კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს „წარმატებები“ ტრეფიკინგის სფეროში

30 ივნისი, 2004

საქართველოს „წარმატებები“ ტრეფიკინგის სფეროში

კუთვნილი მეორე თუ არარსებული, მაგრამ დამსახურებული მეოთხე ადგილი საქართველოსთვის?

ამა წლის 15 ივნისს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, საქართველომ ტრეფიკინგთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებული საქმიანობის გამო მესამედან მეორე რიგში გადაინაცვლა. არის თუ არა ეს ანგარიში რეალური სიტუაციის ანარეკლი თუ ამერიკის ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული „კეთილშობილური“ ჟესტი საქართველოს მთავრობის მიმართ; რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა აღნიშნული ანგარიშის შედგენა; არის თუ არა ეს გამოკვლევები ობიექტური და კომპეტენტური; რა ხერხებს მიმართა მთავრობამ, რათა მიეღწია ამ მნიშვნელოვანი ნახტომისათვის და რა ხდება საქართველოში რეალურად აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, - ამის გასარკვევად მივმართეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც, აღმოჩნდა, რომ სრულიად განსხვავებული შეხედულება გააჩნიათ ამ სფეროში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.
 
ანგარიში, რომელიც აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა GORBI-ის გამოკვლევების საფუძველზე გააკეთა, ტრეფიკინგის პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს არარეალურად მიაჩნიათ და თამამად აცხადებენ, რომ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა საქართველოში იმისათვის, რომ პროცესი დარეგულირებულიყო ამ სფეროში. მათი მტკიცებით, ქვეყანაში არალეგალურმა მიგრაციამ იმატა იმასთან შედარებით, ვიდრე იყო გასული წლის მაჩვენებლებში და გააქტიურდნენ ის ჯგუფები, რომლებიც მუშაობდნენ ადამიანებით ვაჭრობაზე.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა კომენტარისთვის მიმართა მიგრანტთა და უცხოელ მოქალაქეთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის ცენტრის დირექტორს ბ-ნ ნუგზარ სულაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყანაში, სადაც არ არის საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც არ არსებობს როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმის დაცვის ინსტიტუტი და სადაც სახელმწიფო ორგანოები ვერ იცავენ ელემენტარულ ეთიკის ნორმებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციით, არ შეიძლება იყოს ლაპარაკი იმაზე, რომ მან რაიმე წარმატებებს მიაღწია და შესაბამისად შეუძლებელია იმყოფებოდეს მეორე კატეგორიაში.

- მე არ ვიცი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან რა მოსაზრებით გაკეთდა ასეთი შემსუბუქებული ანგარიში ჩვენი ქვეყნის მიმართ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ საქართველოსთვის უნდა გამოენახათ არა მეორე და მესამე ადგილი, არამედ უნდა დაემატებინათ მეოთხე ადგილი, სადაც მოისროდნენ საქართველოს,- აცხადებს ნუგზარ სულაშვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ როდესაც ამერიკის საელჩომ გააკეთა განცხადება აღნიშნული ანგარიშის შესახებ სახალხო დამცველის ოფისში, რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უარი განუცხადეს ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე იმ მიზეზით, თითქოს ფორმატი შეიცვალა. თუმცა ისინი წინასწარ იყვნენ მიწვეულნი შეხვედრაზე.
 
- ბოლო პერიოდში იყო თხოვნები ჩემს მიმართ, რომ არ გამეკეთებინა ხმამაღალი განცხადებები თუნდაც იმ პერიოდში, როდესაც ჩემს ოჯახს და ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს შეექმნათ სერიოზული საფრთხე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით (თავდასხმები, მუქარები, დაბოლოს, შვილის - 11 წლის სალომე სულაშვილის გატაცების მცდელობა). იქიდან გამოდინარე, რომ თავად სახალხო დამცველის ოფისიდან იყო რჩევა, რომ არ ღირდა საქმის გახმაურება, ვინაიდან ამით შეიძლება უფრო დაძაბულიყო მდგომარეობა, ჩვენც თავი შევიკავეთ აჟიტირებისაგან. ახლა ვაანალიზებთ, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ხელი არ შეშლოდა იმ ანგარიშს, რომელიც მომზადდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. ასევე სახალხო დამცველმა შემახსენა ის ტრაგიკული შემთხვევა რომელიც ლაოსში მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოააშკარავა ტრეფიკერები, ისინი ამოხოცეს და მთხოვა ჩუმად და ფრთხილად ვყოფილიყავი. ასეთი სახის პესიმიზმი არ გამჩენია მაშინაც კი, როდესაც ქვეყანას მართავდა ედუარდ შევარდნაძე,- აღნიშნა ბ-ნმა ნუგზარმა.

- როგორია თქვენი შეხედულება ტრეფიკინგის წინააღმდეგ კანონპროექტთან დაკავშირებით და რა აბრკოლებს მის მიღებას?

- ძალიან დასახვეწია, იგი უბრალოდ გადმოწერილია სხვა ქვეყნის კანონმდებლობიდან და მას ვერ ექნება წარმატება ყველა ქვეყანაში. გარდა ამისა, საქართველოში ადამიანებით უკანონო ვაჭრობას საკმაოდ სერიოზული მფარველები ჰყავს; ზურგი აქვთ გამაგრებული იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სფეროში არიან დაკავებულნი და ერთ-ერთი მიზეზი ამ კანონპროექტის მიუღებლობისა შეიძლება ესეც იყოს.

ახალი ამბები