კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასოწარკვეთილი ჩეჩენი ლტოლვილები

11 მარტი, 2004

სასოწარკვეთილი ჩეჩენი ლტოლვილები

საქართველოს მთავრობა უძლური აღმოჩნდა დაეცვა იმ ხალხის უსაფრთხოება და უფლებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობენ. ჩეჩენი ლტოლვილები თავს სრულიად დაუცველად გრძნობენ საქართველოში არამარტო საქართველოს მთავრობის, არამედ გაეროს უმაღლესი კომისარიატის მხრიდანაც. ისინი ადანაშაულებენ ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობას, მათი არაერთჯერადი თხოვნებისა და ელემენტარული ადამიანის უფლებების განხორციელების იგნორირებაში.

გარდა ამისა, ჩვენ ამასწინათ გავხდით მოწმე ჩეჩენი ლტოლვილების უფლებების კიდევ ერთი დარღვევისა საქართველოს ახლი მთავრობის მხრიდან. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 19 თებერვალს  საქართველო-რუსეთის საზღვარზე ორი ჩეჩენი ბეკჰან მულკოევი და ჰუსეინ ალხანოვი დააკავეს.
ბეკჰან მულკოევი და ჰუსეინ ალხანოვი ის ორი ჩეჩენია, რომლებიც საქართველოში ცოტა ხნის წინ გაუჩინარდნენ, მას შემდეგ რაც თბილისის სასამართლომ მათ 6 თებერვალს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლა.

რუსული მხარის განცხადებით, მულკოევი და ალხანოვი ჩეჩენი მებრძოლები არიან, რომლებიც ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ ჩეჩნეთში.

გაუჩინარებული ჩეჩნების ნათესავები შიშობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისინი ფარულად გადასცა რუსულ მხარეს. მათი საზღვარზე დაკავების თაობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფარული ექსტრადიციის შესახებ ეჭვები კიდევ უფრო გაიზარდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები ამ ვარაუდს უარყოფენ.

დაკავებული ორი ჩეჩენი იმ 13 ჩეჩენს შორის იყვნენ, რომლებიც ქართველმა მესაზღვრებმა 2002 წლის ზაფხულში დააკავეს. ხუთი მათგანი რუსეთში იქნა ექსტრადირებული. ბეკჰან მულკოევისა და ჰუსეინ ალხანოვის გაუჩინარება პირველი შემთხვევა არ ყოფილა საქართველოში. 2003 წლის 12 თებერვალს პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილი ადამ თალალოვი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია.

ჩეჩენი ლტოლვილის ჰუსეინ იუსუფოვის ადგილსამყოფელიც ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება. იგი 2002 წელს გაუჩინარდა, მას შემდეგ რაც უშიშროების სამინისტროს საკნიდან გაათავისუფლეს.

ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთი ჩეჩენი ლტოლვილის - მავსარ ბუტუკაევის წერილს, რომელსაც ამა წლის 13 იანვარს 24 წლის შვილი მოუკლეს. მან სამართლის აღსადგენად და დამნაშავის დასასჯელად ყველა სამართლებრივი გზა გამოიყენა, მაგრამ ამაოდ - მისი ოჯახის თავზე დატრიალებულ ტრაგედიას გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის წარმომადგენლობამ ათხოვა ყური.

ჩეჩენი ლტოლვილის მავსარ ბატუკაევის წერილი
საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო!
მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელნო!

ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მისალმება და მოგმართოთ, თქვენგან მხარდაჭერისა და დახმარების იმედით აღნიშნულ წერილთან მიმართებაში.

თქვენდამი ჩემი მიმართვის მიზეზი არის, ის დიდი უბედურება, რომელიც ჩემს ოჯახს დღეისათვის თავს გადახდა, გარდა ამისა ისედაც რთულია მდგომარეობა ჩვენთვის, ჩეჩნებისთვის, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ჩემი შვილი მოკლეს. ვფიქრობ, რომ არ დარჩებით გულგრილნი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ჩვენს თავს გადამხდარი ტრაგედიის სრულყოფილად გადმოცემის მიზნით მინდა გაუწყოთ:

2004 წლის 13 იანვარს ჩემი შვილები რუსლანი და რიზავდინი ეცნობოდნენ უახლეს ინფორმაციას ჩეჩნეთისა და მსოფლიოს შესახებ ქ. თბილისში, ყაზბეგის ქუჩა №12–ში მდებარე ინტერნეტ–კაფეში.

