კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ივლისი - ოქტომბერი, 2020 წელი)

14 ნოემბერი, 2020
 
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 10000 ევროს გადახდა დააკისრა

2020 წლის 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, დასრულდა საქმის - „ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვა. განმცხადებლის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.  სასამართლომ საქმეზე კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილისა და მე-6(1) მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

საქმე ეხებოდა 2009 წელს მომხდარ ფაქტს, როდესაც უკრაინის მოქალაქე ო. ბოხონკოს დაკავებისა და ნივთმტკიცების მოპოვების დროს სამართალდამცავებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებები. მათ მოწმეებისა და ექსპერტის დასწრების გარეშე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მეთოდით გაჩხრიკეს ო. ბოხონკო. 

ბოხონკოს დაკავება და მის მიმართ განხორციელებული ღირსების შემლახავი საგამოძიებო ღონისძიებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთ შენობაში განხორციელდა. ჩხრეკის შედეგად, პოლიციელებმა, მათივე მტკიცებით, ამოიღეს, პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი.“

მურად წურწუმიას საქმეში ბრალდებულებს 10 და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ

29 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მურად წურწუმიას საქმის განხილვა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო მათთვის წაყენებულ ყველა ბრალდებაში და შესაბამისად, ზ.ფ.-ს - 10, ხოლო ვ.ბ.-ს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალი წარდგენილი ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით და 143-ე მუხლის მეორე ნაწილის გ და მესამე ნაწილის ა პუნქტებით, რაც, შესაბამისად, გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფის მიერ. 

2020 წლის 2 იანვარს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, ავტომობილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ზ.ფ.-მ და მისმა თანმხლებმა პირმა, ვ.ბ.-მ  24 წლის მურად წურწუმია სიკვდილამდე სცემეს. ბრალდებულებმა, ასევე, სცემეს მოკლულის ძმა, მუხრან ჩხვირკია, რომელმაც ადგილიდან გაქცევა შეძლო.

6 იანვარს მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ გარდაცვლილის დედა, და ასევე დაზარალებულად მუხრან ჩხვირკია ცნო.  მურად წურწუმიას ოჯახის სამართლებრივი ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ვ.ბ. ორჯერ გამოკითხეს, მას არ აკავებდნენ და ხელწერილით იყო გათავისუფლებული. 8 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნის შედეგად ვ.ბ.-ც დააკავეს. 
 
არასრულწლოვანი გოგონას გატაცებაში ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

6 აგვისტოს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა 2020 წლის 5 თებერვალს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გატაცებული არასრულწლოვანი გოგონას საქმის განხილვა და განაჩენი გამოაცხადა. დაზარალებული არასრულწლოვნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლია ხუროშვილი იცავდა. 

საქმეში სამი ბრალდებული ფიგურირებს. ბრალდებულ რ.ქ.-ს მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის  143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ბრალდებულ ვ.ქ.-ს 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე   მუხლის მესამე ნაწილის  საფუძველზე შეუმცირდა  ერთი მეოთხედით და დარჩა ხუთი წელი და სამი თვე. მასვე სსკ-ის კიდევ ერთი მუხლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ეს სასჯელი მას ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ ორივე მუხლით განსაზღვრული დანაშაულისათვის შვიდი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. ვ.მ.-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლით 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ პუნქტებით, რაც შეუმცირდა ერთი მეოთხედით და დარჩა 4 წელი და რვა თვე. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე სოფლიდან 5 თებერვალს, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით ჯგუფურად მოიტაცეს.

გორის რაიონულმა სასამართლომ 7 მოქალაქეს 3000-ლარიანი ჯარიმა გაუუქმა

2 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის თანახმად, 7 მოქალაქისთვის დაკისრებული 3000-ლარიანი ჯარიმა, ჯამში - 21 000 ლარი, გააუქმა.

2020 წლის 21 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მიმართეს გორში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: თ.მ.-მ, ი.ხ.-მ, ხ.ს.-მ, ე.ფ.-მ, თ.ა.-მ, უ.ს.-მ და მ.ფ.-მ. მათი განცხადებით, მიმდინარე წლის 17 აპრილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისინი პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ დადგენილი დისტანციის დაუცველობის გამო დააჯარიმეს. მოქალაქეები ჯარიმას მიიჩნევდნენ უკანონოდ, ამტკიცებდნენ, რომ ერთად განზრახ არ შეკრებილან და მათ შორის დისტანცია იყო დაცული. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიჩნიეს, რომ ისინი ერთად იმყოფებოდნენ და შვიდი 3000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გამოწერეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა და შსს-ის  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გაუქმება მოითხოვა. გორის რაიონულმა სასამართლომ HRC-ის ადმინისტრაციული საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. 

