კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფლები წყლის და სანიტარულ-ჰიგიენური რეგულაციების დაცვის შესაძლებლობის გარეშე

26 აპრილი, 2021
მანანა ვარდიაშვილი

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ნაწილს წყალი დღემდე არ აქვს. უწყლოდ დარჩენილი ადამიანების მდგომარეობას ახლა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებაც ამძიმებს - უწყლობის გამო, ისინი პანდემიის გამო დაწესებული სანიტარულ-ჰიგიენური რეგულაციების დაცვას ვერ ახერხებენ. 

„განსაკუთრებით მძიმე მდგოამრეობაში აღმოჩნნდნენ ის ოჯახები, სადაც არიან არასრულწლოვანი ბავშვები, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. მათ კი სუფთა სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდებათ. ამის გამო ირღვევა ბავშვის უფლებები“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ანა ჩაფიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირების განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები – წყალი, სანიტარიული კვანძები და სხვა სანიტარული საშუალებები. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არ აქვს. 

ამ ბავშვებს შორის არიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები ბავშვებიც.

ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისთვის მომართეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: ნინო ზუხბაიამ, თამარ შარვაშიძემ, გიორგი სუთიძემ, ნანა სიმსივემ და ზვიად სახელაშვილმა. ადგილობრივების თქმით, სოფლის მოსახლეობას  წლების განმავლობაში სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება, რის გამოც სოფელი იცლება.

„ჩვენს სოფელს წყალი არასოდეს ჰქონია. ბევრ ოჯახს ჭა აქვს და ჭის წყლით სარგებლობს. ჩვენ არ გვაქვს. წყალს მეზობელი მაძლევდა საკუთარი ჭიდან. ამის საშუალება როცა იყო, წყალი ქუთაისიდან მოგვქონდა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბარში ნინო ზუხბაია, - „ტანსაცმლის დასარეცხად წვიმის წყალს ვაგროვებთ. პრობლემა ის არის, რომ ახლა ჭებიც დაშრა. ვისაც მანქანა აქვს, წყალი ქუთაისიდან მოაქვს. ქუთაისიდან ჩამოტანილი წყალი არ არის საკმარისი, რომ სახლში ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა შეინარჩუნო, ბავშვებს სათანადო პირობები შეუქმნა, მითუმეტეს, ასეთი მძიმე პანდემიის დროს, ან ეზოში ბოსტნეული მოიყვანო და რამე საქმე გააკეთო. სოფელში იყო ქათმების ფერმა, რომელიც უწყლობის და ანტისანიტარიის გამო დაიხურა. 13 წლის ბავშვი მყავს და იძულებული გავხდი, საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვსულიყავი. ვცხოვრობთ ქირით. ქირის თანხა ჩვენთვის ადვილი გადასახდელი არ არის. ველოდებით იმ დღეს, როცა სოფელში წყალი გვექნება და დაბრუნებას შევძლებთ. ვის აღარ მივმართეთ ამ პრობლემის მოგვარების თხოვნით, მაგრამ დღემდე საშველი არაა“.

ასეთივე მდგომარეობაა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთშიც. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს წყალი. არიან ისეთი ოჯახებიც, რომელთაც არ აქვთ ჭა და იძულებულები არიან, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის კასრებში წვიმის წყალი მოაგროვონ.

ქვედა სიმონეთში არსებული მდგომარეობის გარკვევის მიზნით ადამიანის უფლებათა ცენტრი თერჯოლის მერის პირველ მოადგილეს, მანუჩარ რობაქიძეს დაუკავშირდა. 

„ქვედა სიმონეთში 70 ოჯახია, რომელსაც წყალი არ მიეწოდება. ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია ამ პრობლემის თაობაზე. გვაქვს მონახაზიც - სოფელ ბარდუბნის წყლის რეზერვუარიდან გავიყვანთ წყალს ამ სოფლებში. თუმცა, წლევანდელ ბიუჯეტში არ გვაქვს გამოყოფილი თანხა ამ სამუშაოების შესასრულებლად და არც პროექტი გვაქვს. როდის მოგვარდება ეს პრობლემა, დაზუსტებით ამის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია“, - განაცხდა რობაქიძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ქვედა სიმონეთში მერის წარმომადგენელს, ტარიელ ცერცვაძესაც ესაუბრა. ცერცვაძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე დღეა, რაც მერის წარმომადგენელი აღარ არის. თუმცა, სოფელში არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია მაინც მოგვაწოდა: „ქვედა სიმონეთში 820 კომლი ცხოვრობს. სოფლის ძირითად ნაწილს წყალი აქვს. უწყლოდ დარჩენილია დაახლოებით 60-80 კომლი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ამბროლაძეების და ფუტკარაძეების უბანში. იქ წყლის მიწოდება დღემდე ვერ მოხერხდა. პრობლემის შესახებ ინფორმირებულია როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. თუმცა, როდის მოგვარდება ეს პრობლემა, ამას ვერავინ გეტყვით“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ანა ჩაფიძის თქმით, კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების პერიოდში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმასტაროსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა: „ოჯახებს, რომელთაც წყალი არ მიეწოდებათ, არ აქვთ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული სანიტარულ-ჰიგიენური რეგულაციების შესრულების საშუალება. ამ ოჯახებში არიან არასრულწლოვანი ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ. მათ კი სუფთა სასმელ წყალზე ხელი არ მიუწვდებათ. ამის გამო ირღვევა ბავშვის უფლებები, რაც მათი  საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, სიცოცხლის და განვითარების, თანასწორობის და ცხოვრების სათანადო სტანდარტით უზრუნველყოფას გულისხმობს. ბავშვის ეს არსებითი უფლებები აღიარებული და გარანტირებულია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ეროვნულ დონეზე „ბავშვის უფლებათა კოდექსით“, რომელიც ძალაში  2020 წლის 1 სექტემბერს შევიდა“.

სოფელ ჯიმასტაროში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, ანა ჩაფიძემ 2020 წლის 30 ნოემბერს და 12 დეკემბერს  განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალტუბოს მერიას და წყალტუბოს საკრებულოს. მისი თქმით, 2021 წლის 30 მარტს, წყალტუბოს მერიიდან მიიღო პასუხი, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში სასმელი წყლის ქსელის მოწყობისთვის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია ხარჯები და ამჟამად საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წყალმომარაგების კომპანიასთან თანხმდება.

სოფელ ქვედა სიმონეთში უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის თაობაზე, ანა ჩაფიძემ სპეციალური განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, თერჯოლის მერიას და თერჯოლის საკრებულოს.  ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკითხზე რეაგირების მიზნით თერჯოლის მერიას მიმართა. თერჯოლის მერიამ კი სამინისტროს აცნობა, რომ სოფელში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობა სამოქმედი გეგმის შესაბამისად, უკვე დაგეგმილია, მაგრამ „ამ ეტაპზე პრობლემის მოსგვარებლად საჭირო თანხა ბიუჯეტში არ არის“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.

ახალი ამბები