დაახლოებით 17–18 სთ–ს შუალედში ორმა ხულიგანმა წამოიწყო ჩხუბი რიზავდინთან (დაბ. წელი 1985, იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია), მათი დაშორების მიზნით მისულმა რუსლანმა მკვლელისგან მიიღო დანით ჭრილობა გულმკერდის არეში, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, აღმოჩნდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებელი პირის შვილი.

ჩვენს თავს გადამხდარი ამბავი არ არის შემთხვევითობა, ეს, ჩვენი აზრით, ერთ–ერთი რგოლია იმ მრავალრიცხოვანი პროვოკაციების ჯაჭვისა, რომელიც ხორციელდება ჩვენი ხალხის – ომისა და ძალადობისგან დევნილი წარმომადგენლების მიმართ. ეს არის ჩვენდამი არაჯეროვანი მოპყრობის პირდაპირი შედეგი, თუ გნებავთ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა მხრიდან. სწორედ, მათ არ აღმოგვიჩინეს დახმარება ჩვენი ელემენტარული უფლებების განხორციელებაში. მათი არაადამიანური, უხეში, თუნდაც შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩვენდამი, ჩვენს შესახებ ინფორმაციის გამოტყუების მიზნით ყოველგვარი გაცურება და მესამე ქვეყანაში ჩვენი გადაყვანის დახმარებისთვის შესაბამისი ზომების მიუღებლობა იყო თავდაპირველი მიზეზი ჩვენი ტრაგედიისა.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის დანაშაული ჩემი შვილის სიკვდილში, შეიძლება დადასტურდეს ჩემს მიმართვებზე მათი ბოლო პასუხით: „2000 წლის მაისიდან თქვენ საქართველოში იმყოფებით და როგორც ჩვენთვისაა ცნობილი თქვენ არაფერი შეგმთხვევიათ. საქართველოს მთავრობა თქვენ გთვლით ლტოლვილად და თქვენ იმყოფებით ამ სახელმწიფოს დაცვის ქვეშ, რომელიც არის 1951 წლის კონვენციის ხელმომწერი მხარე“. ზემოთ თქმულიდან გამომდინარეობს, რომ ყველაფერი რაც მე საქართველოში თავს გადამხდა (პოლიციის აქცია 2002 წელს, ჩემი უფროსი შვილის, რიზვანისათვის დანით ოთხჯერ ჭრილობის მიყენება, 2001 წლის დეკემბერში, მუდმივი მუქარა ჩემი ოჯახის მიმართ...), გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის საზომით არ წარმოადგენს მათი ყურადღების საგანს. ასეთი პასუხიდან გამომდინარეობს აზრი, რომ მათ გააჩნდათ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემს ოჯახს რაღაც უნდა დამართოდა.

ჩემი შვილის მკვლელობა – ეს არის არა მარტო ჩემი ოჯახის, არამედ მთლიანად ჩემი ერის უბედურება, რადგან მე ვთვლი, რომ მომხდარი მიზანმიმართული აქციაა, რომელიც მიმართულია ღირსეული წარმომადგენლების ანუ გენოფონდის განადგურებისკენ. იღუპებიან სუკეთესოები, ჭკვიანები და ყველაზე წესიერები.

რუსლან ბატუკაევი დაიბადა 1980 წლის 8 სექტემბერს, 2000 წლის მაისიდან ცხოვრობდა თბილისში ლტოლვილის სტატუსით. 2002 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2003 წელს მოეწყო აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, იაპონური ენისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე, მაგრამ სათანადო სახსრების უქონლობის გამო, ინსტიტუტის ხელმძღვანელობის თანხმობით სწავლობდა, როგორც თავისუფალი მსმენელი.

