კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იყიდება „იბერია“: ყიდის მთებს და ყიდის ველებს!

28 მაისი, 2004

იყიდება „იბერია“: ყიდის მთებს და ყიდის ველებს!

ჯერ გადაცემა „დიალოგი“, შემდეგ „ახალი ამბები“ და ბოლოს მთლიანად ტელევიზია. ამა წლის 19 მაისს ტელეკომპანია „იბერიას“ დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ყადაღა დაედო. ეს უკვე მეორე ტელეკომპანიაა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ „ხავერდოვან“ განვითარებას ეწირება. ყველაფერი კი 19 თებერვალს „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებული ოპერატიული ღონისძიებით დაიწყო. გადასახადების დაფარვის ბრალდებით ყადაღა დაედო „ომეგა ჯგუფის“ საწარმოთა დიდ ნაწილს (მათ შორის სტამბას, რის გამოც შეწყდა გაზეთ„ახალი ეპოქის“ და ჟურნალ „ომეგას“ გამოცემა) და ამ საწარმოთა ოფისებში შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც დღესაც ადგილზე რჩება და განაგრძობს ძიებას მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი საგამოძიებო ვადა დიდი ხანია ამოიწურა.

გთავაზობთ ინტერვიუს ქ-ნ ლუბა ელიაშვილთან, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მასზე, ისევე როგორც მთელს ტელევიზიაზე, განხორციელდა აშკარა ზეწოლა.

– ქალბატონო ლუბა, რის გამო გაუქმდა გადაცემა “დიალოგი“?

– ალბათ იმის გამო, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჩემი გადაცემა არ მოსწონს.

– პირდაპირი ზეწოლა არის?

- პირდაპირი ზეწოლა არის მთელ იმ ბიზნესზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ტელეკომპანია ,,იბერია“. აბსოლუტურად უსამართლოდ და სამართლებრივი საბუთის სრული არ არსებობის ფონზე 19 თებერვლიდან დღემდე, თითქმის სამი თვეა უკვე, ფირმის ყველა ოფისში დგას შეიარაღებული ფორმირებები. მე მათ ვუწოდებ უკანონოს იმიტომ, რომ რაც არ უნდა კანონიერი იყოს და გია ბარამიძეზე დაქვემდებარებული, როცა ისინი უკანონოდ დგანან რომელიმე ობიექტზე, არიან უკანონო ფორმირებები. ასე დგანან იქ, არ გადიან და არ აძლევენ საწარმოს მუშაობის საშუალებას. ნებისმიერი გამართლება, რომ იქ მიმდინარეობს რაღაც ძიება–ჩხრეკა, უსაფუძვლოა. ძიებისთვის მათ ჰქონდათ ერთი თვე და ეს ვადა მათ დიდი ხანია ამოწურეს. საბუთების ამოსაღებად კიდევ ერთი თვე ჰქონდათ და ესეც ამოიწურა; სხვთა შორის, საბუთების ამოღება ,,რუსთავი2“–ზე, რომელიც მოჰყავთ პრესაზე ზეწოლის მაგალითად, განხორციელდა ისეთ პირობებში რომ ტელევიზიას ერთი წუთითაც  არ შეუწყვეტია მუშაობა; უბრალოდ შევიდნენ და მათ შესახებ მოითხოვდნენ საბუღალტრო დოკუმენტაციას, მეტი არაფერი. ჩვენ შემთხვევაში დოკუმენტაცია სულ ამოღებულია. ამის მიუხედავად, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ტელევიზიას კვებავს, არის გაჩერებული და მე უნდა გითხრათ, რომ ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ მიზერული ანაზღაურების ფასად, იმიტომ რომ უღირთ ,,იბერიის“ გადარჩენა. თორემ ჩვენ რეალურად სარეკლამო შემოსავალი არ გვაქვს. ნურავინ დამიწყებს იმის მტკიცებას, რომ სუფთა სარეკლამო შემოსავლის ხარჯზე არსებობს რომელიმე ტელეკომპანია დღეს იმიტომ, რომ ეს იქნება სრული სიცრუე და მე ამას ვამბობ აბსოლუტური თავდაჯერებით და თუ ის არსებობს, მაშინ მას აქვს პროტექციონიზმი ხელისუფლების მხრიდან და მხოლოდ ამის გამო აქვს დიდი რაოდენობის სარეკლამო შემოსავალი. რაც შეეხება იმას, ხორციელდება თუ არა ზეწოლა თავად ჩემზეც, როგორც ,,დიალოგის“ წამყვანზე, რევოლუციის დღეებში ძალიან სერიოზული ზეწოლა იყო ჩვენზე. იყო ზარები ძალიან მძიმე და ძალიან შეურაცხმყოფელი და ამავე დროს იყო მუქარის ზარები და როდესაც ჩვენ მივმართეთ ,,სამეულის“ წევრებს, რომლებიც წარმართავდნენ მიტინგს და მიტინგზე გამოცხადდა, რომ აღარ შევეწუხებინეთ იმის შემდეგ ეს ზარები შეწყდა.   თუმცა, მცდელობები არის საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულების დათესვისა. ვიღაცას ალბათ ნერვებს უშლიდა ჩემი გადაცემა, რადგან იგი ობიექტური იყო და არ ასახავდა მოვლენებს, როგორც ქ-ნმა ნინომ [ბურჯანაძემ] თქვა, მიკერძოებულად, მაგრამ სწორი პოლიტიკური ორიენტაციით. მე არა მაქვს პოლიტიკური ოერიენტაცია და მოდით ნურავინ დამძრახავს თუ მინდა, რომ ჩემს სამშობლოში ტყვია არ გავარდეს.

– და ვისგან იყო ეს შეწუხებები?

- თვითონ ალბათ იმ ადამიანებისგან ვინც იყვნენ მიტინგების აქტივში, რადგან მიტინგების მეთაურებმა და წარმმართველებმა შესძლეს ამ ზარების შეწყვეტა, როცა ჩვენ მათ პირდაპირ დავადექით პირზე და შემდეგ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქალბატონმა ნინომაც გამოაცხადა, რომ არ შეიძლება თავისუფალ მასმედიას უტევდნენ და ამის შემდეგ ეს ზარებიც შეწყდა. მე არ მგონია რომ იქ მთელ მასას ერთად  გაეგო, ამიტომ მე ვაკეთებ დასკვნას უფრო იმიტომ, რომ იქ ის მასა იცვლებოდა, მიდიოდა–მოდიოდა და თუ ვიღაცას სურვილი ჰქონდა ისევ გააგრძელებდა ამ ზარებს. ამიტომ მგონია რომ ეს იყო გეგმაზომიერი, აქტივისტებისაგან წამოსული ზარები, რომლებმაც იმ წუთშივე გაიგეს ახალი მესიჯი და მაშინვე შეწყვიტეს. ამის შემდეგ იყო ზეწოლა თითო–ოროლა კონკრეტული პერსონის, თავად ჩემი და ასევე ტელეკომპანიის მიმართაც. თუმცა, ძალიან ბევრი მხარდამჭერიც არის, რაც მე ძალიან მახარებს და ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს ,,სად არის ლუბა ელიაშვილის გადაცემა?“ და მე ძალიან მიხარია, რომ ქუჩაში მცნობენ და ყველა ძალიან გულშემმატკივრობს. არის ორი პოზიცია. არის ან ძალიან დიდი სიყვარული და ჩემდა საბედნიეროდ ეს დიდი სიყვარული უფრო მეტი მხვდება და არის ძალიან სერიოზული აგრესია, რასაც არ უარვყოფ. საერთოდ გულგრილი პოზიცია ,,დიალოგის“ მიმართ არ არსებობს. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ აი ამ გამძაფრებული დაპირისპირების პერიოდში ,,იბერია“ მაქსიმალურად ცდილობდა, ყოფილიყო ობიექტური და არა პროპაგანდისტული, თუმცა, ეს ტერმინები, როგორც ჩანს, მე და ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვადასხვაგვარად გვესმის. ობიექტურობაში ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ თუ გახსოვთ მიიჩნია ,,რუსთავი2“–ის ჟურნალისტების დამოკიდებულება, რომ ისინი მხარს უჭერდნენ რევოლუციას, მოგვეხმარნენ და იყვნენ ჩვენ მხარეს, რისთვისაც ვუხდი მადლობას, ისინი იყვნენ მიკერძოებულები, მაგრამ ისინი იყვნენ კარგები. მას მერე, მე არც გამკვირვებია რომ ,,დიალოგს“ პრობლემები შეექმნა. კიდევ ერთი ჩემს სახლზე, როგორც ნახეთ გადაიცა კიდევაც ეთერში, დამიზნებით იყო ტყვია, სამი მაზრა იპოვეს და ნამდვილად სამი ტყვიის კვალია, ერთი ფანჯარაში შემოსული ტყვიაა, ხოლო ორი ჩარჩოზეა მოხვედრილი ფანჯრის გარეთ. ეს ხდება 25-ში, რევოლუციიდან ორიოდე დღეში. საქმე, რასაკვირველია, დაიხურა, თუმცა ჰქონდათ ტყვიის გულა, ტყვიის მასრაც და ვერავინ ვერაფერი გაიგო და დღემდე არ არის დაჭერილი ის ადამიანი, ვინც ეს განახორციელა და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იქ იყო დიდი საფრთხე რომ ეს ტყვია მოხვედროდა იქ მყოფ ადამიანებს და არავინ იყო დარწმუნებული რომ ეს უბრალოდ მარტო ფანჯრისთვის ნასროლი ტყვია იყო. ასე რომ, ზეწოლა რასაკვირველია არის და ამ პირობებში ძალიან ძნელია ობიექტური დამოკიდებულება მოვლენებისადმი და საგნებისადმი.