გორის რაიონულმა სასამართლომ გ.ა.-ს მიმართ შეფარდებული სახდელი - 200 ლარი გააუქმა
 
2020 წლის 30 სექტემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა გ.ა.-ს საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ 200-ლარიანი საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობას, რითაც მას საპატრულო პოლიცია ედავებოდა აკრძალულ მონაკვეთზე მანქანის მობრუნებას. ჯარიმა გ.ა-მ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა, რაზეც უარი მიიღო. სასამართლომ ბათილად ცნო შსს-ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის დადგენილება, რითაც უარი ეთქვა გ.ა.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის არგუმენტაცია, რომელიც იცავდა გ.ა.-ს ინტერესებს სასამართლოში და აქტების ბათილობასთან ერთად, გაათავისუფლა გ.ა. დაკისრებული სახდელის 200 ლარის გადახდისაგან. 

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე განაჩენი უცვლელი დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე ბრალდებულის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ა, საქმეზე ბრალდებულ მ.კ.-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა 25 თებერვალს მიუსაჯა. იგი დამნაშავედაა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.

სარალიძის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. 
 
სასამართლომ ხაშურის მერის ბრძანება ბათილად ცნო

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ქარელის მერის ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ბათილად ცნო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისი მოქალაქე ვ.ბ-ს ინტერესებს იცავდა 2019 წლის აგვისტოდან. მისი განცხადებით ის მუშაობდა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამსახურის უფროსის პოზიციაზე. 2019 წლის 19 ივლისს შესვენებიდან ბრუნდებოდა სამსახურში, რა დროსაც ავტომანქანის გაუმართაობის გამო სამსახურში მისვლა დააგვიანდა 5-6 წუთით. მიუხედავად იმისა, რომ მან აღნიშნულზე წერილობით აცნობა მერს, მის მიმართ მაინც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და 31 ივლისს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განესაზღვრა საყვედური. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დახმარებით მან ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. 2020 წლის 15 ივლისს სასამართლომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. 

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის აკადემიის რექტორის მიერ მოქალაქისთვის  დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა გააუქმა

2020 წლის 25 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს გორში მცხოვრებმა ხ.წ.-მ მიმართა.  მისი განმარტებით, 2019 წლის 5 ნოემბერს, სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის უკანონო და დაუსაბუთებელი ბრძანებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „საყვედური“ დაეკისრა. მან ეს ბრძანება 2019 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან გაასაჩივრა, მაგრამ პასუხი საჩივარზე არ მიუღია. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ხ.წ.-ს იურიდიული კონსულტაცია  გაუწია, რის შედეგადაც თავდაცვის მინისტრის სახელზე განცხადება შედგა. მოთხოვნილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების მასალების ასლებისა და მინისტრის მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ გადმოცემა. განცხადების საფუძველზე თავდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება მოქალაქე ხ.წ.-ს მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმების შესახებ.

სხვადასხვა:
  • 2020 წლის ივლისის თვეში უზენაესმა  სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის საკასაციო შესაგებელი სარჩელი და ძალაში დატოვა სააპელაციო  სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რითიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს გ.ჯ.-ის, როგორც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის სასარგებლოდ, 25 000 ლარის გადახდა დააკისრა, მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.
  • არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტომ აღასრულა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და 2020 წლის ოქტომბრის თვეში სამუშაო ადგილზე აღადგინა ე.მ. 2020 წლის მაისის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შესაგებელი სარჩელი და ე.მ.-ის საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება: ე.მ.-ს სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება. 
  • არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა. 2020 წლის მაისის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის შესაგებელი სარჩელი და ე.მ.-ის საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ე.მ.-ს სამსახურში აღდგენა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებით განაცდურის სახით სახელფასო დავალიანების სრულად ანაზღაურება. 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის დახმარებით 3 მოქალაქეს, ვ.ძ.-ს, დ.რ.-ს და მ.ა.-ს დაენიშნა მხარდამჭერი.
  • ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის იურისტისა და მოსარჩელის ადვოკატის შუამდგომლობით,  გ.შ.-სა და გ.ჯ.-ის შორის მიმდინარე ქონებრივი დავა წარმატებით, მხარეებს შორის მორიგებით დასრულდა. 
  • ახალციხის რაიონულმა პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფ ნ.მ.-ს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ოქტომბრის თვეშივე  ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარების შედეგად ახალციხის რაიონულმა  პროკურატურამ ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმეზე ნ.მ.-ს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2019 წლის 17 დეკემბერს ძალაში დატოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა ლ.ტ.-ს სარჩელი საჯარო რეესტრისა და მესამე პირის ა. ჩ-ს მიმართ. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2020 წლის  29 ივლისის განჩინებით, დაუშვებლად ცნო  კასატორის, ა.ჩ.-ს საკასაციო საჩივარი, რომლითაც ეს უკანასკნელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებას ითხოვდა.
  • ოქტომბრის თვეში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის სამართლებრივი დახმარების შედეგად ო. ც.-მ  კომპენსაციის სახით საქართველოს გენერალურ პროკურატურისგან  18 000 ლარი მიიღო. სასამართლოებმა დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და  ო. ც.ს სასარგებლოდ საქართველოს გენერალურ პროკურატურას  18 000 ლარის გადახდა დააკისრა უკანონო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.  
 



ახალი ამბები