კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დახმარება ბანკებმა წაიღეს

16 ნოემბერი, 2020
 
მანანა ვარდიაშვილი

ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას ითვალისწინებს,  საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 24 აპრილს წარმოადგინა - მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალი კორონავირუსის ე. წ. პირველმა ტალღამ გადაუარა. ამ გეგმის მიხედვით, რომლის გახორციელებაზე საქართველოს მთავრობამ 3,5 მლრდ ლარი დახარჯა, დახმარება უნდა მიეღოთ სამსახურის გარეშე დარჩენილ თვითდასაქმებულებს, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, სოციალურად დაუცველებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების სამართლებრივი დახმარების პრაქტიკიდან ირკვევა, რომ მოსახლეობის სოციალური საჭიროებებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი ადრესატამდე ვერ მივიდა. 

სერიოზული პრობლემის სახით შეიძლება გამოიყოს შემთხვევები, როდესაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილს ბანკებმა დარიცხული დახმარება ვალში გაუქვითა. მათ შორის არის ლანჩხუთში მცხოვრები მარინა კ.-ძეც. მან კუთვნილი დახმარების მიღების თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. 

მარინა კ. სოციალურად დაუცველია. ამავე დროს უვლის ძმას, რომელიც შშმ პირია. 2020 წლის 24 აპრილს დაანონსებული ანტიკრიზისული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მას და მის ძმას სახელმწიფომ კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად 6-თვიანი დახმარება გამოუყო - თვეში 90 ლარის ოდენობით. 

დახმარების თანხის ჩარიცხვა 2020 წლის ივნისიდან დაიწყო. მარინას ფული „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე ერიცხებოდა. თუმცა, სახელმწიფოს მიერ მიცემული 540 ლარიდან  მარინამ ვერცერთი თეთრი ვერ მიიღო - მთელი ფული ვალში „ლიბერთი ბანკმა“ წაიღო.  

„საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის დახმარების ოდენობას და მისი გაცემის წესს განსაზღვრავს, განმარტებულია, რომ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარება არ ექვემდებარება ყადაღას და „საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს“. ასეთი ღონისძიებაა სწორედ საბანკო ვალის ჩამოჭრა. „ლიბერთი ბანკმა“ სწორედ ეს განმარტება არ გაითვალისწინა და სოციალურად დაუცველ ადამიანს მთელი მიზნობრივი სოციალური დახმარება ჩამოაჭრა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე. 

„ლიბერთი ბანკის“ პასუხი

როგორც „ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, მარინა კ.-მ 2017 წლის 28 მარტს ბანკიდან 4-წლიანი სესხი გამოიტანა. ეს საპენსიო სესხი იყო - მან ავანსის სახით, წინმსწრებად  ბანკიდან 2443 ლარი გამოიტანა. სესხის საპროცენტო განაკვეთი 41,49 პროცენტია. სესხის დასაფარად მარინას ბანკში ყოველთვიურად  90 ლარი უნდა შეეტანა. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მარინამ 2019 წლის თებერვლიდან სესხის დაფარვა ვეღარ შეძლო. 

როგორც „ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, მათ  მარინასთვის ჩარიცხული მიზნობრივი სოციალური დახმარების ჩამოჭრის სრული უფლება ჰქონდათ. ბანკი სესხის აღების დროს მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტს იშველიებს, სადაც აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მას (მომხამრებელს) სესხის დაფარვისას რაიმე პრობლემა შეექმნება, თანახმაა, რომ „უაქცეპტოდ ჩამოეწეროს“ თანხა მის ანგარიშზე ჩარიცხული ფულიდან, მათ შორის - სოციალური დახმარებიდანაც, ვინაიდან სესხი სწორედ სოციალური დახმარების - სახელმწიფო პენსიის გარანტიით აიღო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე ამბობს, რომ მარინას მსგავსად მიზნობრივი სოციალური დახმარება ბევრმა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ ვერ მიიღო: „ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება იყო. თუმცა, გამოვიდა ისე, რომ მიზანი ვერ შესრულდა, რადგან სახელმწიფოს მიერ მიცემული დახმარება ბევრ ადრესატამდე საერთოდ ვერ მივიდა და ის თანხა, რომელიც უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად უნდა გამოეყენებინათ, მათი საბანკო ვალდებულებების დაფარვას მოხმარდა. ეს არის სისტემური ხარვეზი. სახელმწიფოს მკაცრი რეკომენდაცია უნდა გაეცა, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გამოყოფილი დახმარება საბანკო ვალის მომსახურებას არ მოხმარებოდა. მოქალაქეების მიმართ სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმიერად უნდა უდგებოდეს კერძო სექტორიც, მით უფრო ,,ლიბერთი ბანკი“, რომელიც ერთი მხრივ პანდემიის გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შექმნილ სეციალურ ფონდში საკმაოდ სოლიდურ თანხას რიცხავს, მეორე მხრივ კი მარინა კ.-ს და მის მდგომარეობაში მყოფ სხვა ადამიანებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 90-ლარიანი დახმარების მიღების საშუალებას არ აძლევს“.

მარინა კ-სთვის კუთვნილი მიზნობრივი სოციალური დახმარების ჩარიცხვის თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს ეროვნულ ბანკს, სს „ლიბერთი ბანკს“ და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართა. საქმე ჯერჯერობით არ განხილულა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორციელებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში. 

ახალი ამბები