კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოში პოლიტიკური პატიმრები გამოჩნდნენ. ვინ იქნება შემდეგი?

21 ივლისი, 2004

საქართველოში პოლიტიკური პატიმრები გამოჩნდნენ. ვინ იქნება შემდეგი?

ადამიანთა წამება საქართველოში “დემოკრატიის“ დამკვიდრების გარანტიაა.
სულხან მოლაშვილი - პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი პატიმარი?
რეპრესიები გრძელდება - კონტროლის პალატის ყოფილი შეფი აწამეს.

                      

წამება და არაადამიანური მოპყრობა დაკავებულების, განსაკუთრებით კი პოლიტპატიმრების მიმართ დღეს უკვე ექსპერტიზით დადასტურებულ ფაქტს წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის წამებაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ. მოლაშვილის განმარტებით, იგი აწამეს ელექტროშოკითა და სიგარეტის ნამწვავების ტანზე ჩაქრობით, რომლის ნაკვალევიც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს დღესაც ეტყობა სხეულზე. 9 ივლისს მოლაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა, რომელმაც დაადასტურა სულხან მოლაშვილის სხეულზე წამების კვალის არსებობა. ოფიციალური სტრუქტურებიდან კი არავინ დაინტერესებულა მოლაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებებით. „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის განცხადებით, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა მისი წამების ფაქტის გახმაურებისაგან ერთის მხრივ იმ მიზეზით, რომ ამას არაფერი შედეგი არ მოჰყვებოდა გარდა იმისა, რომ შეიძლება მისი ფიზიკური ლიკვიდაცია დაჩქარებულიყო და მეორეს მხრივ, მას არ უნდოდა, მის ოჯახს გაეგო ამ ფაქტის შესახებ. ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ მოლაშვილი ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას იმ პირებზე, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში და ეს იყო მისი დაპატიმრების რეალური მიზეზი. არასამთავრობო ორგანიზაციები მოლაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ და შეშფოთებულნი არიან ბოლო დროს საქართველოში ადამიანის უფლებების გახშირებული დარღვევების შემთხვევბის გამო. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის წამების ფაქტი პირველად 2 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ გაახმაურა, მოგვიანებით კი აღნიშნული ფაქტი 9 ივლისს ჩატარებულმა ექსპერტიზამაც დაადასტურა.

2004 წლის 24 აპრილს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი საკუთარი ნებით გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ხელისუფლება აპირებდა მის დაკავებას. ამავე დროს იგი გენერალური პროკურატურიდან გადაიყვანეს შს თბილისის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში. მისივე განმარტებით, იმავე დღეს იგი აწამეს ელექტროშოკითა და სიგარეტის ნამწვავების ტანზე ჩაქრობით, რომლის ნაკვალევიც მოლაშვილს დღესაც ეტყობა სხეულზე. პარალელურად მასზე ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

მაია ნიკოლაიშვილი – დამოუკიდებელი ექსპერტი:
 „მართალია მე ვერ აღმოვაჩინე ელექტროდენის კვალი, მაგრამ ორნახევარი თვეა გასული და ეს ბუნებრივია. ამიტომ მე არც უარვყოფ და არც ვადასტურებ ამ ფაქტს. მოლაშვილი ამბობს, რომ ელექტროშოკით წამების შემდეგ სიგარეტები დააწვეს ზურგზე, რაც ნათლად ჩანს მის სხეულზე. ტერფებზე მიღებულ დაზიანებეზე კი ის დუმს, თუმცა დაზიანებები სერიოზულია. ამასთანავე, იგი დათრგუნულია; აბსოლუტურად ყველა ფრჩხილი ბოლომდე აქვს დაჭმული – ეს ალბათ მისი სულიერი მდგომარეობის გამომხატველია. დღეს წამების კვალი ბევრი აღარ ემჩნევა, მაგრამ ის რაც ჩანს საკმაოდ მნიშვნელოვანია და დადასტურებული“.

მოლაშვილი წამების ფაქტს ორთვენახევარი უარყოფდა. როგორც ჩანს, მას ჰქონდა იმედი, რომ მისი წამების შესახებ ინფორმაციის გაუვრცელებლობა დაეხმარებოდა მას საპატიმრო ადგილას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და თავისუფლების მოპოვებაში.

რაც შეეხება მის ოფიციალურ ბრალდებას, სულხან მოლაშვილს ბრალად ედება კონტროლის პალატის თავჯდომარის თანამდებობაზე ყოფნისას 37201 ლარის განაწილება პრემიის სახით საკუთარი თანამშრომლებისათვის. დაკავებიდან დღემდე მოლაშვილის მიმართ ფაქტიურად არ ჩატარებულა არავითარი საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც პირადად იგი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან ჯერ იყო მოთხოვნა, რომ მას გათავისუფლების საფასურად გადაეხადა გარკვეული თანხა (დაახლოებით 1 მილიონი დოლარი), ხოლო შემდეგ - მოთხოვნა, რომ შეეძინა და სახელმწიფოსთვის “ნებაყოფლობით“ გადაეცა წავკისში მდებარე ის დიდი აგარაკი, რომელიც მოლაშვილის დაკავებისთანავე პროკურატურამ მოლაშვილის საკუთრებად გამოაცხადა და ტელევიზიითაც აჩვენა (სინამდვილეში ამ სახლის მფლობელი სრულიად სხვა პიროვნებაა, რომელსაც არავითარი კავშირი მოლაშვილთან არ აქვს). 
14 ივლისს კი პროკურატურამ სულხან მოლაშვილი
 3 მილიონის გაფლანგვაში დაადანაშაულა. 

„ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“ ოფისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ნანა კაკაბაძემ განაცხადა, რომ მოლაშვილთან ვიზიტის და არასასურველი ინფორმაციის გახმაურების გამო გაათავისუფლეს №1 საპყრობილის უფროსის მოადგილე, რომელმაც მას პატიმრის ნახვის ნება მისცა, ხოლო თავად მოლაშვილი კი იმავე ღამეს გადაიყვანეს №7 საპყრობილეში (შსს-ს შენობაში) კარცერის ტიპის საკანში, სადაც ის ჩააყენეს არაადამიანურ მდგომარეობაში – მოათავსეს პატარა ბნელ საკანში, სადაც არც განათება იყო, არც წყალი და სკამიც კი არ ჰქონდა დასაჯდომად.

7 ივლისს საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტით მყოფმა მათიას იორშმა არასამთავრობოთა თხოვნის საფუძველზე, ციხეში მოინახულა მოლაშვილი, რის შემდეგაც გამართულ პრეს-კონფერენციაზე სხვა პრობლემებთან ერთად მათიას იორშმა ისაუბრა მოლაშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც. მან აღნიშნა, რომ მთელი თავისი პრაქტიკის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა ასეთი ვანდალური მოპყრობისა.

მიუხედავად ასეთი სერიოზული ექსპერტების ჩარევისა სულხან მოლაშვილის მდგომარეობა ოდნავ თუ შეიცვალა, რაც იმაში გამოიხატა, რომ რემონტი უკეთდება იმ საკანს სადაც ის იმყოფება; გაყავთ ელექტრო ენერგია და ამბობენ, რომ წყალსაც გაუყვანენ საკანში. „მაგრამ ეს არის იმდენად პატარა საკანი, რომ ამ საკანში ადამიანის დაკავება და მოთავსება თავისთავად არის ადამიანის წამება და გვემა, რაც დაუშვებელია საერთაშორისო ნორმებით“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მოლაშვილის წამების ფაქტს გამოეხმაურა  ქალაქის პროკურორი გრიგალაშვილი, ხოლო იუსტიციის სამინისტროს სამედიცნო დეპარტამენტის უფროსმა, რომელსაც პატიმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ევალება უკიდურესად ცინიკური ტონით სტრიპტიზმად შეაფასა ექიმი-ექსპერტის მიერ პატიმრის გასინჯვა) რომელმაც პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ მოლაშვილის სხეულის დაზიანების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება დაადგენს, რა მიზეზებით იქნა მიყენებული ეს დაზიანებები (ხომ არ იყო ეს თვითდაზიანება ციხის საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით).

საქართველოს პრეზიდენტმა კი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასთან საუბარში უსინდისოები და ნაძირლები უწოდა მოლაშვილის ყველა დამცველს (მან თურმე იცის, რომ მოლაშვილის დასაცავ წერილზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეებს ამაში ქრთამი ჰქონდათ აღებული) და მოსახლეობას დაპირდა, რომ მას მანამ არ გაანთავისუფლებდა, სანამ ფულს არ გადაახდევინებდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კი (სადაც არასამთავრობოთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი იქნა მიწვეული პრეზიდენტის მიერ) პრეზიდენტს მოლაშვილის წამების საკითხთან დაკავშირებით გამოუთქვამს ვარაუდი, რომ მან თვითონ მიიყენა დაზიანება.

დღესდღეობით, სამართალდამცავების მუშაობის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული მოქალაქეთა უკანონო დაპატიმრებები, დაკავებულთა წამება და მათ მიმართ განხორციელებული არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობები. პენიტენციალურ დაწესებულებებში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ადგილები, რომლებიც თავისთავად იწვევს ადამიანთა წამებასა და გვემას. დემოკრატიული ლოზუნგებით მოსულმა ხელისუფლებამ გააუქმა იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მონიტორინგის ჯგუფი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა მოენახულებინა პენიტენციალური დაწესებულებები. ასე რომ, ხელისუფლების მიერ განხორციელებული დარღვევების კონტროლისა და მასთან ბრძოლის ყველა მექანიზმი ლიკვიდირებულია. ადამიანის უფლებათა დარღვევა კი განუსაზღვრელი დროით გრძელდება. არ არის გამორიცხული, საქართველოში ადამიანის უფლებების ცნებებმა მალე მითოლოგიის სფეროში დაიმკვიდროს ადგილი.

ახალი ამბები