კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანთა გატაცება - ძველი ტრადიცია, ახალი მიზნები

27 აგვისტო, 2004

ადამიანთა გატაცება - ძველი ტრადიცია, ახალი მიზნები

ევროკავშირის ექსპერტთა მონაცემების თანახმად, ადამიანთა გატაცების ფაქტებმა ყველაზე დიდი გავცელება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ჰპოვა, რომელთა შორის ლიდერის პოზიცია ჩრდილოეთ კავკასიას, კერძოდ კი ჩეჩნეთს უკავია, რომელსაც პანკისის ხეობა ესაზღვრება. ადამიანთა ვაჭრობის ამ დანაშაულებრივმა სახემ- ადამიანების გატაცებამ 90-იანი წლებიდან დაიწყო „განვითარება“ და დღეს კრიმინალის ეს სახეობა შემოსავლებით ნარკოტიკებითა და იარაღის უკანონო ვაჭრობით ბიზნესს ხშირ შემთხვევაში უსწრებს კიდეც. ბოლო წლებში საქართველოში ადამიანების გატაცებამ პერმანენტული სახე მიიღო და ფულის გამოძალვასთან ერთად ამ გატაცებებს ძირითადად პოლიტიკური სარჩული ედო საფუძვლად. 2001-2003 წლებში პანკისის ხეობაში მომხდარი გახმაურებული გატაცებების შემდეგ მსოფლიო საზოგადოების თვალში საქართველოს იმიჯი საგრძნობლად დაეცა.

ადამიანის ვაჭრობის ისეთმა დანაშაულებრივმა სახეობამ, როგორიცაა  ადამიანთა გატაცება საქართველოში იმდენად დიდ მასშტაბებს მიაღწია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დანაშაულს სპეციალური სტატისტიკური გამოკვლევა მიუძღვანა და სპეცილურად პრეზიდენტ შევარდნაძისთვის მომზადებულ ადამიანთა გატაცებების შესახებ გასაიდუმლოებულ მასალას გრიფით „საიდუმლო“ დაედო. მოგვიანებით არსებული ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვისაც გახდა ცნობილი. წლების მანძილზე დაგროვილი გაუხსნელი საქმეების უმეტესობა ძიების ქვეშაა და გატაცებულთა ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია ისევა როგორც მათი ბედ-იღბალი და როგორც ჩანს სამართალდამცველები უახლოეს მომავალშიც ვერ უზრუნველყოფენ ამ საქმეების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას. 2001 წელს მომხდარი 26 გატაცებიდან მხოლოდ 17 გაიხსნა და ისიც მომდევნო წლებში. აქედან 9 საქმე დღესაც გაუხსნელია და არნაირი ინფორმაცია არ არსებობს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლი გახდნენ. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას მიეკუთვნება იტალიის საფეხურთო კლუბ „მილანის“ ნახევარმცველის კახი კალაძის ძმის ლევან კალაძის გატაცება, რომელიც 2001 წლის გაზაფხულზე თბილისიდან გაიტაცეს. ასევე აღიძრა და გამოძიება დღესაც მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული შერეული სამშვიდობო ძალების ბატალიონის მეთაურის, ვიცე პოლკოვნიკ ზურაბ დურგლიშვილის გატაცების ფაქტზე. გავცელებული ინფორმაციით, დურგლიშვილი იარაღის ბიზნესით იყო დაკავებული, რაც მისი გატაცების მიზეზი გახდა. სამართალდამცველებმა დღემდე ვერ გამოიძიეს და მათთვის უცნობია 14 წლის მარიამ გოგინაშვილის - ყოფილი პოლიციელისა და აგრეთვე მხედრიონელის ქალიშვილის ბედ-იღბალი. გოგონას შესახებ სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. მშობლებმა პოლიციას მარიამის გატაცების შესახებ ორი დღის შემდეგ შეატყობინეს, როდესაც უცნობმა პირებმა გამოსასყიდის სახით 50 ათასი აშშ დოლარი მოთხოვეს. მას შემდგომ გატაცებული  გოგონას  კვალი უგზოუკვლოდ დაიკარგა. მამა ბასილ მაჩიტაძის გატაცების დღიდან (სამი წელი გავიდა მას შემდეგ) სამართალდამცველები ირწმუნებოდნენ, რომ დღე-დღეზე მოხდებოდა მისი განთავისუფლება და გამტაცებლების დასჯა, მაგრამ ყოველგვარი დაპირება დაპირებად დარჩა. ბერის გატაცების თაობაზე ნარკობიზნესთან დაკავშირებული ვერსია გავრცელდა, სადაც ამ ბიზნესში ქართველი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეულნი. გავცელებული ინფორმაციით მამა ბასილი უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გაატაცებინეს.

განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იმყოფებიან საქართველოში მცხოვრები უცხოელი ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დროებით ჩამოსული ტურისტები. კრიმინალური დაჯგუფებების მიერ გატაცებულ უცხოელ მოქალაქეთა საქმეები მხოლოდ მათი ტყვეობიდან განთავისუფლებით შემოიფარგლა, ხოლო გამტაცებელთა ვინაობა და დაკავება ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა.

არაბი ბიზნესმენის, ფირმა „აგროტექნიკის“ უცხოელი პარტნიორის შარბელ ბეშარა ანუს გამტაცებლებისაგან გამოხსნა მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გამტაცებელთა უგზო-უკვლოდ გადაკარგვით დასრულდა. საქართველოს ბაზრის ქათმის ბარკლებითა და ბანანით მომმარაგებელი ფირმის „აგროტექნიკის“ ერთ-ერთი თავკაცი, აშშ-ს მოქალაქე ბეშარა ანუ თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან გაქრა, რომელიც სამმა შეიარაღებულმა ნიღბიანმა დილის 11 საათზე გაიტაცა. გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით 200 ათასი დოლარი მოითხოვეს. ინგლისელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცების საქმეც მისი გათავისუფლებით შემოიფარგლა. თავდაპირველად მისი გატაცება შოთა ჭიჭიაშვილის ჯგუფს მიაწერეს, მაგრამ პანკისელი კრიმინალის დაკავების და თბილისში ჩამოყვანის შემდეგ შოუს გატაცების საქმე გაუხსნელობის მოტივით დაიხურა. გაუხსნელია „სლავნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტის ჯუმბერ ტყებუჩავას დედისა და „ლუკიოლის“ ვიცე-პრეზიდენტის მამის, შარიფოვის გატაცების საქმეც. ამ უკანასკნელის ცხედარს კი სამართალდამცველებმა ერთი კვირის თავზე ბოლნის-დმანისის გზაზე, ხევში მიაგნეს. კოდორის ხეობაში საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების, კერძოდ კლაუს ოტის, ჰენრიკ სორენსენისა და მათი ქართველი თარჯიმნის ლაშა ჩიკაშუას გატაცების საქმე ასევე გაუხსნელი დარჩა. ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ერთერთი წარმატებული საქმე, რომელიც გატაცებულის დახსნითა და გამტაცებელთა დაკავებით დასრულდა, ქართველი ბანკირის თამაზ მაღლაკელიძის გატაცების საქმე გახლდათ.

ბოლო წლებში საქართველოში მომხდარმა რეზონანსულმა გატაცებებმა მნიშვნელოვნად შელახა ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო სარბიელზე, რამაც საქართველო ერთ-ერთ არასტაბილურ და საშიშ რეგიონად წარმოადგინა საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

„ეს საქართველოს წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი დივერსიაა, ამიტომაც, იმ ტოტალურ გატაცებებს, რაც ხდებოდა, პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. ძალზე სეროზულად მუშაობდა FSB და რუსეთის სხვა სპეცსამსახურები. მათ საქმიანობას რამოდენიმე მიზეზი ედო საფუძვლად. რუსეთი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ტერორისტულ იმიჯს უქმნიდა; ქმნიდა ფონს რომ საქართველოში უცხოელი ბიზნესმენებისათვის საშიში გარემო იყო და მესამე, ეს გახლდათ ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ჩეჩნების, რომელთა დაცვასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორცილებდნენ, ორგანიზებულ დანაშაულებრივი სინდიკატის წამყვან წევრებად გამოცხადება. ამ დიდი პოლიტიკური ინტერესების განხორციელებაში მონაწილეობას ქართველი მაღალჩინოსნებიც იღებდნენ. მუშაობდა კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენელთა გარდა გაცილებით მაღალი ეშელონის ჩინოსნები იყვნენ,“- განაცხადა ექსპერტმა კავკასიურ საკითხებში მამუკა არეშიძემ. ექსპერტის განმარტებით, ესპანელი ბიზნესმენების გატაცების საქმეში პოლიციის მაღალჩინოსანი იყო გარეული, რომელიც ამჟამად მუშაობს შსს-ს სტრუქტურაში. მამუკა არეშიძის თქმით, გატაცებულ ესპანელთან ერთად „ოპელისა“და „ნივის“ მარკის მანქანებში შოთა ჭიჭიაშვილი და პოლიციის მაღალჩინოსანი იმყოფებოდა, რომლის დახმარებითაც გამტაცებლებმა შეძლეს საგუშაგოს გადალახვა (ინტერვიუს ამონარიდი გაზეთი 24 საათიდან).

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2004 წელს 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის 47 ფაქტი, გახსნილია 37. ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებულია 13, ხოლო მძევლად აიყვანეს 7 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლები 2004 წლის მონაცემებს იშველიებენ და დანაშაულის საგრძნობლად კლების ტენდენციაზე საუბრობენ. ასევე, მათი თქმით, გაიზარდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებლებიც.

სტატია მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა

ახალი ამბები