კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მითი საზოგადოებრივ ტელევიზიაზე

4 ივლისი, 2004

 

 

მითი საზოგადოებრივ ტელევიზიაზე

პირველი არხის ხელმძღვანელების ბოლშევიკური ვნებანი

საქართველოში ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მრავალი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის აღმოჩნდა 1–ლი არხიც. სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნის პროცესს 700–მდე თანამშრომელის სამსახურიდან დათხოვა მოჰყვა და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მათ რიცხვში აღმოჩნდა სტრუქტურული ცვლილებების გასატარებლად მოამბის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიერ მიწვეული ზვიად ქორიძეც. ზვიად ქორიძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოულოდნელი იყო როგორც თავად მისთვის, ისე მოამბის თანამშრომელთათვის. კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზებს ხელმძღვანელობა არ ასახელებს. ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ დაირღვა მისი შრომითი უფლებები და აპირებს სასამართლო გზით აღადგინოს სამართლიანობა.

საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რომლის მიზანი სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაქცევაა. ამ რეორგანიზაციის პროცესში პირველი არხის ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ზვიად ქორიძე მოიწვია, რათა მას გადაცემაში ისეთი სტრუქტურული ცვლილებები და ინოვაციური მიდგომები მოეხდინა, რაც ხელს შეუწყობდა 1–ლი არხის საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაქმნას და კონკურენტუნარიანს გახდიდა „მოამბეს.“ ქორიძის მიერ წარმოდგენილ პროექტზე ხელმოწერა სხვადასხვა მიზეზების გამო ჭიანურდებოდა და ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად იგი სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.

ყოფილი რედაქტორის განმარტებით, მისი მუშაობის პერიოდში მოამბეს მინიმუმ სამი მადლობა მაინც აქვს დამსახურებული და მათ შორის პირადად მასაც. თვითონ ბ–ნი ქორიძე აღნიშნავს: „მიზეზი არც იმ ბრძანებაში ჩამოუყალიბებია, რომელიც, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, 31 მაისით თარიღდება, მაგრამ საფუძვლად აღებულია შრომის კოდექსის ის მუხლი, რომელიც კონტრაქტის შეწყვეტას ვადის გასვლის გამო ითვალისწინებს. მე მქონდა მცდელობა პირადად შევხვედროდი ზაზა შენგელიას, მაგრამ უშედეგოდ". ქორიძის თქმით, ასევე უპირობოდ და ვადების დარღვევით შეუწყვიტეს კონტრაქტები რამოდენიმე თანამშრომელს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მისი პროტექციით დაიწყეს მუშაობა ტელევიზიაში. ხოლო ზოგი თანამშრომელი გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ მათ აღშფოთება და პროტესტი გამოხატეს ქორიძის ასე უმიზეზოდ სამსახურიდან დათხოვის გამო.

ნათელია, რომ ტელევიზიის რეორგანიზაცია მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, განსაკუთრებით მრავლად ირღვევა ადამიანთა შრომითი უფლებები. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ორგანიზაციაში სტრუქტურული ცვლილებები ხშირ შემთხვევაში იწვევს საკადრო ცვლილებებსაც, მაგრამ ეს პროცესები უნდა იყოს ღია და გამჭირვალე საზოგადოებისთვის, მით უმეტეს თუ კი საკითხი ეხება საზოგადოებრივი ტელევიზიის ფორმირებას. კანონის თანახმად, თითოეული თანამშრომელი ორი თვით ადრე მაინც უნდა იყოს ინფორმირებული გათავისუფლების შესახებ. ასევე, კადრების შემცირებისას დაცული უნდა იქნეს იმ თანამშრომელთა უფლებები, რომელთაც სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება აქვთ გამომდინარე მათი კვალიფიკაციიდან და შრომის ნაყოფიერებიდან. მოამბის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ დაირღვა მისი უფლებები, რაც გამოიხატება იმაში, რომ წინასწარ გაფრთხილების გარეშე მას შეუწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება და ეს მოხდა კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელების შემდეგ. ქორიძემ სიტყვიერი შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ მიიღო 4 ივნისს, ხოლო თავად ბრძანება 7 ივნისს ჩაბარდა მაშინ, როდესაც კონტრაქტს ვადა 1 ივნისამდე ჰქონდა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ქორიძე აცხადებს, რომ ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ 31 მაისით თარიღდება. ზვიად ქორიძემ საკუთარი უფლებებისა და სამართლიანობის აღდგენის მიზნით სარჩელი შეიტანა სასამართლოში. თუ რა იყო მისი გათავისუფლების მიზეზი ამის თქმა დანამდვილებით ძნელია, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცაღა, ყოველივე ნათქვამიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ზვიად ქორიძის პიროვნება მოამბის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად მიიწვიეს მოამბეში ცვლილებების განსახორციელებლად. ძალზედ მნიშვნელოვანია არხის დაფინანსების საკითხიც, თუ როგორ მოხდება თანხების გამოყოფა და ფულადი სახსრების მიზნობრივი ხარჯვის გაკონტროლება.

საქართველოში განხორციელებულმა სულ ცოტა ხნის წინანდელმა მოვლენებმა ნათლად წარმოგვიჩინა, რომ საზოგადოებაში დომინირებდა უარყოფითი განწყობა, როგორც მმართველობითი ელიტისადმი, ისე მათ მიერ შემოთავაზებული თითქმის ყველა ღონისძიებებისადმი, გაიზარდა უნდობლობა ხელისუფლების სამივე შტოს მიმართ, მოსახლეობის მზაობა პროტესტებისა თუ გაფიცვებისადმი, სოციალური დაძაბულობა, რამაც გამოიწვია ხელისუფლების შეცვლა და განაპირობა სახელმწიფო სისტემაში მნიშვნელოვანი სტრუქტურული, ორგანიზაციული და საკადრო ცვლილებების გატარება. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც სახელმწიფო ტელევიზია უნდა ყოფილიყო. შედეგად ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, ახალი სახეები გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, რომელთა ერთ–ერთ მთავარ მიზანსა და მისიას დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობა, ადამიანთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა წარმოადგენს. მაგრამ ცოტა არ იყოს გასაკვირია ის, რომ იმ ორგანიზაციაში, რომლის მთავარი ამოცანა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი და აქტუალური მოვლენების შესახებ საზოგადოებისთვის რელევანტური და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა, მნიშვნელოვნად ირღვევა იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც სამართლიანობის, ობიექტურობის სადარაჯოზე დგანან.

ნინო ბესტავაშვილი


ახალი ამბები