კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი ხელისუფლების ახალი მსხვერპლი: „ჯორჯიან თაიმსს“ დახურვა ემუქრება

29 ივლისი, 2004

ახალი ხელისუფლების ახალი მსხვერპლი: „ჯორჯიან თაიმსს“ დახურვა ემუქრება

საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პერმანენტულ ხასიათს იძენს დაუსაბუთებელი მიზეზების გამო ტელევიზიების, გაზეთების და პოპულარული თოქ–შოუების დახურვა. ბოლო თვეების განმავლობაში მთელი რესპუბლიკის მასშტაბით დაიხურა 7 ეროვნული გაზეთი. ამჟამად კი, ჯერი მიდგა და დახურვის საფრთხე ემუქრება ქართულენოვან გაზეთ „ჯორჯიან თაიმსს.“

14 ივლისს „ჯორჯიან თაიმსის“ ოფისში ფინანსური პოლიცია შეიჭრა, რომელმაც ჩატარებული ჩხრეკის შედეგად გაზეთის მუშაობის 10 საათით შეჩერება გამოიწვია. ქართულენოვანი გაზეთის ხელმძღვანელთა განმარტებით, ხელისუფლებაში მყოფი კონკრეტული პირები ცდილობენ „ჯორჯიან თაიმსის“ პარალიზებას და განაცხადეს, რომ ეს არის პირადი ანგარიშწორება გაზეთზე, რომელიც უარს ამბობს შეეგუოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გამეფებულ კორუფციას.

კომპანიას განზრახული აქვს ფინანსური პოლიციის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა სასამართლოში, რადგან სასამართლოდან შესაბამისი სანქციის წარმოდგენის გარეშე ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები შევიდნენ გაზეთის ოფისში და კონფისკაცია გაუკეთეს გაზეთის ფინანსურ დოკუმენტაციას. „ეს არის დანაშაული, – განაცხადა გაზეთის ადვოკატმა, ეკა ბესელიამ – ჩვენ ვაპირებთ შევიტანოთ სარჩელი ფინანსური პოლიციის წინააღმდეგ გაზეთის რეპუტაციისა და ღირსების შელახვისა და მორალური ზიანის მიყენებისათვის.“ გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ წარმომადგენელთა განცხადებით, კომპანიაში ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა თბილისის პროკურორის ვალერი გრიგალაშვილის ბრძანების შედეგად განხორციელდა. ამ ინციდენტს კი წინ უსწრებდა ერთი თვის განმავლობაში ქართულენოვან გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაციების სერია - ჟურნალისტური გამოძიება, სადაც ვალერი გრიგალაშვილის შესახებ გამოქვეყნდა მაკომპრომენტირებელი მასალები და იგი მხილებულ იქნა ანტიკონსტიტუციურ და უკანონო საქმიანობაში. ბოლო პუბლიკაცია, რომლის შემდეგ განხორციელდა რეიდი გაზეთ „ჯორჯიან თაიმსში,“ ეხება თბილისის პროკურორის პროფესიულ საქმიანობას და ყოფილი პროკურორი ლორდი ლებანიძე ინტერვიუში ვალერი გრიგალაშვილს კორუფციაში ადანაშაულებდა და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდა. მედია ჰოლდინგის ხელმძღვანელის მალხაზ გულაშვილის განმარტებით, თბილისის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი მის შესახებ გამოქვეყნებული სტატიების შემდეგ დახურვით დაემუქრა გაზეთის ჟურნალისტებს და ასევე პირადად მას და მის მეუღლეს ნანა გაგუას, რომელიც არის გაზეთ „ჯორჯიან თაიმსის“ გამომცემელი. მან ამ ადამიანებს დაჭერა და გაზეთის დახურვა „უწინასწარმეტყველა“.

„წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გაცილებით მეტი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ მუქარები იყო, რომლებიც სისრულეში არ მოყავდათ. ბიბლიაში წერია: ხე ნაყოფით იცნობაო და შესაბამისად ეს ნაყოფი ის არის, რომ დაიხურა 7 გაზეთი, 2 ტელევიზია და გაქრა პოპულარული გადაცემები. დასკვნა თქვენთვის მომინდია. ჩვენ ვხედავთ ამას, როგორც მედიაზე ზეწოლას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ ამას ვერ დავაბრალებ უშუალოდ ცენტრალურ მთავრობას, პრეზიდენტს ან პრემიერ–მინისტრს. ამგვარ ქმედებაში პასუხისმგებელია თბილისის პროკურორი“,– განაცხადა „ჯორჯიან თაიმსის“ ხელმძღვანელმა.

უშუალოდ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა გაზეთის შტაბ–ბინაში შესვლის საფუძვლად დაასახელეს ის, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ გადასახადებთან დაკავშირებით უკანონო ფინანსური ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ვერანაირი მაკომპრომენტირებელი საბუთი ვერ აღმოაჩინეს ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა რამოდენიმე საბუთი სასამართლოში მაინც გააგზავნეს.

მედია ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსი დაფუძნებულ იქნა 1993 წელს. იგი არის მსოფლლიო პრესის ასოციაციის წევრი, რომელიც უძლიერეს გაერთიანებას წარმოადგენს და რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 900–მდე გამომცემელი და 22 000 ათასი გაზეთია გაერთიანებული. გაზეთი ქვეყნდება, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე, რომელიც ვრცელდება სომხეთსა და აზერბაიჯანში და აქვს ასევე ვებ საიტი http://www.geotimes.ge/

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები