კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვალთმაქცობა უსუსური ხელისუფლების იარაღია

12 ნოემბერი, 2004

თვალთმაქცობა უსუსური ხელისუფლების იარაღია
/სასტუმრო აჭარიდან დევნილებს უკანონოდ ასახლებენ/

ხელისუფლება ცდილობს თვალები აუხვიოს დევნილებს და 640 ადამიანს ქუჩაში უშვებს, ხოლო საჩუქრად 7 ათას დოლარს ჰპირდება. თუ როგორ ექცევიან დევნილებს, ეს აშკარად გამოჩნდა ივერიაში მცხოვრები დევნილების გამოსახლების დროს. „50 ოჯახი ქუჩაში - მაწანწალებად, "ბომჟებად" აქციეს. ჩვენ ვხედავთ, ხელისუფლება სახელმწიფოებრივად არ ზრუნავს ჩვენზე, ხელისუფლება კერძო ინტერესს ექვემდებარება“,- აცხადებენ სასტუმრო „აჭარაში“ მყოფი დევნილები, რომლებიც მალე შესაძლოა ქუჩაში აღმოჩნდნენ... არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა“ 3 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სასტუმრო „ივერიასა“ და სასტუმრო „აჭარაში“ მცხოვრები დევნილების გამოსახლების პირობების თაობაზე ისაუბრა. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილისა და იურისტების გიორგი თუმანიშვილის და ნუცა ჩოხელის მიერ გაკეთებული განცხადებების თანახმად, უხეშად ირღვევა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უფლებები.
 
ამა წლის 1 ნოემბრამდე სასტუმრო აჭარაში დროებით მაცხოვრებელ დევნილთა და სააქციო საზოგადოება ,,სასტუმრო აჭარა’’-ს შორის უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც დევნილები იკისრებდნენ ვალდებულებას მიმდინარე წლის პირველ დეკემბრამდე გაათავისუფლონ სასტუმროში მათ მიერ დაკავებული ოთახები. ხოლო სააქციო  საზოგადოება ,,სასტუმრო აჭარა’’ ზემოხსენებულისათვის დევნილთა თითოეულ ოჯახს ,,დახმარების სახით’’ გადაუხდის შვიდი ათას ამერიკულ დოლარს.

ერთი შეხედვით ხსენებული ხელშეკრულება უწყინარი ხასიათისაა. ამასთან, ხელისუფლების განმარტებით, ამ ხელშეკრულებით იგი (ხელისუფლება) ასრულებს დევნილთა წინაშე ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონით, კერძოდ კი ამ კანონის მეხუთე მუხლის მეორე ნაწილის ზ) პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას და უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულ პირებს დროებითი საცხოვრებელი ადგილით. ხელისუფლების წარმომადგენელთა დასაბუთებით ის თანხა, რომელიც დევნილებს ეძლევათ სასტუმრო აჭარაში მათ მიერ დაკავებული ოთახების გათავისუფლებისათვის, გამიზნულია დევნილების მიერ საცხოვრებელი ადგილის შესაძენად.

ყველასათვის ცნობილია, რომ თვალთმაქცობა უსუსური ხელისუფლების იარაღია. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ იყენებს ამ იარაღს თავისივე მოქალაქეებთან ურთიერთობაში. კერძოდ კი, გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ შემდეგზე:
 1. ხელშეკრულება იდება სააქციო საზოგადოება ,,სასტუმრო აჭარა’’-სა და ამავე სასტუმროში დროებით მაცხოვრებელ დევნილთა შორის. შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებად გვევლინებიან ეს უკანასკნელნი, ხოლო სახელმწიფო არ გამოდის ამ კონკრეტულ ურთიერთობაში ხელშეკრულების სუბიექტად.
2. ხელშეკრულების 1.1. მუხლში მოცემულია ფორმულირება ,,ადმინისტრაცია კისრულობს მოქალაქის მიმართ ერთჯერადი განაცემის სახით მატერიალური დახმარების გაწევას 7000 აშშ დოლარის ოდენობით’’. საინტერესოდ მიგვაჩნია ფორმულირება ,,მატერიალური დახმარება’’ იმ კონტექსტში, რომ ამის სანაცვლოდ ,,დახმარების’’ მიმღებმა უნდა გაათავისუფლოს მის მიერ დაკავებული ფართი. კონტრაქტის შინაარსიდან გამომდინარე ეს ცნება არ არის იმ შინაარსობრივი დატვირთვის მატარებელი, რომელიც ადეკვატურად აღიქმება საზოგადოების მხრიდან, არამედ გამოყენებულია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციის განხორციელებისას არიდებულ იქნეს არაერთი გადასახადის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
3. ხელშეკრულების 2.1. მუხლის შინაარსი მეტად დამაფიქრებელია, ვინაიდან მისი შესრულების მოლოდინი შესაძლოა ერთ საუკუნესაც კი გაგრძელდეს, კერძოდ ამ მუხლში მოცემულია: ადმინისტრაცია ვალდებულია გადაუხადოს მოქალაქეს მატერიალური დახმარება 7000 აშშ დოლარი წინამდებარე ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ, 2004 წლის პირველი ნოემბრიდან. მაშასადამე ამ ვალდებულების შესრულება შესაძლოა მოხდეს: 2004 წლის 1 ნოემბრიდან კაცობრიობის დასასრულამდე ნებისმიერ დროს, ვინაიდან დროის მთელი ეს პერიოდი ექცევა ფორმულირებაში ,,2004 წლის 1 ნოემბრიდან’’. როდესაც ხელშეკრულების ამ დათქმის საფუძველზე მოტყუებული დევნილები მიმართავენ სასამართლოს, ისინი ვერაფერს გახდებიან, ვინაიდან დათქმა სამართლებრივად გამართულია, ხოლო დევნილებს თანხმობის ნიშნად ხელი აქვთ ამ ხელშეკრულებაზე მოწერილი. ხსენებული დათქმა კი ხელშეკრულების შემადგენელი და ამავე დროს ძირითადი ნაწილია.
4. ხელისუფლების განმარტება, რომ ამ ხელშეკრულების დადების და შესაბამისად 7000 აშშ დოლარის დევნილებისათვის გადახდის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების კანონით ნაკისრი ვალდებულებანი დევნილების მიმართ შესრულებულად უნდა ჩაითვალოს არ შეესაბამება სიმართლეს. ვინაიდან სახელმწიფოს რჩება ვალდებულება, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირები სათანადო დროებითი საცხოვრებელი ადგილით, ხოლო ამ ვალდებულების შესრულების დათმობა არ განხორციელებულა და დევნილთა თანხმობის გარეშე ვერც განხორციელდება.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება საკითხს, რომელიც ეხება ისედაც მეტად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის უგულვებელყოფამ შესაძლოა გამოიწვიოს სავალალო შედეგები როგორც საზოგადოების ისე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ნებისმიერი ვალდებულება უნდა შესრულდეს სრულად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ნებისმიერ პირს კი აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება თავისი უფლების ხელყოფის ან დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს.

სჭირდება კი ხელისუფლებას ასობით გაუბედურებული და მოტყუებული დევნილის სარჩელთა კორიანტელი სასამართლოში?
დრო გვიჩვენებს ჩვენც და შენც...

 

ამერიკის იურისტთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი,
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო
და სადოკუმენტაციო ცენტრის იურისტი
გიორგი თუმანიშვილი /უმცროსი/

ახალი ამბები