კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვები განათლების მიღმა

22 დეკემბერი, 2020
მანანა ვარდიაშვილი

ონლაინსწავლებამ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა და გამოკვეთა. 10 000-მდე ბავშვს, რომელსაც სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს, განათლების უფლება შეეზღუდა.

გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ახალი ერთობლივი  ანგარიშის თანახმად, საქართველოში სასკოლო ასაკის 10 ათასამდე ბავშვს ( სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს ) სახლში ინტერნეტი არ აქვს. ეს მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტიდან მოყოლებული, საქართველოში დახურულია სკოლები და 661 500 ბავშვი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში სწავლობს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში პანდემიამდეც არსებობდა ინტერნეტიზაციის პრობლემა, რაც ათასობით ბავშვს სხვა თანატოლებთან შედარებით არათანაბარ და არაკონკურენტულ პირობებში აყენებს. 

მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია და ბავშვები ბევრგან სწავლობენ დისტანციურად, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ისინი კიდევ უფრო ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს - წერია ანგარიშში.

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში ყველაზე მეტად ყველაზე მოწყვლადი ფენა, სოციალურად დაუცველები დააზარალა. განსაკუთრებით მძიმეა იმ ოჯახების ხვედრი, რომელთაც სასკოლო ასაკის რამდენიმე ბავშვი ჰყავთ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისთვის რამდენიმე ასეთმა ოჯახმა მიმართა. მათ შორის არის  ქუთაისში მცხოვრები გულნაზ ლ-ც.  მას სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს: 12 და 9 წლის გოგონები და 7 წლის ბიჭი. 

გულნაზი მეუღლესთან განქორწინებულია და ამჟამად ბავშვებს მარტო ზრდის. ყოფილი მეუღლე მას ფინანსურად არ ეხმარება. გულნაზის არც საკუთარი სახლი  აქვს. ის სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გულნაზის ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პანდემიამდე ის ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა. კორონავირუსის გავრცელების შემდეგ კი  სამსახური დაკარგა. 

„სოციალური დახმარება, რომელსაც გულნაზი იღებს, ნაქირავებ ბინაში მცხოვრები სამშვილიანი ოჯახისთვის საკმარისი არ არის. ის ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება, რომელიც სახელმწიფომ პანდემიის გამო დაზარალებულ თვითდასაქმებულებს მისცა, გულნაზიმ ვერ აიღო:  მან, ისევე როგორც სხვა ათასობით ძიძამ, ვერ მოაგროვა საჭირო საბუთები და ვერ დაასაბუთა, რომ ნამდვილად მუშაობდა ძიძად“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ანა ჩაფიძე,  - „სამივე არასრულწლოვანი ბავშვი სასკოლო ასაკისაა. მათ არ აქვთ სახლში ინტერნეტი და არც კომპიუტერი, ან ისეთი ტელეფონი, რომ ონლაინგაკვეთილებს დაესწრონ. უფრო მეტიც - სექტემბერში, როცა სკოლები გხსნილი იყო, ბავშვებს ფეხსაცმელი არ ჰქონდათ, რომ სკოლაში წასულიყვენენ. ამ ბავშვების კონსტიტუციური უფლება - მიიღონ განათლება, ახლა ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვებს  ჰყავთ ძალიან ყურადღებიანი, მზრუნველი და შრომისმოყვარე მშობელი დედის სახით, მათი კეთილდღეობისთვის საჭიროა ოჯახის გაძლიერება“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა უკვე მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს  და გულნაზ ლ-ის ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და ოჯახისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენა მოითხოვა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა ხათუნა ტ-მაც. ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ისიც ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. 

„ხათუნა იძულებით გადაადგილებული პირია. პანდემიამდე დასაქმებული იყო -  აქვს მცირე საწარმო, სადაც სუვენირებს ამზადებდა. ახლა სუვენირები აღარ იყიდება და იძულებული გახდა, საწარმო დაეხურა. ბავშვებს მარტო ზრდის და პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაუჭირდა. სახლში არ აქვთ ინტერნეტი, რის გამოც ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებიან“, - აცხადებს ანა ჩაფიძე. 

ანა ჩაფიძემ ხათუნა ტ.-ს საქმეზეც  მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს. ის ხათუნა ტ.-ს ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას და ოჯახისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას ითხოვს.

„2019 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი. ამ კოდექსის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები, მათ შორის განათლების უფლებაც. სახელმწიფო ვალდებულია, შეისწავლოს ყველა იმ ოჯახის ინდივიდუალური საჭირობები, სადაც ბავშვია და საჭიროების შემთხვევაში ამ ოჯახს გაძლიერებაში დაეხმაროს.  კოდექსის ამოქმედების შემდეგ სოციალურ საკითხთა სამსახურს დაემატა ბავშვთა განყოფილება. ჩვენი მიმართვის საფუძველზე, სოციალურმა მუშაკებმა ორივე ოჯახის მდგომარეობა ოპერატიულად შეაფასეს. ახლა შემდგომ რეაგირებას ველოდებით“, - ამბობს ანა ჩაფიძე.  

რას აკეთებს სახელმწიფო იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვთ?

კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 3 მარტს საქართველოში სასწავლო პროცესი შეწყდა. სწავლა სექტემბერში განახლდა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე დღით - კორონავირუსით ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის გამო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლები მალევე დაიკეტა - ამჟამად უკვე გაურკვეველი ვადით.

ამჟამად ყველა საჯარო და კერძო სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობს - ბავშვებს  ონლაინგაკვეთილები უტარდებათ.

დისტანციური, ონლაინ სწავლება საქართველოსთვის ახალია. მოქმედ კანონმდებლობაში კორონავირუსის პანდემიამდე დისტანციური განათლების ცნებაც კი არ არსებობდა.

მას შემდეგ, რაც სკოლები დაიკეტა და დისტანციური სწავლების გარდა სხვა გამოსავალი არ დარჩა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შექმნა რამდენიმე პროგრამა, რომელთა დახმარებითაც ონლაინსწავლება მიმდინარეობს.

პანდემიის გავრცელების შემდეგ, 600 ათასზე მეტ მოსწავლესა და 55 ათასამდე მასწავლებელს ავტომატურად გაუაქტიურდა პროფილები Microsofte office 365- ით გათვალისწინებული ყველა პროგრამისათვის, მათ შორის პროგრამისთვის - Microsofte Teams. 

Microsofte Teams ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელსაც ვიდეოზარის და  გუნდებად ორგანიზების ფუნქცია აქვს. ახლა ამ პლატფორმას ბევრი საჯარო სკოლა იყენებს. პოპულარული პლატფორმაა Zoom-იც.

დაიწყო სატელევიზიო პროექტიც: საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის გადაცემა „ტელესკოლა“, რომელიც ბავშვებს ეროვნული სასწავლო პროგრამით  გათვალისწინებული გაკვეთილების 15-20 წუთიან სატელევიზიო ვერსიას სთავაზობს.

სახელმწიფომ საჯარო სკოლებისთვის შექმნა პირველი ქართული პლატფორმა Feeds Edu. პლატფორმა უფასოა და ის ნებისმიერ სმარტფონზე  მუშაობს.  მისი მოხმარება არ მოითხოვს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, მაგრამ, ინტერნეტი მაინც სჭირდება. 

სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ონლაინპლატფორმები არ არის ხელმისაწვდომი იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სახლში ინტერნეტი არ აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ  ამჟამად 10 000 ბავშვი ონლაინ სასწავლო პროცესს  სრულად ან ნაწილობრივ მოწყვეტილია. 

„ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებს და ახალგაზრდებს, იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში“, – ამბობს საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი.

თუ ბავშვს არა აქვს კომპიუტერი ან ინტერნეტი, სკოლამ უნდა მოიფიქროს როგორ ჩართოს მოსწავლე სწავლის პროცესში. ამ შემთხვევაში ტვირთი მთლიანად მასწავლებელზე გადავიდა – ინტერნეტის გარეშე დარჩენილ ბავშვებს მასწავლებელი ტელეფონით უნდა დაუკავშირდეს, ან სპეციალური კონსპექტებით დაეხმაროს, რაც  მთლიანად პედაგოგის სურვილსა და მოტივაციაზეა დამოკიდებული.

არც განათლების სამინისტროს  და არც სახელმწიფოს დღემდე რეალური დახმარება არ აღმოუჩენია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვთ - ისინი დღემდე ცალკეული ადამიანების ქველმოქმედების იმედად არიან.

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.

ახალი ამბები