კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებები აზერბაიჯანულად

22 დეკემბერი, 2004

ადამიანის უფლებები აზერბაიჯანულად

საერთაშორისო სამართლით გარანტირებილი ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები აზერბაიჯანის ქართულენოვან მოქალაქეებზე არ ვრცელდება - დისკრიმინაციის, დუმილის და გულგრილობის 83 წელი

ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაცია აზერბაიჯანში კერძოდ, ზაქათალის, ბელაქნისა და კახის რაიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ უკვე მრავალი წელია რაც მიმდინარეობს. ქვეყნის ხელისუფლება დაპატიმრებებითა და სხვა სახის ზეწოლით აიძულებს  ეთნიკურ უმცირესობაში მყოფ ქართველებს შეიცვალონ სარწმუნოება, უარყონ და დაივიწყონ თავიანთი მშობლიური ენა, უარი თქვან ქართულ გვარებზე და მიიღონ აზერბაიჯანული, ასევე მათ არ ეძლევათ უფლება შვილებს დაარქვან ქართული სახელები. ზაქათალა-ბელაქანისა და კახის რაიონის მაცხოვრებელთა აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მათი შევიწროვების ძირითადი მიზეზი საქართველოს ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ 1921 წელს გადაცემული საინგილოს ტერიტორიის შენარჩუნებაა, რასაც იქ მცხოვრები ქართველი მოსახლეობის იძულებითი მეთოდებით სარწმუნოების შეცვლითა და ეროვნული ფასეულობების, თვითმყოფადობისა და ტრადიციების მოშლით ცდილობენ. დასახული მიზანი თითქმის მიღწეულია, რადგან ზაქათალა-ბელაქანში მხოლოდ 3 ქართული სოფელიღა დარჩა. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იქ 11 სოფელი გაამაჰმადიანეს, რომელშიც 140 ათასი ქართველი ცხოვრობდა, დღეს კი ამ რაიონში ქართველთა რიცხვი 12-13 ათასს არ აღემატება. აღსანიშნავია და ამავდროულად გასაკვირიც საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა და გულგრილი დამოკიდებულება აზერბაიჯანის ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემა საკმაოდ კარგადაა ცნობილი ქართული მხარისათვის.

1921 წელს საქართველოს მიერ საინგილოს ტერიტორიის აზერბაიჯანისადმი გადაცემის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლების დღის წესრიგში დადგა ზაქათალა-ბელაქანისა და კახის რაიონებში მცხოვრები ქართველების, რაც შეიძლება სწრაფი გათათრება-გამაჰმადიანება. როგორც ცნობილია, ყველაზე დიდი ზეწოლა  ზაქათალა-ბელაქანში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის მიმართ ხორციელდება, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა ტერიტორიას წარმოადგენს. დასახული მიზანი თითქმის მიღწეულია, ზაქათალა-ბელაქანში მხოლოდ 3 ქართული სოფელი დარჩა.

საქართველოს ხელისუფლება ფლობს ინფორმაციას იმ სიტუაციის შესახებ, რომელშიც წლების განმავლობაში ქართულენოვანი ოჯახები იმყოფებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება გულგრილია მათ მიმართ არსებული უკანონობისადმი და არანაირ ზომებს არ იღებს საკუთარი ხალხის უფლებების დასაცავად. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არაერთხელ თავად გამხდარან მოწმე თუ როგორ ზღუდავენ და ეთნიკურ, რელიგიურ ნიადაგზე სდევნიან იქაურ ქართველებს, სხვადასხვა მეთოდებით აიძულებენ უარყონ და დაივიწყონ თავიანთი მშობლიური ენა, სარწმუნოება, შეიცვალონ ქართული გვარები, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

