კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია... მადლობას გიხდით მოთმინებისთვის', - როგორ მუშაობს ცხელი ხაზი 144

1 მაისი, 2021
 
მანანა ვარდიაშვილი
 
კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, საქართველოში 2020 წლის 31 მარტიდან კომენდანტის საათი მოქმედებს - 21:00-დან 05:00 სთ-მდე აკრძალულია როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილება. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მაგალითად -  კომენდანტის საათის დროს როცა ადამიანს სასწრაფოდ სჭირდება წამლის შესაძენად აფთიაქში გასვლა, ან ავადმყოფი მშობლის მონახულება, გადაადგილებისთვის საშვის გაცემის მიზნით, 2020 წლის 30 მარტიდან სამთავრობო ცხელი ხაზი - 144 ამოქმედდა. 17 აპრილიდან, მას შემედგ, რაც ქვეყანაში 10 დღით მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობაც აიკრძალა, ამოქმედდა კიდევ ერთი დამატებითი ხაზი - 144-1, რომელიც საჭიროების  შემთხვევაში ადამიანს მანქანით გადაადგილების ნებართვას აძლევს. 
 
სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ცხელი ხაზი  - 144 თავს უყრის სხვადასხვა უწყებიდან მიღებულ ინფორმაციას. სამთავრობო ცხელი ხაზის სამსახურში, ორივე ცვლაში 300-ზე მეტი ოპერატორი მუშაობს. თითოეული მათგანი დღეში 5000-მდე ზარს პასუხობს. 
 
ცხელი ხაზი 144-ის ვალია, რომ  დაინტერესებულ ადამიანებს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია პანდემიის დროს შემოღებული წესებისა და შეზღუდვების შესახებ, 144-1-მა კი სხვადასხვა უწყებებთან ისე უნდა ითანამშრომლოს, რომ გადაადგილების ნებართვის მიღებაზე არცერთი მოქალაქის სამართლიანი თხოვნა მყისიერი და ეფექტიანი რეაგირების გარეშე არ დატოვოს. 
 
Humanrights.ge დაინტერესდა, როგორ დაეხმარა სამთავრობო ცხელი ხაზი ადამიანებს, რომლებსაც კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისთვის საშვი დასჭირდათ. 
 
„მეუღლე მოჰყვა მანქანით საგზაო საცობში. აშკარა იყო, რომ კომენდანტის საათის დაწყებამდე სახლში მოსვლას ვერ მოასწრებდა. თვითონ სცადა 144-1-ზე დარეკვა, მაგრამ ხაზი გადატვირთული იყო და ოპერატორს ვერ დაუკავშირდა. მე დამირეკა და მთხოვა, 144-1-ზე დარეკვაში დავხმარებოდი. მალევე მიპასუხეს. ძალიან კარგი ოპერატორი შემხვდა. ჩაიწერა ინფორმაცია, დაურეკეს ჩემს მეუღლეს, გადაამოწმეს სად იყო და რა ვითარებაში და საშვიც მისცეს“, - ამბობს ნინო ს-ძე.
 
თუმცა, ბევრს ნინოს მსგავსად არ უმართლებს. 144-1-ის მომსახურებით უკმაყოფილო ბევრი ადამიანის პოსტს ნახავთ სოციალურ ქსელ ფეისბუკშიც. მათ შორის არის ნათია სვინტრაძეც. 
 
“144 და ჯანდაბა თქვენ, წუხელ ღამის 2 საათზე აკივლებული ბავშვით ვრეკავ, ყური სტკიოდა 2 წლის ბავშვს და არ მომცეს 10-წუთიანი საშვი, რომ გავსულიყავი აფთიაქში. მისაყვედურეს, რატომ არ მქონდა ეამალი ან რატომ არ ვრეკავდი სასწრაფოში… არასოდეს არ სტკენია ყური და ამიტომ არანაირი მედიკამენტი არ მქონდა. ვრეკავ სასწრაფოში, მოვიდნენ ძალიან მალე, 10 წუთში. გაგიჟდა ექიმი, მე არაფერი არ შემიძლიაო, პირველად დახმარებაში ყურის წვეთები არ შედისო, მაგრამ რომ არ მოვსულიყავით, არ შეიძლებოდაო. რეკავს ისევ 144-ში, ერთი ამბავი აწია, რა ვუყო ბავშვს, მითხარითო და დაუშვეს საშვი ზისტად 10 წუთით და თან გაგვაფრთხილეს, ერთი წუთიც არ უნდა დაგვეგვიანა. 30 წუთი მოუნდნენ იმის თქმას, რომ წასულიყო ადამიანი და ეყიდა წამალი. ვადებდი ბავშვს თბილ საფენებს, რომ შემემსუბუქებინა ტკივილი. როგორც იქნა, 4 საათისკენ მოვიტანეთ წამალი. ნუთუ არ  გრცხვენიათ? ისე კიოდა ბავშვი, რომ დავრეკე, ანგრევდა ყველაფერს. აუცილებელი იყო, ერთი საათი ეტირა და სასწრაფოს ექიმს ლამის ეგინებინა, რომ საშვი დაეშვათ? ასეთ დროს 10 წუთით კორონა ასმაგად იმატებს თუ მუტირებას განიცდის და გველეშაპად იქცევა…,” - წერს ის.
 
