კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ქართული ოცნება' უმრავლესობაში, ოპოზიცია ქუჩაში - საპარლამენტო არჩევნების ორი ტური

25 ნოემბერი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ პირველად დადგა ყველაზე მწვავედ  ლეგიტიმაციის პრობლემა. არჩევნების შედეგს არ ცნობს ოპოზიციის სრული შემადგენლობა - ისინიც, ვინც პარლამენტში მოხვდნენ და ის პარტიებიც, რომლებმაც  საპარლამენტო მანდატები ვერ მოიპოვეს. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 9 პარტია შევიდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ გარდა,  საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, ამ ეტაპზე, არც ერთი პარტია არ აპირებს.  ოპოზიცია  მმართველ პარტიას ამომრჩევლების მოსყიდვაში, საუბნო საარჩევნო კომისიებში შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გადასწორებასა და ოპოზიციისთვის მიღებული ხმების გაბათილებაში ადანაშაულებს. მათ ბოლო ერთ თვეში, ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, უკვე რამდენიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. ასევე, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებში, პროტესტის ნიშნად, მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ჩატარებულ ყველა სახის არჩევნებს აკვირდება. გამონაკლისი არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ყოფილა. ორგანიზაციის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, ეს არჩევნები იყო ხელისუფლებისგან ძალის დემონსტრირება ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნებაზე და ეს იგრძნობდა როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას,  ისე არჩევნების დღეს. 

ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: „მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებთან ვითარება მეტ-ნაკლებად მშვიდი და ნორმალური იყო, არჩევნების შედეგებზე დიდი უარყოფითი გავლენა იქონია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესმა, წინასაარჩევნო გარემომ, რაშიც იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები, ახალი კორონავირუსის პანდემია და მისი გამოყენება წინასაარჩევნოდ. ასევე, კენჭისყრის დღეს სახელისუფლებო პარტიის აგიტატორების და კოორდინატორების მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნა მიუხედავად იმისა, რომ არ არის კანონით აკრძალული, ზეგავლენას ახდენდა ამომრჩევლის ნებაზე. დაფიქსირდა ამომრჩევლის საარჩევნო უბნებთან მოსყიდვის ფაქტებიც. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხმების დათვლის დროს და შემდეგ განვითარებული მოვლენებისას გამოვლენილი დარღვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია შედეგებზე. საბოლოოდ, სხვადასხვა უბნების შედეგების გადათვლისას გამოვლინდა ფაქტები, რომლებმაც ჩატარებული არჩევნების სანდოობა დიდი კითხვის ქვეშ დააყენა. გამოიკვეთა როგორც ბიულეტენების ჩაყრის, ისე ე.წ. კარუსელის დატრიალების ფაქტების მაღალი შესაძლებლობა“. 

ალექსი მერებაშვილს არჩევნების მეორე ტურის შეფასებაც ვთხოვეთ, რომელიც უშუალოდ საარჩევნო პროცესს ხაშურის და ქარელის მაჟორიტარულ ოლქში აკვირდებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა, ავლევის საარჩევნო უბანზე, ხმების დათვლის დროს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ბიულეტენები დააფიქსირა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბიულეტენთან ერთად იდო კონვერტში. სულ, ასეთი 6 ბიულეტენი აღმოჩნდა, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩევლის ბოროტ ხუმრობად და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობად შეფასდა.

„რაც შეეხება მეორე ტურს, მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლებო კანდიდატები უკონკურენტო გარემოში იყვნენ, გაცილებით მძიმე ფორმის დარღვევები გამოვლინდა, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში. ეს განაპირობა ფაქტმა, რომ არჩევნებს არ აკვირდებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და არც კომისიაში იყვნენ მათი წარმომადგენლები, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელთაც რიგ უბნებზე არც თვლიდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად. შეიმჩნეოდა ნეიტრალური დამკვირვებლების სიმცირეც. საარჩევნო უბნებთან კვლავ იდგნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ სიებში ინიშნავდნენ და ითვლიდნენ არჩევნებზე მიმსვლელ ამომრჩევლებს“, - აცხადებს ალექსი მერებაშვილი.