სრულყოფილად ფლობდა ინგლისურ, რუსულ, ქართულ ენებს, წარმატებით სწავლობდა იაპონურ ენას.

შვილის დიდი მონაცემებისა და მისი მრავლის მთქმელი პერსპექტივის გამო, ვცდილობდით დაგვეცვა ის ცხოვრების ყოველგვარი მოულოდნელობებისაგან. მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ გადმოვედით მეზობელ საქართველოში, იმ წარმოდგენით, რომ აქ არსებობდა სიცოცხლის, ღირსებისა და პატივის დაცვის საშუალება.

მსგავსი შემთხვევა თავს გადახდა ჩემს უფროს შვილს რიზვანს, 2001 წლის დეკემბერში მას მიაყენეს დანით ოთხი ჭრილობა, მხოლოდ საბედნიერო შემთხვევის გამო ის ცოცხალი გადარჩა. მაგრამ ჩემი მეორე შვილის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

ჩვენი, როგორც ლტოლვილების საქართველოში თავდაპირველი ყოფნის მომენტიდან შევხვდით უპასუხისმგებლობას, გულგრილ დამოკიდებულებას ყველა იმ პირის მხრიდან, რომელთაც სამსახურებრივად ევალებოდათ ჩვენი პრობლემები. ჩვენი დამღუპველი მდგომარეობა არა თუ აღელვებდათ, არამედ დაკანონებული იყო მათი მხრიდან, ე.წ. სამართლებრივი უკანონობა ჩვენს მიმართ.

ზემოთ თქმული, პირველ რიგში ეხება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციას, როგორიცაა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობა, რომელმაც იგნორირება გაუკეთა ჩვენს არაერთჯერად თხოვნას თანადგომა გაეწიათ ჩვენთვის ელემენტარული ადამიანური უფლებების განხორციელებაში.

ჩვენს უბედურებას დასასრული არა აქვს. ჩვენ დღემდე რაღაცნაირად ვეგუებოდით საქართველოში ჩვენს დამღუპველ მდგომარეობას, მაგრამ დღევანდელი უბედურების გადატანა უკვე ჩვენს ძალებს აღემატება.

ჩვენთვის სულერთი არ არის ჩვენი შვილების მომავალი, საზოგადოებაში მათი  ცხოვრება და კეთილდღეობა, ამ მიმართულებით ყოველთვის მათ განათლებასა და აღზრდას ყველაფერზე მაღლა ვაყენებდით.

ჩვენი შვილების განათლების მიღების შესაძლებლობის ხელმისაწვდომობაში თანადგომა, ჩვენი სხვა ელემენტარული უფლებების აღიარება – აი, ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვთხოვდით გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობას.

საქართველოში რთულმა ცხოვრებამ, დაკავშირებული ბავშვების აღზრდასთან და მუდმივმა მუქარამ ჩემი ოჯახის მიმართ, მაიძულა ბოლო დროს თხოვნით მიმემართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობისათვის, რომ მესამე ქვეყანაში გადასვლის საკითხში მაინც დაგვხმარებოდნენ, სადაც ჩვენ შევძლებდით ჩვენი უფლებების რეალიზებას, თუმცა, ეს მათი მხრივ არ იქნა ყურად ნაღები.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მინდა თქვენ გთხოვოთ, საერთაშორისო ორგანიზაციების ძვირფასო ხელმძღვანელნო, გამოავლინოთ ყურადღება საქართველოში მყოფი ლტოლვილების მიმართ და გაგვიწიოთ თანადგომა, თუნდაც დღეს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ჩვენი დამცირებული უფლებების აღდგენაში.

კიდევ ერთხელ პატივისცემით,

მავსარ ბატუკაევი

ქ. თბილისი, საქართველო
21 იანვარი, 2004 წელი.

საკონტაქტო ტელეფონი:  (995 99) 90 33 18,  (995 32) 42 04 08

ელ–ფოსტა: grozny35mm@hotmail.com, eco_congress@yahoo.com

არაოფიციალური თარგმანი

ახალი ამბები