იაშვილების ოჯახი ერთ-ერთი იმ ოჯახთაგანია, რომელიც იდევნება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. აზერბაიჯანში დაბადებული თემური იაშვილი ქართული ტრადიციების მქონე ოჯახში აღიზარდა. თემურიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში, მესამე კურსიდან, დაინტრესდა ქართველთა აზერბაიჯანში დისკრიმინაციის პრობლემით და სერიოზულად დაიწყო ამ საკითხის შესწავლა, რაც აზერბაიჯანში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მას შემდეგ დაიწყო მისი დევნა და ოჯახის წევრთა დაშინება. მოგვიანებით სამართალდამცავების გამაფრთხილებელი ტონი მუქარაში გადაიზარდა და ღამ-ღამობით იაშვილების ოჯახზე რეიდები ხორციელდებოდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სამართალდამცავებმა თემურის მამის მძევლად აყვანა მოისურვეს. კერძოდ, ისინი იაშვილებს გარიგებას სთავაზობდნენ, რომლის მიხედვითაც ოჯახის უფროსს დააპატიმრებდნენ და პოლიციაში ეყოლებოდათ, სანამ მისი ვაჟი არ დაბრუნდებოდა. შემდეგ მოხდებოდა „მძევლის“ გაცვლა და ციხეში შვილი ჩაჯდებოდა. იაშვილების ოჯახს მეტის ატანა აღარ შეეძლო და თემურის მამა რუსეთში გაიპარა, ხოლო აზერბაიჯანში მისი დედა, და და მცირეწლოვანი ძმა დარჩა. მათზე ზეწოლა გრძელდებოდა, თუმცა არა ისე როგორც უფროს მამაკაცებზე. თემური კი საქართველოში გადმოიხვეწა. მას შემდეგ 3 წელი გავიდა, რაც ახლობლები არ უნახავს. აზერბაიჯანში მასზე ძებნაა გამოცხადებული. ბრალდება, რის გამოც მასზე ფაქტიურად ძებნაა გამოცხადებული ისაა, რომ მას ჯარში არ უმსახურია. თუმცა, იმ დროს როდესაც თემური იაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა, თსუ-ს სამხედრო კათედრა ჰქონდა და შესაბამისად ყველა უმაღლესი სასწავლებელი თავის სტუდენტს სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებდა.

ტერმინი „ინგილო“ მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ქართველები ძალით გაამაჰმადიანეს და აქედან წამოვიდა ტერმინი ინგილო, რომელიც ძველ თურქულად ნიშნავს ახლად მორჯულებულს, ახლად მოქცეულს. ხალხმა დაკარგა საკუთარი სარწმუნოება, მაგრამ მას ყოველთვის სურდა მისი დაბრუნება. შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, იძულებით გამაჰმადიანებულმა ქართველებმა მოისურვეს ქრისტიანობის დაბრუნება. ერთადერთი სალოცავი, ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც მე-16 საუკუნეში ლევან მეფის მიერ იყო აშენებული, ერთ-ერთი ჩინოვნიკის ბრძანებით, 1971 წლის 3 აგვისტოს ააფეთქეს. ზაქათალა-ბელაქანს არც ერთი ეკლესია აღარ შემორჩა.

ის ქართველები, რომლებმაც გაბედეს და ქრისტიანობას დაუბრუნდნენ, მუდმივი დევნისა და შევიწროების ქვეშ არიან. ისინი თავისუფლდებიან საჯარო სამსახურიდან და ხშირად პოლიციის აგრესიისა და ტეროროს მსხვერპლნიც ხდებიან. ასეულობით ადამიანი ვერ ახერხებს დაიბრუნოს საკუთარი გვარი ანდა ახალშობილ ბავშვს დაარქვას ქართული სახელი. ნებისმიერი მსგავსი მცდელობა ქართული მოსახლეობის დატერორებით და ზეწოლის ახალი ტალღით მთავრდება.

აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი ეროვნების მოსახლეობას ისეთივე კონსტიტუციური უფლებები აქვთ, როგორიც აზერბაიჯანელ მოსახლეობას, რაც გამყარებულია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით. მაგრამ აზერბაიჯანის ხელისუფლება მიუხედავად ევროპის საბჭოში გაწევრიანებისა, უგულებელყოფს საერთაშორისო ნორმებს ქართული მოსახლეობის მიმართ. ამასობაში კი დუმილის, გულგრილობის და  და დისკიმინაციის 84-ე წელი იწყება.

ნინო ბესტავაშვილი

ნანა ნასყიდაშვილი

ახალი ამბები