კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვინ იზრუნებს დევნილებზე?

29 მარტი, 2004

ვინ იზრუნებს დევნილებზე?

დევნილები, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკის მძევლებს უწოდებენ საკუთარ თავს... დევნილებს არავინ უწევს დროულ სამედიცინო დახმარებას... დევნილებს ეკუთვნით ფულადი დახმარება - 11-14 ლარი, რომელთა გაცემაც ხშირად ფერხდება... გაჭირვების გამო ბევრი დევნილი დევნილთა ბარათებს ყიდის... ისინი საუბრობენ დარღვევებზე, რომელიც არსებობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ორგანოებში, სამინისტროებში... ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად შეურაცხყოფს და არღვევს დევნილთა  უფლებებს...


საქართველოში დევნილთა პრობლემა ერთ-ერთ მტკივნეულ  საკითხად მიიჩნევა. თუმცა, ბოლო ათი წლის განმავლობაში  მათი სოციალ-ეკონომიკური  პირობები დღის წესრიგში დგებოდა მხოლოდ წინასაარჩევნო  კამპანიის დროს.  მხოლოდ ამ დროს ხდებოდა აქტუალური ის ფაქტი, რომ დევნილებს არ გააჩნდათ ელექტროენერგია, გათბობა, თბილი ტანსაცმელი.

თბილისში დევნილების უმეტესობა ცხოვრობს სასტუმრო ივერიაში, სასტუმრო აჭარაში, სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებაში, სკოლებსა, თუ საავადმყოფოებში. ის პირობები, რომლებშიც მათ უწევთ ცხოვრება ნამდვილად არ არის შესაშური, რაშიც მე თავად დავრწმუნდი, როდესაც სასტუმრო ივერიას „ვესტუმრე“.

 სასტუმრო  ივერიაში მცხოვრები დევნილების უმრავლესობა აქ ცხოვრობს სოხუმის და გაგრის დაცემის შემდეგ. ბევრმა დევნილმა უარი განაცხადა ჩემთან საუბარზე, რადგან, როგორც თავად განაცხადეს, ყველაფრის რწმენა და იმედი დაკარგული აქვთ. ბევრ ჟურნალისტს (როგორც ქართველს ასევე უცხოელს) მიუმართავს მათთვის სხვადასხვა კითხვით,  დევნილთა საკითხი ბევრჯერ გაშუქებულა მედიის საშუალებით, მაგრამ მათ სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა.

მიუხედავად ამისა, მე მომეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი სასტუმრო ივერიაში მცხოვრებ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც საკმაოდ გულწრფელნი იყვენენ ჩემთან საუბარში.

ჩემთან საუბრისას დევნილებმა ვერ დამალეს უკმაყოფილება იმ დარღვევების გამო, რაც არსებობს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ორგანოებში, სამინისტროებში. ისინი ასახელებენ იმ პირების კონკრეტულ გვარებს, რომელთაც მიითვისეს მათი კუთვნილი ფული. მათივე თხოვნით და უსაფრთხოების მიზნით, არ დავასახელებ მათ გვარებს, იმიტომ რომ ის პირები, რომლებსაც ისინი თავიანთ საუბარში მათი დახმარების და ფულის მიტაცებაში ადანაშაულებენ საკმაოდ გავლენიან ადამიანებს წარმოადგენენ. ისინი მოითხოვენ, რომ ვინმემ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რათა გამოაშკარავდეს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელთა შემოსავლის წყაროები. დევნილები გულისტკივილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები არცერთხელ არ დაინტერესებულან მათი ბედით.

დევნილების საყოფაცხოვრებო პირობები იმდენად მძიმეა, რომ უმეტესად  საკონცენტრაციო ბანაკის მძევალთა ყოფას ჰგავს. რამოდენიმე სულიანი ოჯახი ცხოვრობს ერთ ან უკეთეს შემთხვევაში ორ პატარა ოთახში, რომლის მისაღებად მათ თავის დროზე თანხა გადაიხადეს (დაახლოებით 600 ამერიკული დოლარი ან რუსული რუბლი). უმეტესობა კი იძულებულია უარი თქვას ორ ისედაც პატარა ოთახზე, მთელი ოჯახით დაიკავოს ერთი ვიწრო ოთახი, ხოლო მეორე კი გააქირაოს. ცნობილია, რომ ასეთ ოთახებს ისევ იძულებით გადაადგილებული პირები  ქირაობენ, ამიტომ ბუნებრივია, ქირაც ძალიან მცირეა.

დევნილები იღებენ ფულად დახმარებას, 11-14 ლარს, რომელთა გაცემაც ხშირად ფერხდება. გარდა ამისა, მათ ზოგჯერ ჰუმანიტარული „დახმარებაც“ ეძლეოდათ. სიტყვა დახმარება შეგნებულად გამოვყავი, რადგან ხშირად ეს დახმარება საკვებად უვარგისი იყო. როგორც ერთმა დევნილმა ქალბატონმა აღნიშნა, ერთხელ მისმა ოჯახმა მიიღო ჰუმანიტარული დახმარება (მაგ, 1კგ შაქარი, 2კგ ლობიო, ასევე სხვადასხვა ბოსტნეული), მაგრამ პროდუქტი  გაფუჭებული იყო და მათ ისინი გადაყარეს. ამ დღიდან ეს ოჯახი უარს აცხადებდა დახმარების მიღებაზე. 

ერთ-ერთი ჩემი რესპონდენტი დევნილი ქალბატონი მუშაობს აფხაზეთის ერთ-ერთ სამინისტროში, მას არ მიუღია 1998 წლის ხელფასი, ასევე 2003 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის ხელფასები. იგი ორ პატარა ოთახში მარტო ცხოვრობს. ქალბატონის შემოსავალი შეადგენს 124 ლარს. იგი ამბობს, რომ ეს ხელფასი საკმაოდ მაღალ ხელფასად ითვლება, რადგან მისი თანამშრომლები იღებენ 25-37 ლარს, რომელიც სრულიად არასაკმარისია კვებისათვის და მათ შვილებს მთელი კვირის განმავლობაში არა აქვთ შაქრიანი ჩაი, პური.

თბილისში არსებობს აფხაზეთის რაიონული გამგეობის ოფისები, სადაც განთავსებულია გენოციდის ფონდები. ამ უკასასკნელთა მიზანია, დევნილების დახმარება, მათთვის ფულის გარკვეული ნაწილის გადარიცხვა. ამ ფონდებში არსებული თანხის მიმოქცევა საკმაოდ ბუნდოვანია.  ლტოლვილები  ასეთ ფონდებს მიმართავენ, როდესაც მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ფული, თუმცა თვეობით უხდებათ რიგში დგომა იმისთვის, რათა ამ ფონდების სიებში დაფიქსირდნენ. ბევრი მათგანი კი ამაოდ ელოდება დახმარებას.

დევნილებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 50 დან 100 ლარამდე ოდენობით (გაუცემელია 2003 წლის 3 თვის თანხა). ამ სახის დახმარების მისაღებად, დევნილი წერს განცხადებას, თან ურთავს ცნობას ავადმყოფობის შესახებ. თანხის გაცემა წარმოებს  არჩევითობის პრინციპის მიხედვით. თუმცა დაუფინანსებლობის გამო ამ თანხის გაცემაც შეჩერებულია. სამინისტროში ჩემი ვიზიტის დროს ერთჯერადი დახმარების მისაღებად შემოვიდა 200-მდე განცხადება. ბუნებრივია ყველა ვერ მიიღებს ამ თანხას. დევნილები განცხადებებს წერენ ავადმყოფი ოჯახის წევრების მაგივრადაც, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ. ამავე ვიზიტის დროს უამრავ რესპოდენტთან საუბრისას აღმოვაჩინე, რომ დევნილთათვის რეალურად არ არსებობს არანაირი სამედიცინო დახმარება, თუმცა ისინი იღებენ სამედიცინო პოლისებს, რომელთა ვადაა 5 წელი. მაგრამ ამ პოლისებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ რამოდენიმე საავადმყოფოში (მაგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში). აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პოლისები ხშირად უსარგებლოა და დევნილებს გამოკვლევის ცენტრში უარს ეუბნებიან დახმარებაზე. მე პირადად შევხვდი და გავესაუბრე ერთ-ერთ ასეთ დევნილ ქალბატონს, რომელსაც 9 წლის მანძილზე აწუხებს სისხლდენა, სჭირდება ქირურგიული ჩარევა და ამაოდ ითხოვს და ელის დახმარებას. როდესაც დავინტერესდი ამ ოჯახის შემოსავლით (ბუნებრივია, დევნილთათვის განკუთვნილი მიზერული ფულადი დახმარება მათ პურის საყიდლადაც კი არ ეყოფათ), ქალბატონმა მიპასუხა, რომ ავადმყოფობის მიუხედავად იგი მუშაობს კაფეში, სადაც გამომუშავებული თანხით ინახავს მრავალსულიან ოჯახს. მის შუათანა, 21 წლის ქალიშვილს კი აფხაზეთის ომის შემდეგ გული სტკივა.

დევნილების მიერ დასმული კონკრეტული პრობლემების გასარკვევად მივმართე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. გაირკვა, რომ დევნილები უკვე აღარ იღებენ არანაირ სასურსათო დახმარებას. ისინი იღებენ სამედიცინო პოლისებს, რომელთა ვადაა 5 წელი. ამ პოლისებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ რამოდენიმე საავადმყოფოში (მაგ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში). პოლისის მისაღებად კი აუცილებელია, დევნილი აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმს, მაგ, იყოს ინვალიდი, საპენსიო ასაკის და ა.შ. როგორც სამინისტროს სოციალურ საკითხთა განყოფილებაში განაცხადეს, დაუფინანსებლობის გამო, პოლისების გაცემა დროებით შეჩერებულია. 

იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი დახმარება ხშირად მათივე დამცირების მიზეზი ხდება. მათ ყოველდღიურად უხდებათ შეურაცხყოფის ატანა და გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ თვით დევნილის სახელის ხსენებაც კი ბევრისთვის ძალიან გამაღიზიანებელია. ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად არღვევს მათ უფლებებს. ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტი გოგონა ლტოლვილის ბარათს ხშირად იყენებს ტროლეიბუსით სასწავლებელში მგზავრობის დროს, რის გამოც მას ყოველდღიურად მას უხდება მძღოლისგან შეურაცხყოფის, დამცირების, გინების ატანა. ამ ბარათების ოფიციალური გაცემა წარმოებს ლტოლვილთა სამინისტროს რეგისტრაციის განყოფილების მიერ. თუმცა, ეს ბარათი იყიდება ბაზრობებზე, სადაც მას იძენენ არადევნილები, ჩვეულებრივი მოქალაქეები. ამის თაობაზე სამინისტროს რეგისტრაციის განყოფილებაში განაცხადეს, რომ ისინიც ადასტურებენ ამ ბარათების არადევნილთა მიერ  სარგებლობის ფაქტებს. მათი თქმით, ეს ბარათები გაიცემა  თითოეულ რეგისტრირებულ დევნილზე, მაგრამ გაჭირვების გამო ბევრი დევნილი თავად ყიდის ამ ბარათებს.

და ბოლოს, იმედგაცრუებული დევნილები მაინც მოელიან, რომ ვინმე სათანადო ყურადღებას გამოიჩენს მათი პრობლემის მიმართ, რომ რაღაც შეიცვლება. 

მაია თოდუა

ახალი ამბები