კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაწანწალა ბავშვები-ყველა ჩვენთაგანის საფიქრალი

12 მაისი, 2004

მაწანწალა ბავშვები-ყველა ჩვენთაგანის საფიქრალი

საქართველოში ქუჩის ბავშვების პრობლემა მოუგვარებელია, არავინ ფიქრობს და ზრუნავს მათზე, უფრო მეტიც, მათი რაოდენობაც კი არავინ იცის. უმრავლესობა ტოქსიკომანია და ზოგს მეტყველებაც უჭირს. ჩვენ  მათ ვერაფრით ვეხმარებით გარდა ,,ხურდებისა’’. პოლიცია კი მხოლოდ “ტარიფს“ ურეგულირებს ქუჩის ბავშვებს. რატომ არ ცდილობს სახელმწიფო რაიმე გზის გამონახვას მათ დასახმარებლად? ისინიც ხომ ჩვენნაირი ადამიანები და ჩვენი საზოგადოების ნაწილნი არიან? 

         საქართველოში მაწანწალა ბავშვთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და ხშირად არც მათი არსებობის რაიმე დამადასტურებელი საბუთი მოიპოვება. გამოდის, რომ ადამიანი ფაქტიურად არ არსებობს და იმ შემთხვევაში თუ მას რაიმე დაემართება, სახელმწიფო ვერ დაეხმარება. მისი ცხოვრება და მის გარშემო არსებული რეალობა ჰგავს “იყო და არა იყო რას“. მაგალითად, თუ მოხდა ასეთი ადამიანის მკვლელობა, პროკურატურა გამოძიებას ვერ აწარმოებს. რატომ?– იმიტომ რომ პიროვნება, რომელიც მოკლეს ოფიციალურად არ იყო რეგისტრირებული. მის შესახებ დოკუმენტაცია არ მოიპოვებოდა. ის უბრალოდ არ არსებობდა.

ტრაგედიაა ისიც, რომ მაწანწალა ბავშვების ნაწილი ბაზრობებზე და სხვადასხვა მომსახურების სფეროშია დასაქმებული, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი გარკვეული რაოდენობა წარმოებაშიც კი მუშაობს. ,,დასაქმებული’’ ძალიან პირობითი ცნებაა, ანუ შრომითი ხელშეკრულება მათთან არავის არ აქვს გაფორმებული, გარდა ამისა, ყველას აქვს უფლება გაუსწორდეს ამ ბავშვს ისე, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. უმრავლესობა ტოკსიკომანია და ბევრს მეტყველებაც არ აქვს განვითარებული; არ იციან წერა–კითხვა. ზოგიერთი მიუსაფარია და ღამის გასათევი ადგილიც არ აქვს. ამიტომ ისინი იძულებულნი არიან ღამე მეტროპოლიტენში გაათიონ. მათ ეს გარკვეული თანხა უჯდებათ: დაახლოებით ხუთი ლარი ან უფრო მეტი. ვის უხდიან ისინი ამ ფულს? – პოლიციას და მეტროს ადმინისტრაციას. დღემდე ეს ორი სტრუქტურა არეგულირებდა ,,ტარიფს’’ ქუჩის ბავშვებისათვის, რომელთა დღიური შემოსავალი საშუალოდ ათი–თხუთმეტი ლარია. პოლიცია თავს იმით იმართლებს, რომ ხელფასი მიზერული აქვს. მაგრამ რამდენად ამართლებს ეს მათ მოქმედებას? საქმე ხომ ბავშვებს ეხება. უნდა ავღნიშნოთ ის გარემოებაც, რომ უბნის ინსპექტორები ,,წილში’’ არიან ამ ბავშვებთან, რომლებიც ,,წვრილმანებზე ჩალიჩობენ’’. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ქუჩის ბავშვი არ გაუყოფს ,,კრიშას’’ - ხშირ შემთხვევაში ინსპექტორს - თავის შემოსავალს, მას, როგორც თვითონ ქურდბაცაცები ამბობენ, ,,სროკავენ’’. მაგრამ გამოსავალს მაინც უტოვებენ. გარკვეული თანხის გადახდის შემთჩვევაში, მათ ათავისუფლებენ. ასეთ სოციალურ სიდუხჭირის გარემოში მყოფი ბავშვის ფსიქიკას მძიმე დაღი ესმევა. ნაადრევად მწიფდება და იწყებს სქესობრივ ცხოვრებას. ასეთი ადამიანი ოცდახუთი წლის ასაკში ორმოცისას ჰგავს და მისგან ჯანმრთელი მოქალაქის მიღება შეუძლებელია. ზოგიერთ ბავშვს, რომელიც დღეს–დღეობით ქუჩაში გვხვდება, მშობლებიც ჰყავს და ცოტა ხნის წინ სკოლაშიც დადიოდა. სწორედ ადამიანთა ეს ფენაა განმსაზღვრელი იმ პრობლემისა, რომელიც ჩვენ წამოვჭერით. რატომ ხდება უინტერესო ბავშვისთვის სკოლაში სიარული და რა აიძულებს მას  ქუჩაში გასვლას? 

