Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

მეგობრობა გამყოფ ხაზთან

December 15, 2020
 
ნათია ფარეხელაშვილი

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ სოფელ ზარდიაანთკარში მცხოვრები ცისანა თაზიაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიას გასცქერის და მეუღლის დაბრუნებას ელოდება. 63 წლის მირიან თაზიაშვილი 20 ნოემბერს, იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზის იქით, მეზობელ სოფელ ხელჩუაში მეგობრების მოსანახულებლად გადავიდა.

იმ დღეს მეუღლის ლოდინისგან გადაღლილ ცისანას გვიან ღამით ჩაეძინა, დილით  ქმარი სახლში ისევ რომ არ დახვდა, იფიქრა, მეგობართან დარჩა და ალბათ, დღეს დაბრუნდებაო. ის დღეც ისე დაღამდა, რომ მირიან თაზიაშვილი სახლში არ გამოჩენილა. მესამე დილით ცისანას ეზოდან ხმაური შემოესმა - პოლიციის მანქანის დანახვა საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომ მისი მეუღლე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

„რუსებმა ცხელი ხაზით გადმოგვცეს, რომ შენი ქმარი დაუჭერიათ ხელჩუაში. მეგობრის სანახვად წასულა. ნასვამები ყოფილან. ქეიფის დროს დააკვეს. არ ინერვიულო. ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მალე გამოუშვებენ“, - ასე გადმოგვცემს ცისანა თაზიაშვილი მეუღლის დაკავების შესახებ პოლიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. 

როგორც ცისანა თაზიაშვილი იხსენებს, ოკუპაციამდე ზარდიაანთკარი და ხელჩუა თითქმის გადაბმული სოფლები იყვნენ. მის მეუღლეს ხელჩუაში ბევრი მეგობარი ჰყავს. დღეს ეს ორი სოფელი ერთმანეთისაგან მავთულხლართებით არის გამოყოფილი.

„სულ ვეჩხუბებოდი, რომ ნუ მიდიხარ, დაგიჭერენ, გაძლიერებული აქვთ კონტროლი, მაგრამ არ დამიჯერა და იჯდეს ახლა ცოტა ხანი იქ“, - ღიმილნარევი ტონით გვეუბნება ცისანა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მის ქმარს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, გამყოფი ხაზის დარღვევის გამო, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

„ნასვამი იყო. ალბათ, მოენატრა მეგობარი და გადავიდა მის მოსანახულებლად. კლასელები არიან, მთელი ბავშვობა ერთად აქვთ გატარებული“, - თითქოს ქმრის გამართლებას ცდილობს  ცისანა. 

მავთულხლართების და ღობეების აშენების მიუხედავად, ქართველები და ოსები კონტაქტს მაინც ახერხებენ. თუმცა, ეს მირიან თაზიაშვილის მსგავსად, რამდენიმეთვიან პატიმრობად შეიძლება დაუჯდეთ. მირიან თაზიაშვილს ცხინვალის ციხეში კიდევ ერთი თვე მოუწევს ყოფნა. მისი ცოლი აქედანვე უკვე მომავლის პრობლემაზეც ნერვიულობს: „მაინც გადავა. კიდევ ვერ ისწავლის ჭკუას“... თუმცა, ამავდროულად სრულიად ესმის ის, რომ მის მეუღლეს ამდენი წლების შემდეგაც არ უნელდება მეგობრების მონახულების სურვილი.

„ჩემს ქმარს ცხინვალშიც ჰყავს მეგობრები. დარწმუნებილი ვარ, იქ არაფერს გაუჭირვებენ“,  -  გამომშვიდობებისას თავის იმედს გვიზიარებს ცისანა თაზიაშვილი და ცრემლმორეული თვალებით ისევ ხელჩუასკენ იხედება.

ქართულ და ოსურ სოფლებს შორის გავლებული მავთუხლართები ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობას ბოლმდე მაინც ვერ ზღუდავს.

„მავთულხლართების არსებობის მიუხედავად, გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია. ყოფილა შემთხვევები, ფული მოუციათ, წამლები მიყიდია და გადამიწოდებია. ამ სოფლებიდან ცხინვალი შორსაა და წამლებს ვერ ყიდულობენ“, - გვეუბნება საოკუპაციო ხაზთან მდებარე ერთ-ერთ სოფელში მაცხოვრებელი, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. 

