კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კობალაძის საქმეს დააკვირდება

1 დეკემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმესთან დაკავებული მოქალაქეების - აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეისწავლის და სასამართლოში საქმის განხილვასაც დააკვირდება. 

პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების - აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის ადვოკატებმა, ბექა ბასიალაიამ და შოთა თუთბერიძემ ადამიანის უფლებათა ცენტრს წერილობით მიმართეს და საქმეში არსებული პროცედურული და სხვა სახის დარღვევების თაობაზე, ასევე - სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებზე ვრცლად მიაწოდეს ინფორმაცია. 

საქმე ეხება ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, 43 წლის თედორე გობეჯიშვილის გულის შეტევით მოულოდნელ გარდაცვალებას. 7 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი ხელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების მიმართ ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა. ხელაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა იყო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელმაც ზეწოლა იმდენად განიცადა, რომ გარდაიცვალა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სამართალდამცველებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდა. საპასუხოდ სამართალდამცველებმა აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე იმავე დღეს დააკავეს.

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალად ედებათ: 1) მოხელისათვის პირდაპირ მის სასარგებლოდ ფულის შეთავაზება, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობის შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 339-ე მუხლი 1-ელი ნაწილით. 2) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 3) თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ამასთან, აკაკი კობალაძეს ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

სასამართლომ 2020 წლის 9 ნოემბერს აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, საფუძვლად კი ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე მიუთითა. 

ადვოკატების შეფასებით, წარდგენილი ბრალდება არადამაჯერებელ მტკიცებულებებს ემყარება, ხოლო ბრალდების ფორმულირებაზე დაყრდნობით დასაბუთებული ვარაუდის გაკეთება, რომ შესაძლოა, ბრალდებულმა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, -  უსუსტესი არგუმენტია. ასევე, განჩინებაში არ არის მსჯელობა, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს სხვა ნაკლებად შემზღუდავი ღონისძიება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში სავარაუდო პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. საქმის წინასასამართლო სხდომა 30 დეკემბერს გაიმართება და მას ორგანიზაციის მონიტორები დააკვირდებიან. ცენტრი ასევე  სისხლის სამართლის საქმის მასალებსაც საფუძვლიანად შეისწავლის.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის საქმის სასამართლო პროცესს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დააკვირდება. ორგანიზაციის მონიტორინგი ეხება კიდევ 24 სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეს. 

პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ მხარდამჭერია აშშ-ის ფონდი - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED).


ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები