კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამება - მთავრობის კარტ-ბლანში

9 ივნისი, 2004

წამება - მთავრობის კარტ-ბლანში

ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან კარტ-ბლანში პოლიციის აღვირახსნილობისა და შედეგად წამების მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის მიზეზი ხდება. ახალი ხელისუფლების მიერ წესრიგის ძალისმიერი მეთოდებით დანერგვას სავალალო შედეგებამდე მივყავართ მართლმსაჯულების სისტემაში, სადაც უშუალო შეხება ხდება ადამიანის ღირსებასთან, თავისუფლებასა და სიცოცხლესთან. პოსტრევოლუციურ საქართველოს გაცილებით მეტი წამების მსხვერპლი და აღნიშნული მიზეზით უკვე ორი გარდაცვლილი ჰყავს.

არასამთავრობო ორგანიზაციათა დაკვირვების საფუძველზე შესაძლებელი ხდება იმის განცხადება, რომ საქართველოში არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ფსიქოლოგიური გარემო იმისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ბოლო წლებში სხვა ფუნდამენტურ უფლებების დარღვევასთან ერთად ქვეყანაში სისტემატიურად ხდებოდა მოქალაქეთა წამება და მათ მიმართ არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, რამაც განსაკუთრებული სიმძაფრით თავი იჩინა რევოლუციის შემდგომ პერიოდში. გაიზარდა წამების მსხვერპლთა რიცხვი; უფრო მეტიც, დაღუპულია ორი ადამიანი - გიორგი ინასარიძე, რომელიც 2003 წლის 20 დეკემბერს დილით შსს შენობაში განთავსებულ წინასწარი დაკავების საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს (წინა დღეს დაკავებული) და ხვიჩა კვირიკაშვილი, რომელიც ამა წლის 23 მაისს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს მუხიანის განყოფილებაში დაკავებისა და პოლიციის თანამშრომელთა მიერ სახლში მიყვანის შემდეგ ნახევარ საათში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ 2003 წლის განმავლობაში, რევოლუციამდე, პატიმართა გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. „რევოლუციური ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ახალი ტრადიციის მიხედვით, ყველა ნაწამებ დაკავებულს თურმე სხეულის დაზიანებები მიღებული აქვს დაკავებისას გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, ხოლო პოლიციელთა მიერ მოკლული ყველა პირი აუცილებლად უწევდა მათ შეიარაღებულ წინააღმდეგობას და პოლიციას მისი მოკვლის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ წამების ფაქტების მიუხედავდ, არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა ამ მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335 მუხლი), რომელიც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქვეყანაში არსებულ სიტუაციას კი, შეიძლება ითქვას ვეღარავინ აკონტროლებს, რადგან სრულადაა მოშლილი ხელისუფლების კონტროლისა და ბალანსირების მექანიზმი. არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვნად დასუსტდა - მათი უმრავლესობა სახელისუფლებო დანამატს წარმოადგენს, ხოლო, როგორც თავად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ადამიანის უფლებებისადმი რეალურად მებრძოლი არასამთავრობოები ხელისუფლებამ კონტრრევოლუციონერებად მონათლა და ფუნქციონირების გზები შეუზღუდა. ასე მაგალითად, თუ ადრე არსებობდა ნება ხელისუფლების (მაგ. ნარჩემაშვილის მინისტრობის დროს არ იყო კანონით გათვალისწინებული, მაგრამ იძლეოდა მონიტორინგის საშუალებას), დღეს ხელმისაწვდომობა მონიტორინგისთვის პრაქტიკულად აღარ არსებობს. იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მონიტორინგის საბჭოები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების 17 წარმომადგენელისგან შედგებოდა, მინისტრის 30 აპრილის ბრძანებულებით გაუქმდა. გადაწყვეტილებას საფუძვლად ედო ახალი საბჭოების შექმნის მოტივი, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ-ჯერობით შეჩერებულია და ციხეებში მონიტორინგის წარმოების ყველა გზა მოჭრილია.

ჩვენ კომენტარისთვის მივმართეთ ბ-ნ გელა ნიკოლეიშვილს („ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“), რომელიც აცხადებს, რომ წამებამ განსაკუთრებით დიდი მასშტაბები რევოლუციის შემდგომ პერიოდში მიიღო, რადგან შევარდნაძის მთავრობის დროს ერიდებოდნენ აღნიშნულ ქმედებებს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია იყო ძალიან ძლიერი, გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც იყო ზეწოლა. დღეს ყველა ეს მექანიზმი ფაქტიურად მოსპობილია; აღარც სახალხო დამცველის მექანიზმი არსებობს, არასამთავრობოების დიდი ნაწილი ფაქტიურად გახდა სამთავრობო დანამატი; გარდა ამისა, დამოუკიდებელ მედიაზე არის საკმაოდ მწვავე ზემოქმედება, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ვერ უძლებენ და იხურებიან. ეს ზეწოლა უშუალოდ ჟურნალისტებზე არ არის. ჩვენი დაკვირვებით, ეს ხდება ძირითადად გაზეთებისა თუ ტელევიზიების რედაქტორებზე, გამომცემლებზე, მათ ხელმძღვანელებზე და იმათი მეშვეობით - ჟურნალისტებზე. საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულებას რაც შეეხება, ისინი იმედით შეხვდნენ ამ რევოლუციას და ნდობის მანდატი ჰქონდათ, ბოლო ხანებში კი უკვე რეალურად აფასებენ ამ ყველაფერს და საკმაოდ ფრთხილად და კრიტიკულად ეკიდებიან ხელისუფლების მოქმედებას.

- ჩამოსული იყო წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, მათი შეფასება როგორია?

- მათ ჯერ ანგარიში არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ აღნიშნეს, რომ ასეთი საშინელი ციხე არ გვინახავს მთელ მსოფლიოშიო. ციხეში, რაც მართალია, წამება პირდაპირ უკვე აღარ ხდება, მაგრამ მდგომარეობა, რომელიც იქ არის უკვე წამების ერთ-ერთი ფორმაა: საშინელი სანიტარული მდგომარეობაა, ოც ადგილიან საკანში ორმოცი და ორმოცდახუთი პატიმარია და მორიგეობით უწევთ ძილი, დასვენება თუ სხვა ამდაგვარი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ორთაჭალის მე-5 იზოლატორში და ქუთაისის მე-2 საპყრობილეში, სადაც ბრალდებულები არან მოთავსებული.

- სად ხდება წამების ფაქტები?

- წამება ხდება წინასწარი დაკავების საკნებში. წამების მიზანია ჩვენების გამოძალვა, იქნება ეს სწორი თუ არასწორი ჩვენება. როდესაც პოლიციიის მხრიდან არის ეჭვი ვინმე პიროვნებაზე, მას აქვს ორი მიზანი წამებისას: ერთი, რომ მართლა დანაშაული გაიხსნას, მეორე შემთხვევაში, რომ აღიარებინოს და შემდეგ ფული გამოძალოს. არის შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკს ან იარაღს უდებენ, როდესაც სურთ არასასურველი პირის უბრალოდ ციხეში ჩაკეტვა - იქნება ეს კრიმინალური ავტორიტეტი თუ სხვა მხრივ არასასურველი პირი.

- ნაწამები პატიმრებისგან თუ ყოფილა სარჩელი ამ საკითხთან დაკავშირებით შეტანილი სასამართლოში?

- როგორც წესი პატიმრები ამას ერიდებიან, ეშინიათ. გახშირდა ასეთი ფაქტები, რომ არ უშვებენ ადვოკატსაც კი, რომელსაც კანონით უფლება აქვს დაკავებისთანავე შევიდეს, მას უბრალოდ უმალავენ პატიმარს.

- რაოდენობრივი მაჩვენებელი როგორია წამების ფაქტების სიხშირისა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ?

- რაოდენობამ იმატა. გვაქვს მოძიებული 150-მდე ფაქტი. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტია.

ახალი ამბები