კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საერთაშორისო ამნისტიის შეშფოთების საგანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

9 მარტი, 2005

საერთაშორისო ამნისტიის
შეშფოთების საგანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში
ივლისი - დეკემბერი, 2004 წელი

საქართველო


ნაწყვეტი საერთაშორისო ამნისტიის ანგარიშიდან სახელწოდებით ,,შეშფოთების საგანი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში: ივლისი - დეკემბერი 2004 წელი,“ რომლის სრული ვერსია გამოიცემა 2005 წლის მარტისათვის. უფრო ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სრულყოფილ   დოკუმენტში.

საერთაშორისო დაკვირვება

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წინასწარი ანგარიში და რეზოლუცია

თანამომხსენებლების მატიას იორშისა და ევგენი კირილოვის მიერ 15 დეკემბერს წარმოდგენილი წინასწარი ანგარიში და რეზოლუცია საქართველოს შესახებ გვიჩვენებს, რომ ,,მიუხედავად, ახალი ხელისუფლების მცდელობისა დაიცვას ადამიანთა უფლებები, ჯერ კიდევ ბევრი რამაა ამ მხრივ გასაუმჯობესებელი.“ მათი თქმით, „პოსტ-რევოლუციური მდგომარეობა არ უნდა გახდეს საბაბი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისა, არ უნდა მოხდეს დემოკრატიული და ადამიანთა უფლებების სტანდარტების უგულებელყოფა.“  თანამომხსენებლები მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის საბჭოს რჩევა რამდენჯერმე არ იქნა ადეკვატურად გათვალისწინებული. მაგალითად, მათ გააკრიტიკეს ხელისუფლება,რადგან მან ვერ მოახერხა ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებისა და რჩევის  შესაბამისი გამოყენება. საქმე ეხებოდა თებერვალში საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, ასევე ივლისის თვეში მიღებულ აჭარის ავტონომიურ სტატუსს.

ითვალისწინებდნენ რა საქართველოში ადამიანთა უფლებების მდგომარეობას, თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოთქვეს „დაკავებულთა მიმართ ცუდი მოპყრობის გამო, რაც განსაკუთრებით თავს იჩენს  წინასწარი დაკავებისას, ეს ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა საქართველოში. მათ მოუწოდეს პოლიტიკურ ლიდერებს, პრეზიდენტის ჩათვლით რათა მათ საზოგადოებრივი კამპანია აწარმოონ დაკავებულ პირთა ცუდი მოპყრობის წინააღმდეგ.“ თანამომხსენებლები შეწუხებულნი არიან იმის გამო, რომ სამართალდამცავი ორგანოები დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ და აღნიშნეს, რომ ახალ საქართველოში  უნდა ცნობდნენ უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპს ზოგიერთი კატეგორიის ეჭვმიტანილთან.“ ამასთან, მათ ხაზი გაუსვეს, რომ წინასწარი დაკავების საკნებში, რომლებსაც ისინი ესტუმრნენ მდგომარეობა „უკიდურესად მძიმეა,“ რასაც ემატება და სიტუაცია კიდევ უფრო მძაფრდება ციხეებში პატიმართა რაოდენობის ზრდის გამო. მათ ასევე შეშფოთება გამოთქვეს მთავრობის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ კორუფციაში ბრალდებული ზოგიერთი ოფიციალური პირის დაპატიმრება გაურკვეველ გარემოებებში მოხდა, ხშირად შესაბამისი ორდერის გარეშე, როცა არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ ეჭვმიტანილს გაქცევა ქონდა განზრახული. წინასწარი ანგარიში ასევე აკრიტიკებს პიროვნების დამნაშავედ ცნობის სისტემას საქართველოში, რომელიც დაუსაბუთებელ ხასიათი ატარებს და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სტანდარტებს.“ 

წინასწარ ანგარიშში და რეზოლუციაში ნათქვამია --  საქართველოს ახალი ხელისუფლების გაგებისა და მხარდაჭერის ნიშნად“ -- გაიზარდოს იმ ვალდებულებების შესრულების ვადები, რომლებიც მრავლად აიღო საქართველომ ევროპის საბჭოში შესვლისას, რადგან ამ ვალდებულებების აღება საჭირო იყო იმ ქვეყნისათვის, რომელსაც ევროპის საბჭოში გაერთიანება უნდოდა. მაგალითად, ერთ-ერთი ვალდებულების თანახმად საქართველოს ხელისუფლება უნდა შეერთებოდა ევროპის ქარტიას რეგიონებში გავრცელებული უმცირესობების ენებისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციას 2005 წლის სექტემბრამდე. გარდა ამისა ხელისუფლებას „შემდგომი დაყოვნების გარეშე უნდა შეექმნა მესხეთის მოსახლეობის რეპატრიაციის პროცესის დაწყებისათვის საჭირო იურიდიული, ადმინისტრაციული და პოლიტიკური პირობები და უნდა გაეთვალისწინებინა პროცესის დასრულება ახლო მომავალში.“

წინასწარი ანგარიში და რეზოლუცია შეიქმნა თანამომხსენებელთა თბილისსა და ბათუმში 5-დან 8 ივლისამდე ჩატარებული ვიზიტის საფუძველზე. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მისთვის კენჭი უნდა ეყარა იანვარში ზამთრის სესიაზე.

