კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება ადამიანის წინააღმდეგ - თუ როგორ ბღალავენ საქართველოში „სულიერებას“

27 ოქტომბერი, 2004

ხელისუფლება ადამიანის წინააღმდეგ

თუ როგორ ბღალავენ საქართველოში „სულიერებას“

სახელმწიფო თავის ვალდებულებას - გაუწიოს უფასო მკურნალობა ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს - ვერ ასრულებს. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი ადამიანები მოკლებულნი არიან ყოველგვარ სამედიცინო და სოციალურ დახმარებას; მათ უწევთ გაუსაძლის და აუტანელ პირობებში ცხოვრება, რაც კიდევ უფრო აუარესებს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზრდის მათი ინვალიდობის სიღრმეს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უფასო მკურნალობა იგი ამ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. მთავრობის მიერ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მკურნალობის ქვეშ მყოფ ყოველ ავადმყოფზე გამოყოფილი 6 ლარი საკმარისია მხოლოდ არაადამიანურ პირობებში მათი იზოლაციისთვის. ამას ემატება საზოგადოების არაინფორმირებულობის, გულგრილობისა და სირცხვილის გამო  უარყოფითი დამოკიდებულება ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა და მათი პრობლემების მიმართ, რის შედეგადაც ეს ადამიანები გარიყულები და იზოლირებულნი არიან დანარჩენი საზოგადოებისგან. 

ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ საქართველოში. ფსიქიატრიული საავადმყოფოების სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით სავალალო მდგომარეობა, მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობა, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება და სხვა უამრავი პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები, მუდმივ და სისტემატურ ხასიათს ატარებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მთავრობის მიერ ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის გამოყოფილი მწირი თანხები ვერ უზრუნველყოფენ პაციენტთა ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას  და მათ უხდებათ ყველანაირად აუტანელ, გაუსაძლის პირობებში ცხოვრება და ადამიანის ღირსებისთვის დამამცირებელ პირობებში ყოფნა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებულია უფასო მკურნალობა გაუწიოს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს, იგი ამ ვალდებულებებს ვერ ასრულებს და ამ ადამიანთა უმრავლესობა ვერ იღებს სათანადო სამედიცინო და სოციალურ დახმარებას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყოველდღიურად ერთ ავადმყოფზე გამოყოფილი 6 ლარი განკუთვნილია პაციენტის წამლებით მომარაგებაზე, კვებაზე, სამედიცინო პერსონალის ხელფასსა და კომუნალურ გადასახადებზე.

2002 წელს საქართველოში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ გაეროს ეგიდით მოქმედი სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს მიერ ჩატარებულ იქნა სიტუაციური კვლევა, რომლის შედეგად ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში იმყოფებიან და გარდა საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტიგმის მაღალი ხარისხისა, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მათი ყოფის, მოვლისა და მკურნალობის პირობები საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 

ხშირია შემთვევები, როდესაც ირღვევა პაციენტთა უფლებები, განსაკუთრებით გავრცელებულ შემთხვევებს წარმოადგენს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანთა ქონებრივი უფლებების დარღვევა, როდესაც პაციენტის მეურვე, ნათესავი ნებართვის გარეშე განკარგავს მის ქონებას და მოიხმარს პირადი მიზნებისათვის. ამიტომ პაციენტთა გარკვეული ნაწილი გამოჯანმრთელების შემდეგ იძულებულია იცხოვროს საავადმყოფოში მაშინ, როდესაც თავისუფლად შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. ამ ადამიანების მიმართ საზოგადოებაში გამჯდარი უარყოფითი სტერეოტიპები კიდევ უფრო ზღუდავს მათ უფლებებს და ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა სასამართლოს წინასწარი განწყობა დაიცვას ჯანმრთელი მოპასუხის ან მოსარჩელის მხარე, ვიდრე პაციენტის მხარე.

 „სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ეს ადამიანები იმის გამო, რომ დაავადებულები არიან ისინი უკვე დამნაშავენი არიან, უკვე ცდებიან და ვერ აცნობიერებენ რეალურ სიტუაციას. მაშინ როდესაც ეს ასე არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის მდგომარეობა მწვავეა,  საჭიროებს მკურნალობას და ვერ აცნობიერებს თავის ქცევას, მაგრამ როდესაც გამოდის ამ მდგომარეობიდან, მას კონსტიტუციით, კანონით აქვს ყველა ის უფლება, რომლითაც სარგებლობს ჩვეულებრივი მოქალაქე. ეს წერია კონსტიტუციაში, კანონში ფსიქიატრიული დახმარების შესახებ, რაც ხშირ შემთხვევაში, არ სრულდება. საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები განუკურნებელნი არიან და არ შეუძლიათ ან არ უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება და რომ ისინი მუდმივ მეურვეობას საჭიროებენ, რაც  უმრავლეს შემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამება საერთაშორისო სტატისტიკის თანახმად პაციენტთა 100% დან მხოლოდ 20% საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობასა და მეურვეობას, სადღაც 40% პაციენტებისა ხშირად უმწვავდება მდგომარეობა და სისტემატურ მეთვალყურეობას საჭიროებს, ხოლო დარჩენილი 40% სრულფასოვანი მოქალაქეა და სრულფასოვნად შეუძლია თავისი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარების რეალიზაცია “- ინტერვიუში საუბრისას განაცხადა საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის წევრმა, ფსიქიატრმა  ნანა ზავრადაშვილმა.

საქართველოში 12-13 წლის წინათ განხორციელებული მოვლენები, სამოქალაქო ომი და  შედეგად ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი საზოგადოებაში სოციალური დაძაბულობის, ქაოსისა და მასობრივი დეპრესიის მიზეზი გახდა. საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენი საზოგადოება ყოვლად მოუმზადებელი აღმოჩნდა და მათი დიდი ნაწილი დღესაც ვერ ახერხებს იმ ცვლილებებთან შეგუებას, რაც ცენტრალიზებული სახელმწიფო მმართველობიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას მოჰყვა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საზოგადოებაში ფსიქიკურ აშლილობათა მიზეზი გახდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მანანა შარაშიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღეისათვის საქართველოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში 1045 პაციენტი იმყოფება. ექსპერტების გათვლებით საქართველოში 100 000-მდე ფსიქიკურად დაავადებულია, ხოლო ოფიციალური მონაცემებით აღრიცხულია 80 000. აქედან 1045 პაციენტი ფსიქიატიულ საავადმყოფოებშია მოთავსებული, 30 000 ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში იღებს სამედიცინო დახმარებას, რაც გულისხმობს თვეში ერთ უფასო კინსულტაციას და წამლების მინიმალურ რაოდენობას. დანარჩენი აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთაგან, ნაწილი პირად ექიმთან მკურნალობს, ნაწილი კი თვითმკურნალობას ეწევა, ხოლო დიდი ნაწილი მკურნალობის გარეშეა დარჩენილი.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები