კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს ხელისუფლების სამიზნე: თავისუფალი სიტყვა

14 აპრილი, 2004

საქართველოს ხელისუფლების სამიზნე: თავისუფალი სიტყვა

ამბობენ, რომ საქართველოში ნადირობის სეზონი დაიწყო. ამჯერად ნიშანში თავისუფალი მედია ამოიღეს.

 

დემოკრატიული პრინციპებით სახელმწიფოს აშენებას ახალი მთავრობა საქართველოში თავისუფალი სიტყვის აღმოფხვრით იწყებს.  ხელისუფლება ფარულად და „უმტკივნეულოდ“ ახორციელებს ზეწოლას სიტყვის თავისუფლებაზე. ჯერ იყო და ყოველგვარი ლოგიკური ახსნის გარეშე იხურება ინგა გრიგოლიას გადაცემა „ღამის მზერა“, ხოლო ეკა ხოფერიას „ღამის შოუს“ ცვლის სხვა ღამის შოუ, სადაც ადგილი არ აქვს დებატებს; ამას მოსდევს ომეგა ჯგუფში შემავალი გამოცემების დახურვა და ზეწოლა ტელეკომპანია „იბერიაზე“, რასაც ლუბა ელიაშვილი ჯერ-ჯერობით უძლებს... ხურავენ გიორგი გომიაშვილოს გადაცემას „თემა“ „იმედის“ არხზე მას შემდეგ, რაც მან ძალიან სერიოზული განცხადებები გააკეთა სამართალდამცავ სისტემასთან დაკავშირებით. გომიაშვილი არ უარყოფს, რომ მისი გადაცემა დახურეს, რაც მისთვის დიდი სტრესი იყო, თუმცა არანაირ კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ აკეთებს...

გარდა ამ ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისა და ზეწოლის მეთოდებისა არის მრავალი სხვა ხერხი, რასაც ხელისუფლება იყენებს თავისუფალ სიტყვაზე „სანადიროდ“... „თავისუფალი გაზეთისა“ და ჟვანიას სასამართლო პროცესი ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. 5 ათასი ლარი - ეს ის თანხაა, რასაც პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია გაზეთისაგან ითხოვს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და რომელმაც შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას გაზეთის არსებობას, რადგან იმ გაზეთისთვის, რომელიც ერთი წელია, რაც გამოდის, ეს თანხა საკმაოდ სოლიდურ რაოდენობას წარმოადგენს. რედაქტორის აზრით, ეს მიზანმიმართულად იყო გაკეთებული.

გთავაზობთ ინტერვიუს „თავისუფალი გაზეთის“ რედაქტორთან თამუნა ლეფსვერიძესთან.

- ჩვენი სტატია შეეხებოდა შპს მადნეულის, რკინიგზისა და ფეხბურთის ფედერაციის საკითხს და იქ მიმდინარე პროცესებთან ზურაბ ჟვანიას კავშირს. აქ არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაზედაც შეიძლებოდა ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა. უბრალოდ ეს ყველაფერი დაემთხვა ინაუგურაციამდე პერიოდს, როდესაც ჟვანიას როლი და მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო. გაზეთის მიზანი იყო აესახა ის პროცესები, რაც იმ პერიოდში საზოგადოებაში ხდებოდა და არა ის, რომ პრეზიდენტთან შეელახა ჟვანიას რეპუტაცია. ჟვანიას ამ სარჩელის შეტანა დასჭირდა იმისათვის, რომ მოეხდინა თავისი თავის რეაბილიტაცია და პრეზიდენტთან პირნათელი ყოფილიყო. იგივე სტატია დღეს რომ გაგვეკეთებინა გაცილებით მწარე ფორმით, დარწმუნებული ვარ, ჟვანია იმის ღირსადაც არ ჩაგვთვლიდა, რომ თავისი ხელმოწერა გაეკეთებინა სარჩელზე.

ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ პირველ ინსტანციაში პროცესს წავაგებდით, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც მოსამართლე შალვა კვარაცხელიამ გააკეთა. ეს იყო ალბათ კლასიკური ნიმუში იმისა, თუ რა არ უნდა გააკეთოს და როგორ არ უნდა მოიქცეს მოსამართლე. თუმცა ის, რომ ჩვენ ამ პროცესს წავაგებდით ეჭვიც არ მეპარებოდა.

რამ გამოიწვია თქვენი ასეთი დამოკიდებულება?

- ჯერ კიდევ მანამ, სანამ ეს პროცესი გაიმართებოდა, მე მქონდა ინფორმაცია (მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ჟურნალისტებს გვყავს ბევრი ნაცნობი ადვოკატი თუ იურისტი), რომ შალვა კვარაცხელია აპირებს დააკამაყოფილოს სარჩელი მთლიანად, რაც ნიშნავს იმას, რომ ჟვანია ითხოვდა 5 ათას ლარს და ასევე ცნობების უარყოფას.  გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეს. დღეს საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოსამართლეა, რომელზეც ვერ მოქმედებს ხელისუფლება. შალვა კვარაცხელია ეს ის ადამიანია, რომელზეც უამრავი მასალები გვაქვს, თუ როგორი გადაწყვეტილებები აქვს გამოტანილი. მისი საქმიანი ბიოგრაფია გვაძლევს მის კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამ მოსამართლის შესახებ იუსტიციის საბჭოში არის საქმეები მის დისციპლინარულ დარღვევებზე.

ხომ არ ფიქრობთ, რომ სასამართლო განიცდიდა ზეწოლას გადაწყვეტილების მიღებისას?

- მე დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბ ჟვანია არ დაურეკავდა კვარაცხელიას და არ ეტყოდა, თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა მას. მაგრამ კვარაცხელიას ამის თქმა არ სჭირდებოდა, რადგან კარგად იცის ვის როგორ უნდა ასიამოვნოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელში ჟვანია თავისი სახელის გვერდით ფრჩხილებში ყველგან მიუთითებს თავის თანამდებობას, რომ იგი სწორედ ის ზურაბ ჟვანიაა, სახელმწიფო მინისტრი რომ არის.

როგორ წარიმართა თავად პრცესი?

- ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, სადაც კანონი კანონობს, ჯერ მოიკვლევდნენ სათანადო ორგანოები ამ ფაქტს და თუ დამტკიცდებოდა ბრალდების სირუე, მაშინ შეიტანდნენ სასამართლოში სარჩელს. რაც შეეხება თავად სასამართლო პროცესს, ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ მოსამართლე კვარაცხელიას აზრადაც არ მოსვლია მხარეებისათვის შემოეთავაზებინა გარიგება და მეორეც, სარჩელში ამოღებულია ცალკეული წინადადებები, ფრაზები სტატიიდან, რაც ყოვლად გაუმართლებელია. სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩემი მოთხოვნა, სტატია განეხილათ მთლიანობაში და არა დანაწევრებულად. გარდა ამისა, მე დავინტერესდი იმით თუ რა ხასიათის მორალური ზიანი მივაყენე მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს - გახდა ძალიან ცუდად, საავადმყოფოში წაიყვანეს, დასჭირდა წამლები მოსასულიერებლად თუ ვეღარ წავიდა სამსახურში - რაზეც მისმა ადვოკატმა მიპასუხა, რომ არ იცის. მე ასევე წავუკითხე არჩილ გოგელიასადმი ზურაბ ჟვანიას პასუხი საპარლამენტო სხდომაზე, სადაც ჩანდა, რომ მას ერთი თვის შემდეგ უკვე აღარ ახსოვდა იმ გაზეთის სახელი, რომლის მიმართაც სარჩელი შეიტანა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 ათას ლარს ითხოვდა. მისმა ადვოკატმა ამას სხვა ახსნა ვერ მოუძებნა გარდა იმისა, ეტყობა პრემიერ-მინისტრი გულმავიწყიაო.

ერთადერთი მტკიცებულება, რაც მათ წარმოადგინეს, იყო ვიდეო ფირი, რაზედაც ჩაწერილი იყო „რუსთავი 2“-ის რეკლამა. მათ ბრალი დაგვდეს, რომ ჩვენ მიზანმიმართულად გავავრცელეთ ეს რეკლამა, თუმცა იქ ჟვანიას თემის გარდა კიდევ სამი სათაური იყო მოხსენიებული და ვინაიდან თემა და სუბიექტიც საინტერესო იყო, ბუნებრივია, ეს სათაურიც გავუშვით. როდესაც ამ დეტალებზე ვისაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ ადვოკატს არ ახსოვდა ზუსტად რა იყო ჩაწერილი ვიდეო ფირზე.

ჯერ ერთი, “რეკლამის შესახებ“ კანონში წერია, რომ თუ კი ტელეკომპანია თვლის, რომ ესა თუ ის რეკლამა არის შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახავი, მას აქვს სრული უფლება უარი თქვას მის გავრცელებაზე, რაც შეეძლო გაეკეთებინა „რუსთავი 2“-საც. აქვე ვაწყდებით კიდევ ერთ სერიოზულ დარღვევას: გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჟვანიას სარჩელი შეაქვს როგორც რიგით მოქალაქეს, ხოლო თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებს პირადი ინტერესებისათვის, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათ აღნიშნული კასეტა მოიპოვეს არა სასამართლო შუამდგომლობით, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული, არამედ კანცელარიიდან მიმართვის საფუძველზე.

როგორც ვიცი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა თქვენი შუამდგომლობა მოწმედ ლეჟავასა და კურტისის გამოძახების შესახებ, რა მიზეზით?

- როგორც მოგეხსენებათ ლეჟავა მოღვაწეობს ბაქოში და მისი კოორდინატების დადგენა არც ისე ადვილი იყო, ისევე როგორც კურტისისა, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუმცა თავისუფლად დადის აქეთ-იქით და ხან ავსტრალიაშია, ხან საქართველოში. ჩვენ მაინც მოვახერხეთ მათი კოორდინატების დადგენა, რაც წარვადგინეთ მთავარ სხდომაზე, მაგრამ მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან ჩვენ ვერ უზრუნველვყავით მოწმეთა გამოცხადება. რამდენადაც მე ვიცი, მათი მოწმედ გამოძახება სასამართლოს პრეროგატივაა  და არა მოპასუხე მხარის. 

რა ბერკეტებით აპირებთ ბრძოლას საოლქო სასამართლოში?

- ძალიან ბევრი რამ პირველ ინსტანციაში შეგნებულად არ გამოვიყენეთ. უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც ამაზე ისაუბრებს დეტალურად. შეიძლება შუამდგომლობა მოვითხოვოთ, რომ ჩავრთოთ მესამე მხარეც. სიტუაცია რაიონულ სასამართლოში ისე წარიმართა, რომ აქ გადამწყვეტი დარტყმების მიყენებას აზრი არ ჰქონდა. მე შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ პირველი ინსტანციის სასამართლოს, არა, უბრალოდ ეს პროცესი, როგორც ის წარიმართა, იყო სამარცხვინო.

სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა ხომ არ შეუქმნის საფრთხეს გაზეთის არსებობას?

- მოსამართლე არც კი დაინტერესებულა მსგავსი საკითხით. კვარაცხელიამ აღნიშნული თანხა გონივრულად მიიჩნია და გამორიცხა შემცირება. საიდან იცის მან რომ ეს გონივრული თანხაა, იქნებ სწირედ ამ „გონივრული“ თანხის გამო ვეღარ ვუშვებ გაზეთს და საერთოდ იხურება იგი? მას არც კი უკითხავს, თუ რა ტირაჟით გამოდის გაზეთი, რამდენი ხანია, რაც იგი არსებობს ან რა არის მისი გავრცელების არეალი და ხომ არ გამოიწვევდა ეს თანხა გაზეთის გაკოტრებას.

