კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის კლინიკიდან მედდა წინაასახალწლოდ გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს

26 იანვარი, 2021
 
მანანა ვარდიაშვილი

36 წლის კ.დ., ქუთაისში, „კლინიკა - ლჯ-ის” ქირურგიულ განყოფილებაში მედდად მუშაობდა. 2020 წლის 25 დეკემბერს იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ კ.დ. კლინიკაში დაიბარეს და შესთავაზეს, ხელი მოეწერა განცხადებაზე, სადაც ეწერა, რომ სამსახურს საკუთარი სურვილით ტოვებდა. კლინიკაში განუმარტეს, რომ თუკი კლინიკის მიმართ პრეტენზია არ ექნებოდა და განცხადებას ხელს მოაწერდა, ანტიკრიზისული დახმარების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200-ლარიან დახმარებას მიიღებდა. კ.დ-მ განცხადებას ხელი არ მოაწერა და სამართლებრივი დახმარების თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. 

კ.დ. (რესპონდენტის თხოვნით მისი ინიციალები შეცვლილია) ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ის წინასწარ არ გააფრთხილეს. კლინიკამ მას არც 2-თვიანი კომპენსაცია მისცა. 

„ძალიან ცუდად მომექცნენ. 25 დეკემბერს სამსახურში მორიგეობაზე მისულს მითხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვიყავი. არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ განქორწინებული ვარ და ორ არასრულწლოვან შვილს მარტო ვზრდი. არც ის, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენი განყოფილება სრული დატვირთვით მუშაობდა მთელი წლის განმავლობაში და ღამეებს ვათენებდი. ამ ხნის განმავლობაში არცერთი შენიშვნა და საყვედური არ მიმიღია“, - ამბობს კ.დ. 

მისივე თქმით, გათავისუფლების მიზეზი როცა იკითხა, სტანდარტული პასუხი გასცეს: „მითხრეს, რომ კლინიკაში რეორგანიზაცია დაიწყო. რეალური მიზეზი ალბათ ის არის, რომ ნოემბრიდან მოყოლებული - მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა და ახალი შემზღუდავი რეგულაციები ამოქმედდა, გეგმიური ოპერაციების და პაციენტების რაოდენობა კლინიკაში მკვეთრად შემცირდა. ჩემს გარდა კლინიკიდან კიდევ 13 ადამიანი გაათავისუფლეს“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ანა ჩაფიძე აცხადებს, რომ კლინიკამ კ.დ.-ს შრომითი უფლებები დაარღვია. 

„კ.დ. სამსახურიდან საკუთარი ნებით რომ წამოსულიყო, რის ოფიციალურ გაფორმებასაც კლინიკის ხელმძღვანელები ყოფილი თანამშრომლის მოტყუების გზით ცდილობდნენ, მას ამის შესახებ კლინიკისთვის წასვლამდე 30 დღით ადრე უნდა ეცნობებინა. კ.დ-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასე წერია და მან ეს კარგად იცოდა. კ.დ. სამსახურიდან გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული ბრძანება მას არ მიუღია. რადგან გათავისუფლების შესახებ წინასწარ არ გააფრთხილეს, კლინიკა ვალდებულია, რომ მას 2-თვიანი კომპენსაცია მისცეს. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკა კომპენსაციის მიცემაზე უარს იტყვის, საქმეს სასამართლოში გავასაჩივრებთ“,  - ამბობს ანა ჩაფიძე. 

Humanrights.ge კომენტარისთვის „კლინიკა ლჯ“-ის ხელმძღვანელობასაც დავუკავშირდით. კლინიკის დირექტორმა, შალვა ჯიქიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ  კლინიკას არცერთი ყოფილი დასაქმებულის შრომითი უფლებები არ დაურღვევია და დეტალური ინფორმაციისთვის კლინიკის იურისტთან, ზაზა ხაჟალიასთან გადაგვამისამართა. 

ხაჟალიამ Humanrights.ge-ს განუცხადა, რომ „კლინიკა-ლჯ“-დან თანამშრომლების შემცირების მიზეზი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა გახდა.

„კლინიკა-ლჯ“ კოვიდმიმღები კლინიკა არ არის. შესაბამისად, პანდემიის გამო კლინიკაში გეგმიური ოპერაციების რაოდენობა ძალიან შემცირდა. შექმნილი მძიმე ვითარების გამო, კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი რეორგანიზაციაში მოჰყვა. თუმცა, ეს არ ყოფილა გათავისუფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ყველა თანამშრომელს შესთავაზეს სხვა პოზიციაზე გადასვლა, თანაც ისე, რომ ხელფასში დიდი სხვაობა არ ყოფილიყო. ამ  მედდამ შეთავაზებულ პოზიციაზე მუშაობაზე უარი თქვა. კლინიკამ განიხილა მისი საქმე და რადგან ის შეთავაზებულ პოზიციაზე უარს ამბობს, 2-თვიან კომპენსაციას აუცილებლად მიიღებს“, - ამბობს ხაჟალია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ანა ჩაფიძე კლინიკა-ლჯ-ის”  იურისტის მოსაზრებას არ ეთანხმება  და აცხადებს, რომ კლინიკამ კ.დ.-ს შრომითი უფლება დაარღვია. 

„კ.დ. კვალიფიციური მედდაა. მას ექთნის დიპლომი აქვს და შესთავაზეს სანიტრის თანაშემწედ გადასვლა, მაშინ, როცა ასეთ შემთხვევაში კლინიკა კანონით ვალდებულია, რომ დასაქმებულს მისი განათლების, კომპეტენციის და დაკავებული პოზიციიის შესაბამისი პოზიცია შესთავაზოს. ის კი, პირიქით, დააქვეითეს. მნიშვნელოვანი დარღვევაა ისიც, რომ სამსახურიდან ის 2020 წლის 25 დეკემბერს გაათავისუფლეს, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება კი ერთი თვით გვიან, 2021 წლის 25 იანვარს დაიწერა - მას შემდეგ, რაც კ.დ-მ ჩვენი კონსულტაციის საფუძველზე მისი გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული ბრძანება მოითხოვა და კლინიკაში მიხვდნენ, რომ საქმე, შესაძლოა, სასამართლოში წასულიყო, სასამართლო დავას კი აუცილებლად წააგებდნენ. კ.დ.-სთვის კომპენსაციის მიცემის შესახებ ბრძანება არ არის დაწერილი, რაც ასევე დარღვევაა“.

როგორც ანა ჩაფიძე აცხადებს, ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ საქმეს თვალს ყურადღებით მიადევნებს და საჭიროების შემთხვევაში დავას სასამართლოში გააგრძელებს.


ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.


ახალი ამბები