კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება ჟონეთში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის არაპროპორციული საპოლიციო ძალით დაშლის თაობაზე

16 ნოემბერი, 2020
 
14 ნოემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონის ხეობის სოფლების ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ. ნამახვანი ჰესების კასკადი, რომელიც ყველაზე მსხვილ ენერგეტიკულ პროექტს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, ითვალისწინებს მდინარე რიონის ხეობაში 433 მგვტ სიმძლავრის ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებელობას, რომლის უარყოფითი ზეგავლენის არეალში, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, მოექცევა ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არაერთი სოფელი. ნამახვანი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას შესაძლოა, დაექვემდებაროს 104 ოჯახი 269 მცხოვრებით, მხოლოდ ეკონომიკურ განსახლებას კი - 47 ოჯახი.

ნამახვანი ჰესის კასკადის მშენებლობის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები 21 დღის განმავლობაში მიმართავდნენ მშვიდობიანი პროტესტის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, მშენებლობის ადგილზე კარვებით ღამისთევას. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ მშენებელი კომპანიის ტერიტორიიდან გასვლასა და სამშენებლო ტექნიკის გაყვანას. პროტესტის მონაწილეთა მოქმედებები არ გასცდენია მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. 

14 ნოემბერს, შუადღით, აქციის მონაწილეებმა სოფელ ჟონეთში გამავალი, ქალაქ ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეებზე მიწოლის გზით დაშალეს. იმის გათვალისწინებით, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი ერთმანეთზე ჯაჭვებით იყო გადაბმული, აქციის დაშლისას ბევრი მათგანი წაიქცა და პოლიციელთა მიერ აქციის ადგილიდან გაყვანისას, სავარაუდოდ, დაზიანებები მიიღო. 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, არ არსებობდა სოფელ ჟონეთში 14 ნოემბერს გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლის საფუძველი. მშვიდობიანი შეკრების დაშლა უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის საფუძველზე. საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი ინტერესი გადაწონის კონკრეტულ შემთხვევაში, ამ შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს და არა ბლანკეტური მიდგომით. ბლანკეტურია მიდგომა, როდესაც სახელმწიფოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერი აქცია დაშალოს ნებისმიერ ადგილზე აქციის მონაწილეთა მიერ გზის გადაკეტვის გამო, ისე რომ არ შეაფასოს ინდივიდუალური გარემოებები, დაპირისპირებული საჯარო და კერძო ინტერესები და საკითხი, თუ რომელი ინტერესია უპირატესი კონკრეტულ შემთხვევაში.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, შეკრების დროს გზის გადაკეტვის გამო აქციის დაშლის პროპორციულობის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს, ჰქონდათ თუ არა აქციის მონაწილეებს საჯარო სივრცეში საკუთარი პროტესტის გამოხატვის სხვა შესაძლებლობები. მოცემულ შემთხვევაში, აქცია გაიმართა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, მეზობელი სოფლების ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად. ადამიანთა ამ ჯგუფისთვის მწირია საჯარო სივრცეები, სადაც შეძლებდნენ მწვავე სოციალური მნიშვნელობის საკითხზე საკუთარი პროტესტის გამოხატვას ისე, რომ ეს პროტესტი რეალურად მიწვდეს საზოგადოებას და აღქმადი იყოს მის მიერ. სოფელ ჟონეთსა და მეზობელ სოფლებში, სოფელში გამავალი გზის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს საჯარო სივრცე, სადაც პირთა საპროტესტო შეკრება ფართო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. შეკრების არსი საპროტესტო მესიჯის სწორედ ფართო საზოგადოებისადმი მიტანასა და მისი ყურადღების მიპყრობაში მდგომარეობს და არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, საზოგადოების ვიწრო ჯგუფთან გამოხატვაში. 

მნიშვნელოვანია, ასევე, აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეებს გზა მხოლოდ რამდენიმე საათით ჰქონდათ გადაკეტილი და მათი მოქმედებები არ გასცდენია მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. სახელმწიფომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ყოველგვარი გაფრთხილებისა და მოლაპარაკების მცდელობის გარეშე დაშალა. აქციის დაშლის მიზანს წარმოადგენდა ქალაქ ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა. ეს საავტომობილო გზა არ წარმოადგენს გადატვირთულ სატრანსპორტო კვანძს. მასმედიის საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან და სხვა ინფორმაციიდან არ იკვეთება საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის სასწრაფოდ აღდგენის ინტერესი. 

იმ პირობებში, როდესაც სოფელ ჟონეთისა და მეზობელი სოფლების ადგილობრივ მოსახლეობას არ ჰქონდა ადგილობრივ დონეზე საჯარო სივრცეში პროტესტის გამოხატვის სხვა რეალური შესაძლებლობა, რამდენიმე საათით აღნიშნული გზის გადაკეტვა მათი მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცულ სფეროს მიეკუთვნებოდა. 

შესაბამისად, ამ შემთხვევაში, აქციის ამ ფორმით გამართვის ინტერესი გადაწონის აქციის სასწრაფოდ დაშლის ინტერესს. ამგვარად, სახელმწიფოს მიერ სოფელ ჟონეთში 14 ნოემბერს ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლა წარმოადგენდა შეკრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას. 

ახალი ამბები