პროფკავშირი “ერთობას“ იურიდიული სამსახურის უფროსმა დავით წიქარიშვილმა განგვიცხადა: ,,ექსპლუატატორული შრომისაგან ბავშვთა დაცვის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური გზა არის განათლების გაუმჯობესება. 45 ბავშვიან კლასში მოსწავლე ვერ ახერხებს საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობის მიღებას და თავისი შესაძლებლობების წარმოჩენას. ელემენტარულად მასწავლებელს არ შეუძლია ინდივიდუალური მუშაობა თითოეულ მათგანთან. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სავალდებულო განათლება არის ექვსი წელი და თორმეტი წლის ასაკში ბევრი მათგანი ტოვებს სკოლას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შრომის უფლება ადამიანს ენიჭება თხუთმეტი წლიდან და რა უნდა აკეთოს ბავშვმა  თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე? – ის ქუჩაში მიდის. ამ ტიპის ხარვეზი კანონმდებლობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა არსებობდეს. ქუჩაში აღმოჩენილი პატარა ადამიანი შავ გზას ადგება და დამნაშავეობრივი სამყარო ამ ბავშვისაგან იღებს შევსებას.  იგი ხდება ან ნარკომანი, ან  ტოქსიკომანი ან ასოციალური ადამიანი. ,,ასოციალურში’’ ვგულისხმობ იმას, რომ მას ელემენტარული ჩვევები არ ექნება იმ სოციალურ წრესთან ურთიერთობისა, რომელიც იხდის გადასახადებს და არის მოქალაქე.   

        ბავშვს მშობლისაგან იცავს კანონი, მაგარამ მის რჩენას და განათლებას არ ავალდებულებს, არც სახელმწიფო იღებს ამ ვალდებულებას. ბავშვის მომავალი თანამედროვე საქართველოში ხშირად დამოკიდებულია მშობლის გუნება–განწყობილებაზე, რაც სავალალო შედეგებს მოგვიტანს. სამსახურიდან დაბრუნებულ მშობელს ხშირად ეზარება შვილს გაკვეთილების მომზადებაში დაეხმაროს, გაიზიაროს მისი პრობლემები ან მისი ინტელექტუალური განვითარებისათვის მიზერული თანხა გაიღოს. მშობლის სითბოს და ყურადღებას მოკლებული ბავშვი ქუჩაში ცდილობს დანაკლისის ანაზღაურებას. 

           საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და თანაც რაც შეიძლება სასწრაფოდ, თორემ ძალიან მალე ჩვენი ქუჩები მაწანწალა ბავშვებს ვეღარ დაიტევს“.

ცქრიალა შერმადინი, ნანა ნასყიდაშვილი

ახალი ამბები