შეძენა, შენახვა და მოხმარება. 2019 წლის 11 ოქტომბერს, მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა შეეცვალა შინაპატიმრობით, 2 წლისა და 11 თვის ვადით. მას დაევალა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნა 21:00 საათიდან 08:00 საათამდე. 

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე პრობაციის ბიუროს წარმომადგენელმა აღნიშნა, მიხეილ თოდუამ 2020 წლის 13 ოქტომბერს, 21:00 საათის შემდეგ დატოვა საცხოვრებელი ადგილი და დაბრუნდა 14 ოქტომბერს დილით 08:00 საათის შემდეგ. ანალოგიურად, 2020 წლის 17 ოქტომბერს, 21:00 საათის შემდგომ დატოვა საცხოვრებელი ადგილი და დაბრუნდა 18 ოქტომბერს დილით, 08:00 საათის შემდეგ. 

მსგავსი შემთხვევები სხვა დროს მიხეილ თოდუას საპატიოდ ეთვლებოდა. პრობაციის ბიურომ ბოლოდროინდელი ფაქტების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ოქტომბერს მიმართა წარდგინებით, მიხეილ თოდუას წინააღმდეგ გამოყენებული შინაპატიმრობის გაუქმებისა და სასჯელი სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, პრობაციის სამსახურის მიერ საქალაქო სასამართლოში შეტანილი წარდგინება, ობიექტურ დამკვირვებელს უჩენს საფუძვლიან ეჭვს სავარაუდო პოლიტიკური მოტივების არსებობის შესახებ, რადგან მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა შინაპატიმრობით შეეცვალა, ყოველ სამუშაო დღეს (პროფესიიდან გამომდინარე, ღამის საათებისთვის ნებართვის მისაღებად) პრობაციის ოფიცერს უკავშირდებოდა და სამუშაო ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. მიხეილ თოდუას ეს მოქმედება ყოველთვის საპატიოდ ითვლებოდა, ვიდრე 13, 14 და 17 ოქტომბერს პარტია „გირჩის“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე შეასრულებდა პროფესიულ სამუშაოს. ამ ფაქტის შესახებაც პრობაციის ბიუროს წარმომადგენელი ინფორმირებული იყო და მსჯავრდებულსაც განუმარტა, რომ გასვლა დარღვევად არ ჩაეთვლებოდა შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თუმცა, საბოლოოდ, პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულს ბოლო ორი შემთხვევა საპატიოდ მაინც არ ჩაუთვალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, პრობაციის ბიუროს წარდგინება თავისუფლების აღკვეთის სასაჯელის სახედ გამოყენებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. მოსამართლის განმარტებით, მან არ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა მიხეილ თოდუას მიმართ, ვინაიდან იგი კეთილსინდისიერად იქცეოდა როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, ასევე მისი დატოვების შემდგომ. თუმცა, მოსამართლემ დააკმაყოფილა პრობაციის ბიუროს ალტერნატიული მოთხოვნა, რომლის თანახმად, მიხეილ თოდუას დაეკისრა შინყოფნის ვალდებულება 19:00 საათიდან 08:00 საათამდე, ნაცვლად 21:00-08:00 საათისა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანი და დასაბუთებულია იმ ნაწილში, რითაც პრობაციის სამსახურის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი წარდგინება არ დაკმაყოფილდა, მიხეილ თოდუას პიროვნებისა და კეთილსინდისიერი ქცევის საფუძველზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ თოდუას სასამართლო სხდომას საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დააკვირდა. ამ პროცესის გარდა მონიტორინგი ეხება კიდევ 21 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეს. 

პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED)

ახალი ამბები