კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ციხიდან გათავისუფლებულ ჩეჩნებს ექსტრადიციის კვლავ ეშინიათ

13 იანვარი, 2005

ციხიდან გათავისუფლებულ ჩეჩნებს ექსტრადიციის კვლავ ეშინიათ

სასჯელმოხდილ ჩეჩნებზე საქართველოს უშიშროება თვალთვალს განაგრძობს

2002 წლის ზაფხულში ქართველი სამართალდამცავების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და იარაღის შემოტანის ბრალდებით დაკავებულმა 5 ჩეჩენმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელი მოიხადა და ამჟამად ოთხი მათგანი გათავისუფლებულია, ხოლო მეხუთე პატიმარი ქისტი გიორგი კუშტანაშვილი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება თავის ოჯახს. გათავისუფლებული ჩეჩნები საქართველოში უსაფრთხოდ არ გრძნობენ თავს და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვენ. ერთ-ერთი გათავისუფლებული ჩეჩენის, ასლანბეგ ხანჩუკაევის დედის განცხადებით, მისი შვილი მუდმივი თვალთვალისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშაა უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან, რადგან სამართალდამცავები მისი გათავისუფლების დღიდან თვალყურს ადევნებენ. ხოლო რუსეთის ოფიციალური ხელისუფლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ჩეჩენი პატიმრების მიმართ ლოიალურს უწოდებს და გათავისუფლებულ ჩეჩენთა ექსტრადიციას ითხოვს. 

2002 წლის ზაფხულში ქართველმა სამართალდამცავებმა 5 ჩეჩენი, ასლანბეგ ხანჩუკაევი, ახმედ მაგამედოვი, ხაზმაგ ისაევი, ალიევი და გიორგი კუშტანაშვილი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და ქვეყანაში იარაღის შემოტანის ბრალდებით დააკავეს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაკავებულ ჩეჩენთა საქმეზე საბოლოო განჩინება შარშან, 25 ნოემბერს გამოიტანა. სასამართლომ ოთხ-ოთხ წლიანი პატიმრობა ხანჩუკაევს, მაგამედოვს, ისაევსა და კუშტანაშვილს 2 წლით და 5 თვით შეუცვალა, ხოლო ალიევს კი იმის გამო, რომ ის ნასამართლევი იყო, 2 წელი და 8 თვე მიუსაჯა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი ჩეჩენი პატიმრიდან ოთხი უკვე თავისუფალია. ერთ-ერთი ჩეჩენი - ალიევი პატიმრობიდან 2004 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს, ხოლო  ასლანბეგ ხანჩუკაევმა ციხე 5 იანვარს დატოვა, ხაზმად ისაევი და ახმედ მაგამედოვი კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 საპყრობილიდან 6 იანვარს გაათავისუფლეს. უახლოეს დღეებში დარჩენილი ჩეჩენი (ქისტი) პატიმრის გიორგი კუშტანაშვილის გათავისუფლება იგეგმება.

ჩეჩენი ასლანბეკ ხანჩუკაევის დედა მაქარ ხანჩუკაევა აცხადებს, რომ მის შვილს საქართველოს უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებენ. 5 იანვარს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მისი შვილი საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლის მექა ხანგოშვილის სახლში იმყოფებოდა, სადაც თეთრი ფერის მსუბუქი ავტომანქანა შენიშნა, რომელიც უშიშროების თანამშრომლებს ეკუთვნოდა. მაქარ ხანჩუკაევა დარწმუნებულია, რომ უშიშროების თანამშრომლების სამი ავტომანქანა ასლანბეკ ხანჩუკაევს ციხიდან გამოსვლისთანავე აედევნა.

ხანჩუკაევი მისმა ახლობლებმა, როგორც ისინი აცხადებენ, შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ამასთან, დედამისი საქართველოს ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დაკავებული ჩეჩნების გათავისუფლებას უარყოფითად აფასებს და  მიაჩნია, რომ ეს ფაქტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს არ შეუწყობს. „რუსეთის მხარემ თბილისის წინაშე არა ერთხელ დასვა დამნაშავეთა ჯგუფის წევრების ექსტრადიციის საკითხი. ხუთი პირის ექსტრადიცია მოხერხდა, თუმცა საქმე ამით შემოიფარგლა და დანარჩენების გადმოცემაზე, რომლებმაც საზღვარი იარაღით ხელში გადაკვეთეს, საქართველომ უარი განაცხადა,“- აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.

მომზადებულია ნინო ბესტავაშვილის მიერ "მედია ნიუსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით

ახალი ამბები