ეს თანხა შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს იმ გაზეთისათვის, რომელიც გამოდის 100 ათასიანი ტირაჟით, მაგრამ იმ გაზეთისათვის, რომელიც ერთი წელიც არაა რაც არსებობს,  ეს საკმაოდ სერიოზული თანხაა. ეს „გონივრული“ თანხა სწორედ იმისათვის იყო გათვლილი, რომ შეგვქმნოდა სერიოზული პრობლემები მუშაობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ჩვენ მსგავსი სარჩელი გვქონდა რკინიგზის ყოფილ შეფთან აკაკი ჩხაიძესთან, რომელმაც თავად გამოითხოვა სარჩელი უკან, თუმცა ჩხაიძეს თავისი პატივი და ღირსება გაცილებით მეტი უღირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი გაცილებით ცივილიზებული ფორმით მიმდინარეობდა, მშვიდ და გაწონასწორებულ სიტუაციაში.

ხომ არ ყოფილა დაშინების მცდელობა?

- სარჩელის შეტანამდე ვითომდა სტატის გამოქვეყნების მიზნით რედაქციაში დღეში 10-ჯერ რეკავდნენ უცნობი პირები, რომლებიც ინტერესდებოდნენ გაზეთის ტირაჟით, ლობისტით და ა.შ. ბოლოს იგივე კითხვებით და ინტერესებით ორი უცნობი მამაკაცი მოვიდა საპატრიარქოს სახელით. თუმცა, როგორც შემდგომ გამოვარკვიე, ასეთი სახელის და გვარის ადამიანები საპატრიარქოში არ არსებობენ. გარდა ამისა, იყო უფრო აშკარა მცედლობა ზეწოლისა, როდესაც პრეზიდენტის პრეს-ცენტრის უფროსის მოადგილემ ავთო ფავლენიშვილმა, რომელიც მოიაზრება ზურაბ ჟვანიას პრეს-ატაშედ და მასთან დაახლოებულ პირად, კატეგორიულად განმიცხადა, რომ მეორე დღეს მივსულიყავი კანცელარიაში 2-დან 3 საათამდე აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით სასაუბროდ. მე, რა თქმა უნდა, არ მივედი. ასევე იყო მცდელობა სხვა გაზეთების გამოყენებისა ჩემს წინააღმდე, რაც ასევე არ გამოუვიდათ.

იზღუდება თუ არა დღესდღეობით სიტყვის თავისუფლება საქართველოში და არსებობს თუ არა სერიოზული ზეწოლა მედიაზე?

- ერთ-ერთი, რაც შევარდნაძისეულ მონაპოვრად შეიძლება ჩაითვალოს, არის თავისუფალი სიტყვა. დღეს ზეწოლა არის და თანაც სერიოზული. იხურება ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას გადაცემები, გომიაშვილს უხურავენ გადაცემას „თემა“, რომელიც არც უარყოფს, რომ მას გადაცემა დაუხურეს. ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია “იბერიის“ ხელმძღვანელს ნატო ჩხეიძეს თავად შესთავაზა რომ ლუბა ელიაშვილი გაეშვა სამსახურიდან. იხურება მე-9 არხი. ერთ-ერთი ვარსიით, ბიძინა ივანიშვილს (რომელიც მე-9 არხის მფლობელი იყო) შესთავაზეს სახელმწიფო ტელევიზიის - 1-ლი არხის დაფინანსება, რაზეც მან უარი განაცხადა. ვიღაც-ვიღაცეების ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს ეწირებიან ჟურნალისტები. ამას ზეწოლა უნდა უწოდო, აბა რა. ასე თუ გაგრძელდა, თავისუფალ სიტყვასა და მედიაზე, მით უმეტეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნება. 

ახალი ამბები