არასამთავრობო სექტორის მსგავსად, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ ოპოზიციურ პარტიებშიც. ვასილისა ჯაბახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული. იგი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან არსებულ „ქართული ოცნების“ აგიტატორების კორიდორს იხსენებს. 

,,ამ არჩევნებმა „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა, როგორც ავტორიტარული რეჟიმი. არჩევნების დღეს ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები და სამართალდამცველები ერთად იდგნენ საარჩევნო უბნებთან და ერთად მუშაობდნენ „ქართულ ოცნებაზე“. ამ არჩევნების დროს ამომრჩეველს საარჩევნო უბანთან უწევდა „ქართული ოცნების“ აგიტატორების კორიდორში გავლა, რაც მათ თავისუფალ ნებაზე ახდენდა გავლენას და ასევე დარღვეული იყო ხმის ფარულობაც. ყველაზე მთავარი, რაც ამ არჩევნებზე მოხდა, ჯერ საუბნო საარჩევნო კომისიებმა ხმების დათვლის დროს ოპოზიციურ პარტიებს გაუბათილეს ხმები, შემდეგ კი ბალანსი ვერ დასვეს ასობით შემაჯამებელ ოქმში. რიგ შემთხვევებში, მმართველ პარტიას საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველზე მეტი ხმა ჰქონდა მიღებული. ჩვენი საჩივრები არ მიიღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ გავასაჩივრეთ სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ კანონიერად ჩათვალა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, საჩივრიების განხილვაზე უარის შესახებ. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო არჩევნები“, - ამბობს ვასილისა ჯაბახიძე.

არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემაზე საუბრობენ „ლელო საქართველოს“ გორის ორგანიზაციაშიც. პაპუნა კობერიძე, რომელიც გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო, ამბობს, რომ არჩევნების შედეგები საზოგადოების რეალურ განწყობებს არ ასახავს.

„ამ არჩევნებმა დაგვანახა მთავარი რამ, რაც მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დარჩენისთვის ყველაფერზე წამსვლელია. მან გააყალბა არჩევნები. აქ აღარა საუბარი იმაზე, რომ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, არც იმაზე, რომ აგიტატორები ზეწოლას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. აქ საუბარია მოპარულ ხმებზე. ასეთი სირთულეებისა და უთანასწორო საარჩევნო კამპანიის მიუხედავად, საერთო ჯამში, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო, მაგრამ არჩევნები გაყალბდა და უმრავლესობით მაინც „ქართული ოცნება“ შევიდა პარლამენტში. თუმცა, მას არ შეჰყვა ოპოზიცია, რადგან არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს: გადასწორებულ ოქმებს, გაბათილებულ ხმებს და „ქართული ოცნების“ გაზრდილ მონაცემებს. ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას“, -აცხადებს პაპუნა კობერიძე.

,,ევროპული საქართველოს" წევრი, ეთერ ჯალაღანია, წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ ისევ კარდაკარ დადის და ამომრჩევლების მობილიზებას ახდენს, რათა  თბილისში, ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე, მეტი ადამიანი წაიყვანოს. ჯალაღანია ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა დაინახოს და გაიგოს იმ ხალხის ხმა, ვინც კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი კი არ არის, არამედ არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. „ეს იყო გაყალბებული არჩევნები - ფარსი, რომელიც ხელისუფლებას არ შერჩება, რადგან საქართველოში გაყალბებულ არჩევნებს არ პატიობენ. „ქართული ოცნება“ დროებით ინარჩუნებს ძალაუფლებას. პანდემიის პირობებშიც კი მრავალათასიანი აქცია გაიმართა, სადაც ხალხი ნათლად ამბობს, რომ ისინი არ ცნობენ მოპარული არჩევნების შედეგებს და ითხოვენ ვადამდელი სამართლიან არჩევნების ჩატარებას“, - ამბობს ჯალაღანია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ისევე როგორც მმართველ პარტიაში, ამბობენ, რომ არჩევნებზე მომხდარი დარღვევები მის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ. ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდა, თუმცა, არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე გაურკვეველია 2020 წლის პარლამენტის ბედი - იქნება თუ არა ერთპარტიული.

ახალი ამბები