- 19 თებერვლის მერე მაინც აგრძელებდით ეთერში გასვლას მიუხედავად ზეწოლებისა.

- დიახ გავდიოდი, მაგრამ ეს იყო არანორმალურ რეჟიმში მუშაობა იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის გაგვეგებინებინა, რა ხდება ჩვენს თავს. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მობრძანდებოდა ჩვენთან ეთერში. დიდ ხვეწნა-მუდარად გვიჯდებოდა ეს და ჩემთვის ძალიან გულსატკენია, რომ მრავალი ადამიანი, რომელთაც მე პატივს ვცემდი და ვთვლიდი პრინციპულ პიროვნებებად, თავს არიდებდნენ „დიალოგში“ მონაწილეობას და ზოგიც საკმაოდ უხეშადაც გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ჩვენი ტელევიზიის მიმართ. 

- წინასწარი საგამოძიებო ვადა ამოწურულია?

- ყველა ვადა ამოწურულია. რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ უნდა შემოვიღოთ კანონი, რომელიც აკრძალავს საწარმოსთვის მუშაობის შეფერხებას ძიების ჩატარების მიზნით. ასეთი კანონი არსებობს. ვალტერ შვიმერმა, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, როდესაც მან ნახა ეს სიტუაცია, განაცხადა, რომ კატეგორიულად არ შეიძლება საწარმოს ჩაყენება ხელოვნურად გაკოტრების მდგომარეობაში, რაც ზუსტად ხორციელდება ომეგა ჯგუფის საწარმოების მიმართ. ისინი ხელოვნურად არიან ჩაყენებულნი ისეთ მდგომარეობაში, რომ გაკოტრდნენ და მისმა კონკურენტებმა დაიმკვიდრონ ადგილი ბაზარზე.

- თქვენ რა ზომებს იღებთ ამის წინააღმდეგ?

- ჩვენ ვჩივით ამ საკითხზე.

- რა საფუძველი არსებობს რევიზიის არსებობისა?

- რაღაცა სამართლებრივი საფუძველი ალბათ არსებობს, რომ გრძელდება დოკუმენტური რევიზია, მაგრამ დოკუმენტური რევიზია საწარმოს დაკეტვას ვერაფრით ვერ უკავშირდება. უამრავ ორგანიზაციაში ტარდება სხვადასხვა რევიზია სხვადასხვა დროს, თუმცა, არც ერთი არ იხურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტყვიაა ნასროლი ფილიპ მორისის ოფისზე და მისი თანამშრომლები იძულებლნი გახდნენ, დაეკეტათ ოფისი და წასულიყვნენ. დაიკარგა ვიდეო მაგნიტოფონი ფილიპ მორისის ოფისიდან, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თანამშრომლების ძვირფასი ნივთები და ფულია დაკარგული და ეს იმ დროს, როდესაც ჩვენი კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული სპეცრაზმელები დარაჯობენ ტერიტორიას.

- როგორ აპირებთ თქვენი ხმის საზოგადოებამდე მიღწევას?

- მე ვაპირებ, რომ ჩემი ჟურნალისტური პროფესია გამოვიყენო ყველგან, სადაც ამის საშუალება მექნება და გამოვთქვა ჩემი აზრი, რადგან ვთვლი, რომ ვარ პროფესიონალი. რაც შეეხება ჩემს გადაცემას და ჩემი ჟურნალისტური დამოკიდებულების გამოხატვას, ერთი უცნაური რამ უნდა გითხრათ: დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემთან კონტაქტზე გამოვიდა ვაშინგტონ პოსტის კორესპონდენტი ბ-ნი პიტერ ბეიკერი და ძალიან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ჩემთან. მან ასევე ჩაწერა ინტერვიუები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვებთანაც. მას შემდეგ, მე შევდივარ ვაშინგტონ პოსტის საიტზე, ვნახე უამრავი სხვა სტატია, მაგარმ ჩემი ინტერვიუ არ გამოქვეყნდა. არამარტო ჩემი სტატია, არამედ ზოგადად იმდროინდელი საქართველოს სიტუაცია მისი თვალთახედვით (ის იყო აქ და ჰქონდა ბევრი ინფორმაცია), არ გამოქვეყნებულა. იქამდე ცოტა უფრო ადრე ჩაწერა ინტერვიუ ბ-ნმა ვლადიმერ ხიხილოვმა, რომელიც НТВ-ს წარმოადგენს და არ გასულა ეს ინტერვიუ ამ არხზე. ორ კვირის წინ ჩემთან სახლში მოსულნი იყვნენ ჟურნალ “სარკეს“ კორესპონდენტები და ჩაწერეს ინტერვიუ ჩემს მეუღლესთან (შალვა შავგულიძე, რომელიც არის ადვოკატი და უამრავი გახმაურებული საქმე ჰქონია) ასევე ჩემთანაც, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილ ფიგურასთან, მაგრამ არ გამოქვეყნებულა არც წინა ორშაბათს, არც ახლა და ალბათ არც არასდროს გამოქვეყნდება. მე, რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი, საზოგადოებას ვამცნო ის, რა პრობლემებიც გვაქვს შექმნილი. ვიფიქრებ, რა საშუალებებით გავაგრძელო ჩემი კარიერა და რა საშუალებებით მივაწვდინო ჩემი ხმა საზოგადოებას. მე ისეთ დროსაც მიცხოვრია, როდესაც საკუთარი აზრის გამოთქმა დისიდენტობას ნიშნავდა და არ შემშინებია და თუ ახლაც ასე დაერქმევა, ახლაც ვიქნები დისიდენტი. მე ყოველთვის ვიტყვი იმას, რაც მიმაჩნია სწორად.

- ხდება თუ არა თქვენი აზრით ზეწოლა თავისუფალ მედიაზე?

- მე მიმაჩნია, რომ მეტ-ნაკლები თავისუფლებით ამ ეტაპზე გამოირჩევა “იმედი“ იმიტომ, რომ იმ ბიზნესს, რომელიც “იმედს“ ასაზრდოებს, ჩვენი ხელისუფლება ვერ შეუტევს. ის ბიზნესი საქართველოში არ იწარმოება.

ძალიან გული დამწყდა მეცხრე არხზე. სრულიად ცხადია, რომ განსაკუთრეებული პირობები შეიქმნა, რომ ასეც მომხდარიყო იმიტომ, რომ ცოტა ხნის ადრე მან ლიცენზია შეიძინა, რათა მთელს საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. ტელევიზიის პოზიციასთან ხელისუფლებას ვერანაირი პრეტენზია ვერ ექნებოდა, რადგან ძალიან რბილი პოზიცია ეკავათ, მაგრამ სერიოზული პრეტენზიები შეიძლება ჰქონოდათ ბიზნესთან არა იმიტომ, რომ ეს მანკიერი ბიზნესია. როგორც ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას ძალიან რჩება თვალი ვიღაც-ვიღაცეების შექმნილ ქონებაზე და მათ მიერ აწყობილ საქმეზე (ეს მხოლოდ შეფასებაა, ჩემი შეხედულება). ეს ქონება ამ ადამიანების დაუღალავი შრომის, ნიჭიერების, მოხერხებულობის და ა.შ. შედეგად შეიქმნა და არა იმიტომ რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ; და იმის გამო რომ ბიზმესმენს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ხელისუფლებასთან, ის იძულებულია თავისუფალი სიტყვა შეწყვიტოს ან შეზღუდოს. მე უბრალოდ გიგა ბოკერიას სიტყვების ციტირებას ვახდენ გადაცემა „თემასთან“ დაკავშირებით გაკეთებული კომენტარიდან.

მე ასევე მოვისმინე ბ-ნი მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, სადაც მან შეუტია აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებს, რომ ტონი აარჩიონ და ისე ილაპარაკონ. მე მეშინია იმის, რომ დღევანდელი ხელისუფლება თვლის, რომ სიმართლე მხოლოდ მის მხარეზეა და რომ იგი არ იძლევა კრიტიკის საფუძველს. ზუსტად ასევე ფიქრობდა ძველი ხელისუფლება, ოღონდ ვერ ბედავდა ამის ხმამაღლა თქმას.

ახალი ამბები