Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - პრობლემები და გამოწვევები

March 10, 2021
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი, წლებია, აქტიურად მუშაობს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოში. გასულ წლებში ორგანიზაციამ არაერთი პროექტი განახორციელა ქალთა გაძლიერების, ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე. ეს პროექტები მოიცავდა ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის იურიდიულ დახმარებას, ძალთა მიმართ ძალადობის პრობლემის კვლევასა და ქალთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათი გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. 

2018 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, კვლევის შედეგად, გამოვლინდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული სამართლებრივი მექანიზმების ხარვეზები. პროექტი მოიცავდა შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, სამართალდამცავი უწყებებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული იყო, თუ რა ცვლილებებია საჭირო საქართველოს კანონმდებლობაში, პრაქტიკასა და რეაგირების მექანიზმებში ქალთა მიმართ ძალადობასთან ეფექტური გამკლავებისათვის, მათ შორის - იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რასაც ძირითადი აქტორები აწყდებიან თავიანთი საქმიანობისას. 
 
სამუშაო შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხები გაანალიზდა ანგარიშში „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - პრობლემები და გამოწვევები“. ანგარიშში განხილულია ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის კუთხით იმ დროისათვის არსებული აქტუალური პრობლემები, მათ შორის:
  • ძალადობის მსხვერპლ ქალთა არასათანადო ინფორმირება მათი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით; 
  • სამართალდამცავი პირების მიერ მოძალადეთა მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ნაცვლად, ე.წ. წერილობითი გაფრთხილების გამოყენების ხშირი შემთხვევები, რომელსაც არ აქვს თანმდევი სამართლებრივი შედეგი, არ უზრუნველყოფს მსხვერპლის დაცვასა და მოძალადის მოქმედებების შეზღუდვას;
  • სამართალდამცავი პირების მხრიდან არასენსიტიური დამოკიდებულება ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართ;
  • მსხვერპლთა მიერ სამართალდამცავი უწყებებისადმი ნდობის არქონა და დაურწმუნებლობა არსებული მექანიზმების ეფექტიანობაში;
  • ალტერნატიული ექსპერტიზის დაფინანსების პრობლემა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაზიანებების სრულყოფილი შესწავლის მიზნით;
  • მოძალადე პირთათვის ქცევის კორექციისა და სარეაბილიტაციო პროგრამების ნაკლებობა;
  • სოციალური დახმარების მოხსნა თავშესაფრებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის;
  • შემაკავებელი და დამცავი ორდერების პირობების შესრულების მონიტორინგთან დაკავშირებული პრობლემები;
  • საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოების მიერ გენდერული მოტივის იდენტიფიცირების პრობლემა ქალთა მკვლელობის საქმეებში;
  • სამართალდამცავი პირების მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის იდენტიფიცირების პრობლემა;
  • ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სპეციალიზებული კადრების ნაკლებობა პოლიციის განყოფილებებში.
ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და რეაგირების მექანიზმებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით შემუშავდა რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოების, მათ შორის - სამართალდამცავი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიმართ. კვლევის შედეგად შემუშავებულ ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენდა მოძალადის მიერ შემაკავებელი და დამცავი ორდერების პირობების შესრულების მონიტორინგის მიზნით ელექტრონული ზედამხედველობის, სამაჯურების შემოღება, რომლის ტარება დაევალებოდა ოჯახში მოძალადეს და მასზე განხორციელდება ელექტრონული მონიტორინგი. 

2020 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში, რითაც დაინერგა ელექტრონული ზედამხედველობა მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ. ცვლილებების თანახმად, თუ ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე არსებობს, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უნდა დაუმაგრდეს, რომლის დახმარებითაც მის მიერ მსხვერპლთან, მსხვერპლის სახლთან, სამსახურთან და სხვა ტერიტორიასთან მიახლოების აკრძალვა რეალურ დროში გაკონტროლდება. ეს ცვლილებები წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები ეფექტურად აღსრულდეს პრაქტიკაში, სწორად განისაზღვროს ელექტრონული სამაჯურის გამოყენების საჭიროება და სრულფასოვნად გატარდეს ელექტრონული მონიტორინგი. 

მიუხედავად გარკვეული წინსვლისა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ბრძოლის კუთხით, ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 ანგარიშში წარმოდგენილი არაერთი პრობლემა კვლავ აქტუალურია. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ეფექტურ გამოძიებას კვლავ აბრკოლებს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. სამართალდამცავი ორგანოებისათვის კვლავ სირთულეს წარმოადგენს გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე და შესაბამისად, დამნაშავე პირთა ადეკვატური დასჯა. მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთება სექსუალური ძალადობის დანაშაულების საკანონმდებლო განსაზღვრისა და ამგვარი დანაშაულების გამოძიების კუთხით. კვლავ პრობლემურია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული სამართალდამცავი კადრების ნაკლებობა, მსხვერპლთა არაინფორმირებულობა სამართლებრივი დაცვის გზებთან დაკავშირებით და უნდობლობა სამართალდამცავი პირების მიმართ. სახელმწიფო უწყებების მხრიდან საჭიროა უფრო მეტი კოორდინირებული მუშაობა ამ პრობლემებთან ეფექტური გამკლავების მიზნით. 

News