კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის და მედიის ინსტიტუტის მიმართვა ე. წ. კარტოგრაფების საქმის მონაწილე ბრალდებულზე თავდასხმის თაობაზე

4 თებერვალი, 2021
 
ვეხმიანებით ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულ ივერი მელაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს ტექნიკის მაღაზიაში და მივიჩნევთ, რომ ეს ინციდენტი პროვოცირებულია ხელისუფლების არაერთი მაღალი თანამდებობის პირისა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ბრლდებულთა უდანაშაულობის პრეზუმფციის მრავალგზის დარღვევით.

უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომელიც სამართალწარმოების პროცესში მოქმედებს მანამ, სანამ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს პირის ბრალეულობის ან უდანაშაულობის შესახებ. თავისი შინაარსით, უდანაშაულობის პრეზუმფცია არა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, არამედ სამართლებრივი დაცვის ერთ-ერთი ფუნდამენტურ გარანტიასაც წარმოადგენს, რაც დაცულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით. 

უდანაშაულობის პრეზუმფციის საკანომდებლო გარანტია ემსახურება ბრალდებულის უფლებების დაცვას არა მხოლოდ სამართალმწარმოებელ ორგანოებში, არამედ საზოგადოებაშიც. აგრეთვე, მისი მიზანია სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობა. ადამიანის ძირითადი უფლებები ბოჭავს სახელმწიფოს. შესაბამისად, ამ უფლების დაცვის ძირითადი ადრესატი სწორედ სახელმწიფოა, რადგან მას აქვს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიურ ვალდებულება, დაიცვას ბრალდებულის უფლებები. 

სახელმწიფოს მხრიდან ბრალდებულის უფლებების დაცვა მოიაზრებს პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოსგან მის დაცვას. თუმცა, იგი ასევე გულისხმობს ბრალდებულის დაცვას როგორც ფიზიკური პირებისაგან, ისე მედიასაშუალებებისგან. პრეზუმფცია განსაზღვრავს ბრალდებულის სამართლებრივ სტატუსს არა მხოლოდ სისხლის სამართალწარმოებაში, არამედ საზოგადოებრივ ურთიერთობებშიც, რომელშიც იგი მონაწილეობს. 

ე.წ. „კარტოგრაფების საქმე“ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რაც, დიდი ალბათობით, მიზნად ისახავდა საქმის წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებასა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას. აგრეთვე, მთელი ამ დროის განმავლობაში, სახელისუფლებო ძალებისა და პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ,  აღნიშნული საქმის ირგვლივ, შეფასებების ძირითადი ნაწილი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით კეთდებოდა, რასაც ერთმნიშვნელოვნად პოპულისტური შინაარსი ჰქონდა და საზოგადოების აზრის ფორმირებას ისახავდა მიზნად.

ტექნიკის მაღაზიის ინციდენტი პირდაპირ არის კავშირში ივერი მელაშვილის მიმართ უდანაშუალობის პრეზუმფციის არაერთგზის დარღვევასთან, რაც კიდევ ერთი მაგალითია ამ უფლების დარღვევის შესაძლო მძიმე შედეგების. 

არსებითად მიუღებელია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები, რითიც საკანონმდებლო და თვითრეგულირების ნორმათა დარღვევასთან ერთად, ჩრდილი ადგება მედიის როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

კონსტიტუციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპის თანახმად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები. გამოხატვის თავისუფლება, რომელშიც მედიის, სიტყვის, ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების თავისუფლებაც მოიაზრება - არ არის აბსოლუტური უფლება. იგი ძალიან მნიშვნელოვანი უფლებაა დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება სხვათა უფლებებით დეტერმინებული და მიზეზ-შედეგობრივად განპირობებული უფლებაა. ამდენად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ შეიძლება, განხილულ იქნას როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცული უფლების სფერო.

კონსტიტუციურ ნორმასთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის მიერ შემუშავებული „ეთიკის კოდექსის“, რომელიც ნებაყოფლობითი ხელის მოწერის შემდეგ სავალდებულოდ შესასრულებელი ხდება, მე-6 მუხლი სწორედ ადამიანის უფლებების პატივისცემას ეხება, რომლის თანახმად, „გაუმართლებელია სისხლის სამართლის ძებნასთან, გამოძიებასთან ან სასამართლო პროცესთან დაკავშირებულ რეპორტაჟში ტენდენციური სახის კომენტარისა თუ შეფასების კეთება“. „დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი პირი არ შეიძლება, დამნაშავედ იქნას წარმოდგენილი, ვიდრე მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენით“. 

დანაშაულისა და ანტისოციალური ქცევის გაშუქების სტანდარტებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაც - „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ დამტკიცების თაობაზე, სადაც მთლიანი თავი აქვს დათმობილი დანაშაულის და ანტისოციალური ქმედების გაშუქების სტანდარტებს. 

მოვუწოდებთ

საქართველოს ხელისუფლებას:
  • პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, განსაკუთრებით, ბრალდებულის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე;
  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ პოპულისტური შეფასებებისა და კომენტარებისგან და კონკრეტული ადამიანის უფლებების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისგან.
  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ ადამიანის უფლებების დაცვის მხარდამჭერი განცხადებები და საჯაროდ დაგმონ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტები. 
მედიასაშუალებებს:
  • არ მოიხსენიონ პირი დამნაშავედ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას;
  • ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს. მედიასაშუალებებმა უნდა უზრუნველყონ საქმის გაშუქება ისე, რომ მასში არ იკვეთებოდეს წინასწარგანწყობა ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ;
  • მიიღონ ყველა გონივრული ზომა ადამიანის რეპუტაციისათვის გაუმართლებელი ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი
მედიის ინსტიტუტი

ახალი ამბები