ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია - ჯერ კიდევ შეუსრულებელი მისია
27.03.2021
საქართველოში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციას უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. წლების მანძილზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, კამპანიებში მონაწილეობის თუ კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით ცდილობს ამ მძიმე პრობლემის აღმოფხვრაში საკუთარი წვლილის შეტანას. 2016 - 2018 წლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებდა პროექტს ქალების უფლებების დასაცავად ქვემო ქართლის, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. პროექტით დათქმულ ვადებში, ცენტრის იურისტებს ქალთა უფლებების დარღვევის საკმაოდ ბევრ და მძიმე საქმეზე მოუწიათ მუშაობა. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემატური იყო იმ მსხვერპლი ქალების საქმეები, რომლებიც ქვემო ქართლის ან კახეთის ეთნიკური უმცირესობების თემს მიეკუთვნებოდნენ. აქ ორგანზიაციას უწევდა მუშაობა და ბრძოლა, ერთის მხრივ, ქვეყანაში ჯერ კიდევ არარსებული ეფექტური მექანიზმების შექმნისთვის, ხოლო, მეორეს მხრივ, იმ თემში არსებული არასწორი სტერეოტიპების ნგრევისა და ქალების როლის გაძლიერებისთვის.
ადამიანის უფლებათა ცენტრის და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მრავალწლიანი მუშაობის დამსახურებით, ქვეყანაში ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა. ადვოკატირებამ და კამპანიურმა მოძრაობებმა შედეგი გამოიღო და ქალები უფრო მეტად დაცულები და ინფორმირებული გახდნენ. 2018 წლის იანვარში:
- შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის უშუალო დანიშნულება არის ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე ეფექტიანი რეაგირება;
- 2017 წელს საქართველომ მოახდინა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება;
- მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში, მაგრამ ქართული კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ სჯის ფემიციდს.
2016-2018 წლებში წარმოებაში არსებული საქმეებიდან ყველაზე მძიმე კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფელში ქალის გენიტალიების დასახიჩრების სავარაუდო ფაქტებზე მუშაობა აღმოჩნდა. ამ მძიმე საქმეზე რთული იყო სავარაუდო დაზარალებულის პოვნა, ყველა მხარე დუმდა და კატეგორიულად უარყოფდა მსგავსი პრაქტიკის არსებობას. აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობდა მედია, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები. მახინჯი პრაქტიკის აღმოფხვრის ერთ-ერთი ეფექტური გზა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება იყო, რომელშიც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალიების დასახიჩრებას“ (მუხლი 38).
2017, 2018 წლებში გამოქვეყნებულ ანგარიშებში ადამიანის უფლებათა ცენტრს ქალთა უფლებების უფრო ეფექტიანად დაცვის მიზნით მთელი რიგი რეკომენდაციები ჰქონდა შემუშავებული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ. მისასალმებელია, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულდა, თუმცა, გამოწვევები და ხარვეზები კიდევ ძალიან ბევრია. ამას ცხადყოფს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ფემიციდის ფაქტების მაღალი სტატისტიკა. 2020 წელს საქართველოში 11 ქალი მოკლა ქმარმა, ყოფილმა ქმარმა, პარტნიორმა ან სხვა პირმა გენდერული მოტივით. ქვეყანაში, სულ 2607 ოჯახში ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 1686 ფაქტზე მოახდინა რეაგირება.
Leave your comment
OTHER NEWS
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიში - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი
HRC carries on Monitoring of Court Hearings of Cases with Alleged Political Motives and of Protest Demonstrations
ვაკანსია: პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის (PR Manager)
Human Rights Center assesses the Activities of the New Department of the Prosecutor’s Office
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) აცხადებს კონკურსს პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში შიდა ქართლის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერთა შესარჩევად
Archive
POLL
BLOG
They wait for me in Abkhazia
Detailed...
Another proposal on agreement
Women – victims of violence
EDITORIAL
Forgotten by government veterans
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?