„რად გინდათ ჩემი სახელი და გვარი?! არაფერი არ დაწეროთ! რუსი სამხედროები ჩვენ თუ გვიჭერენ მავთულხართებთან მიახლოების გამო, ასევე ოსებსაც აფრთხილებენ, რომ არ დაგველაპარკონ ქართველებს“, - გაბრაზებული ტონით გვეუბნება შუახნის ქალბატონი და თან ხელებში გვიყურებს, რომ ფოტო არ გადაუღოთ.

გვინდა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე რამდენიმე სოფელში შევიდეთ, რათა გავზომოთ კონფლიქტის ტრასფორმაციის ეტაპი, გავიგოთ რას ფიქრობენ რიგითი მოქლაქეები ქართულ-ოსური კონფლიტის მოგვარების გზებსა და ნდობის აღდგენაზე. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი თოგოიანი ეთნიკური ოსებით და ქართველებით არის დასახლებული, მათ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ვერც 90-იანმა და ვერც 2008 წლის შეიარაღებულმა კონფლიქტმა ვერ მოახდინა გავლენა. 

თოგოიანში ალბერტ ზანგურაშვილს გამოველაპარაკეთ. „მე წარმოშობით ახალგორიდან, ქსნის ხეობიდან ვარ. იქ დაგვრჩა მშობლების საფლავები, სალოცავები. პატარა მამა-პაპური სახლიც გვქონდა და იმაზეც  ჩავიქნიეთ ხელი. 2008 წლის ომის შემდეგ ვეღარ შევდივართ. ამ კონფლიქტის თავი და თავი რუსეთია, მა, ვინ არის?! ეს მავთულხლართები ოსებს კი არ გაუვლიათ?! აი, ეს მეზობელი ოსია, ისიც… ორი სახლის გამოტოვებით რომ სახლია, იქაც ოსი ცხოვრობს, მაგ სახლამდე იმ ორ სახლში კი - ქართველები“, - გვითხრა ალბერტ ზანგურაშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებთა ისტორიები და სურვილები ერთმანეთის მსგავსია -  სურთ მშვიდობა და ძველი ურთიერთობების აღდგენა.  თუ 90-იან წლებში გაყინული კონფლიქტის ლღობის პროცესის დაწყებას შერეული ოჯახების შექმნამ შეუწყო ხელი, 2008 წელის   შემდეგ ეს ტრადიცია პრაქტიკულად შეწყდა.

„90-იან წლებში როცა კონფლიქტები გაიყინა,  სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის გზები გახსნილი იყო,  ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციას ახერხებდნენ, რაც შესაბამისად განაპირობებდა  ქართულ-ოსური ოჯახების შექმნას. იყო ქორწილები და ის ადამიანები, გუშინ რომ იარღით იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ახლა, შესაძლოა, ქორწილის სუფრაზე მჯდარიყვნენ.  2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გავლებულმა მავთულხლართებმა და ღობეებმა კი განაპირობა ის, რომ ქართულ-ოსური ქორწინებები შემცირდა. არსებული წინაღობების გამო, ბუნებრივია, ადამიანები ვეღარ ახერხებენ ერთმანეთთან დაახლოებას და კომუნიკაციას. იზოლაციის და ურთიერთობის არ ქონის ფონზე  ვეღარც ქართულ-ოსური ოჯახების შექმნა ხდება“, - ამბობს  ჟურნალისტი გოგა აფციაური, რომელსაც ქართულ-ოსურ კონფლიქტზე  მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  მან კარგად იცის 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ქართულ-ოსური კონფლიქტის და სამშვიდობო პროცესის ეტაპები: მშვიდობიდან ომამდე და ომიდან მშვიდობამდე. 

2008 წლის ომის შემდეგ გოგა უშუალოდ არის ჩართული ნდობის აღდგენის პროცესში, ის ერთ-ერთია, ვინც ოს სამოქალაქო აქტივისტებთან მოლაპარაკების ფორმატში იღებს მონაწილეობას.

