კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ ხვდება ჰაერში ნასროლი ტყვია კონტრაბანდისტების მკერდში

26 იანვარი, 2005

როგორ ხვდება ჰაერში ნასროლი ტყვია კონტრაბანდისტების მკერდში

ფინანსური პოლიცია გარდაბნის რაიონში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავის უფლებამოსილებას აჭარბებს და მიზნის მისაღწევად მშვიდობიან მოსახლეობასაც კი არ ინდობს. იგი მოქმედებს პრინციპით „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ ფინანსური პოლიციის მიერ გარდაბნის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამი აზერბაიჯანელი დაიჭრა, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა, გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულია.

საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 იანვარს, საღამოს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა აზერბაიჯანიდან შემოტანილი კონტრაბანდული ტვირთის - ელექტროტექნიკის დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩაატარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან შემოტანილი კონტრაბანდული ტვირთის მფლობელს, რომელსაც ფინანსური პოლიცია სადახლოს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე აედევნა და მიკროავტობუსის გაჩერება მოსთხოვა. მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციამ გახსნა ცეცხლი. მძღოლი იძულებული გახდა გადმოსულიყო მიკროავტობუსიდან და თავი სოფელ ვახტანგისს შეაფარა.

სოფელ ვახტანგისის მოსახლეობასა და ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა შორის დაპირისპირების მიზეზი მოსახლეობის მხრიდან კონტრაბანდული ტვირთის მფლობელის დაცვა და ფინანსური პოლიციისათვის მძღოლის გადაცემაზე უარი გახდა. ინციდენტის დროს, მოსახლეობამ ამ უკანასკნელებს ქვები დაუშინეს, რამაც ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ცეცხლის გახსნა განაპირობა. ოფიციალური ინფორმაციით, სროლა ჰაერში განხორციელდა, თუმცა, „ჰაერში ნასროლმა ტყვიამ“ სამი აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქე დაჭრა, რომლებიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაჭრილი აზერბაიჯანელის მდგომარეობა კრიტიკულია.

ფინანსური პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა საბაჟოს დააკისრა, რომელმაც საზღვარზე არადეკლარირებული საქონელი გაატარა.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ გუმბერიძე ფინანსური პოლიციის მიერ განხორციელებულ ქმედებას ამართლებს და ტელეკომპანია „ატვ“-თვის (AТV) მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ფინანსური პოლიცია კონტრაბანდასთან ბრძოლას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს და არა მხოლოდ ორი ქვეყნის საზღვარზე.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეშფოთებას გამოთქვამს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მომხდარი ინციდენტის გამო და გმობს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ცეცხლის გახსნის ფაქტს, რომელიც ყოვლად მიუღებელი და, პირველ რიგში, უკანონო ქმედებაა აღელვებული მოქალაქეების დასაწყნარებლად და თვლის, რომ კონტრაბანდასთან ამგვარი ხერხებით ბრძოლა გაამწვავებს ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ურთიერთობას. ასევე ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არანაკლები პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს საბაჟო დეპარტამენტს, სადაც, როგორც ჩანს, კორუფცია კვლავ მძვინვარებს და ასევე, უნდა დადგეს იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა უშუალო ხელდასმით მოხდა არადეკლარირებული ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე გატარება.

მოამზადა ნინო ბესტავაშვილმა

ახალი ამბები