 
„ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის“
 
ცხელ ხაზზე, ოპერატორთან დაკავშირება ადვილი საქმე არ არის. 
 
„ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ, დარჩეთ ხაზზე. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის“, - ეს არის ფრაზა, რომელსაც 144-1-ზე დარეკვის დროს ყველაზე ხშირად გაიგონებთ. ოპერატორს, შესაძლოა, მრავალგზის მცდელობის შემდეგაც კი ვერ გაესაუბროთ. 
 
„სამსახურიდან სახლში მიმავალს გზაში მანქანა გამიფუჭდა. შეკეთებაში დიდი დრო დავკარგე. ამასობაში უკვე 9 საათი ხდებოდა. მინდოდა ნახევარსაათიანი საშვი მეთხოვა, რომ სახლში მისვლა მომესწრო. ზუსტად 30 წთ-ის განმავლობაში ვრეკავდი. ყველა ოპერატორი დაკავებული იყო. დავრჩი ქუჩაში. აწი აღარც მჯერა, რომ ცხელ ხაზზე დარეკვა შესაძლებელია“, - ამბობს თაზო გ-ძე.  
 
ბევრი მცდელობის მიუხედავად, 144-ის ოპერატორთან დაკავშირება ვერ შეძლო ვერც იოსებ ღ-ძემ. 
 
„ბორჯომში, სასტუმროში იყო, როცა წამლის საყიდლად აფთიაქში გასვლა დასჭირდა. 22:30 სთ იყო, კომენდანტის საათი უკვე მოქმედებდა  და ამიტომ 144-1-ზე დარეკა. დარეკა რამდენჯერმე. მუდმივად დაკავება იყო. აუტანელი ტკივილის გამო, გადაწყვიტა, აფთიაქში საშვის გარეშე წასულიყო. აფთიაქი დაკეტილი დახვდა. უკანა გზაზე, როცა სასტუმროში ბრუნდებოდა, პატრულმა ის 2000 ლარით დააჯარიმა. მისი დაჯარიმების მიზეზი სამთავრობო ცხელი ხაზის - 144-1-ის გაუმართავი მუშაობა გახდა. ჯარიმა გავასაჩივრეთ საპატრულო პოლიციაში და ახლა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში ველოდებით პროცესის ჩანიშვნას“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ანა ჩაფიძე. 
 
144-ზე დარეკა, მაგრამ საშვის გაცემაზე უარი მიიღო ნანა მ-მა. 
 
„1 წლის და 2 თვის ბავშვი მყავს. ავად იყო და კერძო ექიმთან წავიყვანე. შეგვაგვიანდა და 9 სთ-მდე სახლში დაბრუნებას ვეღარ ვასწრებდით. დავრეკე 144-1-ზე. როგორც იქნა, რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ გავედი. ოპერატორმა კი მიპასუხა, მაგრამ მითხრა, ვერაფრით დაგეხმარებით, სახლში 21 სთ-მდე რომ უნდა დაბრუნებულიყავით, მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრათ, ვიდრე ექიმთან წახვიდოდით, საშვს ვერ მოგცემთო და ტელეფონი გამითიშა. სახტად დავრჩი. ქუჩაში მტოვებდა პატარა ბავშვთან ერთად. სახლში დავბრუნდით, მიუხედავად იმისა, რომ საშვი არ მოგვცეს. გაგვიმართლა და პატრული არ შეგვხვდა - ჯარიმას გადავრჩით. პატრულს რომ დავეჯარიმებინე, აუცილებლად გავასაჩივრებდი“, - ამბობს ნანა. 
 
საშვის გაცემაზე უარი მიიღო დიანა გ-მაც. ის თბილისში, ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობს.  
 
„2021 წლის 13 იანვარს, ძველით ახალ წელს, თბილისიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მიდიოდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავთან მანქანა გაუფუჭდა. სანამ შეაკეთა, უკვე 9 სთ ხდებოდა. დარჩენილ დროში რაკი ველისციხეში მისვლას ვერ მოასწრებდა, საშვისთვის 144-1-ზე დარეკა. დიდი ხნის განმავლობაში არ პასუხოდნენ. ეს სატელეფონო ჩანაწერებითაც დასტურდება. ზარი როცა გავიდა, ოპერატორმა უთხრა, რომ საშვს ვერ მისცემდა, რადგან დანიშნულების ადგილიდან შორს იყო და ურჩია, დახმარებისთვის 112-ზე დაერეკა. 112-ზე დარეკვის შემდეგ მასთან საპატრულო პოლიცია მივიდა და იმის მიუხედავად, რომ ის მანქანით არ გადაადგილდებოდა და გაჩერებულ მანქანაში იჯდა, 2000 ლარით დააჯარიმა. ჯარიმა გავასაჩივრეთ საპატრულო პოლიციაში. პოლიციამ უარი განაცხადა საჯარიმო ქვითრის გაუქმებაზე და ახლა პროცესის ჩანიშვნას გურჯაანის სასამართლოში ველოდებით“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლია ხუროშვილი. 
 
სახლიდან გასვლის უფლება მისცეს, მაგრამ სახლში უკან დაბრუნებისა აღარ - ნონა გ-ს, რომელიც საშვს საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაყვანილი მამის მოსანახულებლად ითხოვდა. კომენდანტის საათი უკვე დაწყებული იყო, როცა ნონას მამა, რომელიც ცალკე ცხოვრობს,  შეუძლოდ გახდა. მდგომარეობა მძიმე იყო. სასწრაფო დახმარების ექიმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. 
 
„მამა უარს ამბობდა საავადმყოფოში გადაყვანაზე. როგორც იქნა, დავითანხმე, ოღონდ - იმ პირობით, რომ საავადმყოფოში მეც მივიდოდი. ზუსტად 26 წუთის განმავლობაში ვუხსნიდი 144-1-ის ოპერატორს, რატომ იყო საავადმყოფოში გადაყვანილ ავადმყოფ მამასთან ჩემი ყოფნა საჭირო. როგორც იქნა, მომცეს ნახევარსაათიანი საშვი. ახსნა-განმარტება დამჭირდა იმისთვის, რომ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად ნახევარი საათი არ მეყოფოდა. საშვი კიდევ ნახევარი საათით გამიგრძელეს, მაგრამ მითხრეს, რომ უკან დაბრუნების ნებართვას ვეღარ მომცემდნენ და საავადმყოფოში უნდა დავრჩენილიყავი. ესეც არ არის ყველაფერი. საშვი არ მისცეს ჩემს დას, რომელიც ცალკე ცხოვრობს და მამის სანახავად ითხოვდა წამოსვლას - უთხრეს, რომ ოჯახის ერთ წევრზე უკვე გაცემული იყო საშვი და ეს სრულიად საკმარისი იყო. მაშინ, როცა მამა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, 144-1-მა ოჯახის წევრებს ერთად ყოფნის უფლება არ მოგვცა“, -ამბობს ნონა და დასძენს, რომ  კარგი იქნებოდა, ცხელი ხაზის ოპერატორებს მეტი ემპათია და დახმარების სურვილი  ჰქონდეთ.
 
რატომ ჭირს ცხელი ხაზის - 144-1-ის ოპერატორთან დაკავშირება, რატომ გრძელდება ლოდინის რეჟიმი ხშირად ათეულობით წუთის განმავლობაში და რატომ არ აძლევენ ოპერატორები გადაადგილების საშვს იმ ადამიანებს, რომელთაც კომენდანტის საათის მოქმედების დროს სახლიდან გასვლა და გადაადგილება გადაუდებელი აუცილებლობისთვის სჭირდებათ? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად humanrights.ge 144-1-ს დაუკავშირდა, სადაც ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ გვიპასუხეს, რომ სამთავრობო ცხელი ხაზის სამსახურს უფროსი/მენეჯერი არ ჰყავს და დეტალური ინფორმაციის მისაღებად მთავრობის ადმინისტრაციაში გადაგვამისამართეს. მთავრობის ადამინისტრაციაში კი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.
 
 

ახალი ამბები