„მესამე ქვეყნებში როდესაც მივდიოდით ჟურნალისტები საქართველოდან,  აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან, მერე უკვე ამ შეხვედრების შემდგომ რაღაცნაირად გრძელდებოდა ხოლმე ურთიერთობები, თუნდაც - სოციალური ქსელების მეშვეობით ხდებოდა ინფორმაციების ურთიერთგაცვლა. დიალოგის ასეთი ფორმატები იყო ძალიან კარგი, ვინაიდან გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთის პირისპირ გვესაუბრა ერთობლივ პრობლემებზე. თუმცა, ეს არ ეხებოდა პოლიტიკას. გამიჯნულები ვიყავით პოლიტიკისაგან. უფრო პროფესიულ და იმ პრობლემატიკურ საკითხებზე ვსაუბრობდით, რაც არსებობდა მავთულხლართების როგორც ერთ ისე მეორე მხარეს“, - ამბობს გოგა აფციაური.

გოგასგან ვცდილობთ, უფრო მეტი გავიგოთ და უფრო მეტი ხელჩასაჭიდი ვიპოვოთ, თუ რა შედეგი მოაქვს ამ მოლაპარაკებებს. გოგა ფრთხილობს, ამ თემაზე ბევრს არ საუბრობს, რადგან არაპროგნოზირებადია, რა მოჰყვება მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცხინვალში, სადაც დე ფაქტო უშიშროების სამსახური ყველაფერს აკონტროლებს - მედიასაშუალებით დაწყებული, სოციალური ქსელებით დამთავრებული. თუმცა შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდზე მაინც გვესაუბრება. 

„მოლაპარაკების ფორმატში შეხვედრის დროს, ოსი ახალგაზრდები თითქმის მთელი დღე ჩუმად ისხდნენ, მხოლოდ რამდენიმე ფრაზა თუ ითქვა მათი მხრიდან მეტად ამაღელვებელი და შეიძლება ითქვას - აგრესიულიც. შეხვედრა როცა დასრულდა, ერთ-ერთ მათგანთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით ვცადე გასაუბრება. პირველ რიგში, დიქტოფონის გამორთვა მთხოვა. მეც რა თქმა უნდა გავთიშე. გამიმხილა, რომ რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ ფიქრობდა, რომ ქართველები არც ისეთი სისხლისმსმელები არიან, როგორც ეს მას აქამდე წარმოედგინა. ასევე, აღმოაჩინა, რომ რეალურად გარკვეული საკითხების მიმართ ისეთივე შეხედულებები და ემოციები ჰქონდა, როგორიც - ქართველებს. ამ საუბრის შემდეგ მივხვდი, როგორ შეიძლება, პროპაგანდამ, დეზინფორმაციამ ახალგაზრდებს შეუცვალოს აზროვნება და მოაქციოს იზოლაციაში ისე, რომ სხვა საფიქრალი აღარ ჰქონდეთ. ახალგაზრდებზე ძალიან მოქმედებს დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიის საშუალებით იგებენ ინფორმაციას, რომ მავთულხლართების იქით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მათ არ დაინდობენ და მტრები არიან. დროთა განმავლობაში ადამიანები იჯერებენ ამ ინფორმაციას და რეალობად აღიქვამენ. ამ ყველაფრის ფონზე ერთადერთ იმედად გვრჩება ინტერნეტი და სოციალური ქსელები, რომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მიიღონ მეტი სწორი ინფორმაცია, შემდეგ კი თავადვე დაარღვიონ სტერეოტიპები. ასევე, მიმაჩნია, რომ პირად ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ახალგაზრდებს აქვთ შეხვედრის და პირისპირ საუბრის შესაძლებლობა. ამ დროს ბევრი რამის გადაფასება ხდება. ე.წ მოლაპარაკებების მესამე რაუნდისას, ასევე, გვაქვს არაფორმალური შეხვედრებიც, რომლებიც რეალურად უფრო ნაყოფიერია ოსების და ქართველების დაახლოების პროცესში, ვინაიდან მსგავსი შეხვედრებისას შესაძლებელია არაფორმალურად, ყოველგვარი ოფიციალურობის გარეშე საუბარი“,  - ამბობს გოგა აფციაური.

90-იან წლებში საომარი მოქმედებებით გააქტიურებული ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომლის ლღობის პროცესი დაწყებული იყო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ისევ თავიდან გაყინა და დააკონსერვა.  90-იანი წლების კონფლიქტის შემდგომი პერიოდისგან განსხავებით, 2008 წლის ომის შემდეგ, გამყოფი ხაზის იქით ოსი მეგობრის სანახავად გადასულ მირიან თაზიაშვილს რუსი სამხედროები აკავებენ და ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ორთვიან პატიმრობას უსჯიან.

News