ევროპის სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია იეღოვას მოწმეების სარჩელი

6 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეორე პალატამ დასაშვებად მიიჩნია გლდანის იეჰოვას მოწმეების სარჩელი. იეჰოვას მოწმეებმა სარჩელი ევროპულ სასამართლოში  2001 წლის ივნისში შეიტანეს.

საქმე ეხებოდა 1999 წლის ოქტომბერში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის რადიკალი მხარდამჭერებისა და განკვეთილი მღვდლის ბასილ მკალავიშვილის მხრიდან იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმას. დაახლოებით 200-მდე თავდამსხმელმა რკინის ჯვრებითა და ხის კეტებით სცემა 120-მდე იეჰოვას მოწმე, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ თბილისში დაქირავებულ სახლში, რათა ჩაეტარებინათ კვირის მსახურება. პოლიციამ უარი განაცხადა მათ დახმარებაზე. 16 მორწმუნეს სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა. როგორც საერთაშორისო ამნისტიისთვის არის ცნობილი, არცერთი დამნაშავე არ ყოფილა დასჯილი აღნიშნული თავდასხმის გამო.


წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში

საერთაშორისო ამნისტიამ კვლავ მიიღო ანგარიშები წინასწარი დაკავების საკნებში წამების ფაქტების შესახებ.

მაგალითად, ანგარიშის მიხედვით 1 სექტემბერს ზუგდიდში დააკავეს შვიდი ადამიანი, რომელთაც ბრალად წაუყენეს ნახევრადსამხედრო დაჯგუფების წევრობა და ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერების ფლობა. ერთ-ერთი მათგანი, გენო კულავა, აწამეს ხობის რაიონის პოლიციის განყოფილებაში. ანგარიშების თანახმად ის ორ მაგიდას შორის ბოძზე ჩამოკიდეს და სცემეს წიხლებით,ხელკეტებით, დააგდეს იატაკზე, მისი მხარის ზემოთ დაიკავეს ანთებული სანთელი და ერთ-ერთი პოლიციელი სახეში სცემდა. მას შემდეგ რაც მისმა ადვოკატმა მიმართა სასამართლოს მისი კლიენტის წამების გამო, გენო კულავა შეამოწმეს სასამართლო ექსპერტებმა. მათ აღმოაჩინეს მის სხეულზე სასტიკი ცემის კვალი და სისხლჩაქცევები.  დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა, რომელმაც 13 სექტემბერს შეამოწმა გენო კულავა, დაადგინა, რომ სისხლჩაქცევები გამოწვეული იყო მძიმე საგნების დარტყმით. მისი მხარის შემოწმებისას მან არ გამორიცხა ის ფაქტი, რომ ჭრილობა მაღალი ტემპერატურის გამო ყოფილიყო გამოწვეული. მეორე პატიმარი, ლევან ძაძუა, რომელიც ასევე 1 სექტემბერს დააკავეს, სცემეს ზუგდიდის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში. 15 ნოემბერს გენო კულავა  სასამართლოს გადაწყვეტილებით ციხიდან გაათავისუფლეს, რამდენადაც მისი დაკავების და შემდგომ გამოძიების პროცესში ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს. თუმცა, ის მაშინვე ხელმეორედ დააპატიმრეს, ზუგდიდის მკვიდრის გატაცების ბრალდებით. გენო კულავა და ლევან ძაძუა კვლავ ზუგდიდის N4 საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდნენ იმ პერიოდისთვის, როცა ანგარიში იწერებოდა. წამების ფაქტებთან დაკავშირებით არ ჩატარებულა სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება და არც ერთი, აღნიშნულ წამების ფაქტებში ეჭვმიტანილი პირი არ არის დასჯილი.


რელიგიური უმცირესობები


პირობითი სასჯელი რელიგიურ უმცირესობებზე განხორციელებულ თავდასხმათა სერიის გამო (განახლება AI Indexes: EUR 01/002/2002, EUR 01/001/2004, and EUR 01/005/2004)
 

2004 წლის ბოლოს საერთაშორისო ამნისტიამ შეიტყო სამი სასამართლო პროცესის შესახებ, რომელთა შედეგადაც დამნაშავედ სცნეს რამოდენიმე პირი რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმისათვის. როგორც საერთაშორისო ამნისტიისათვის არის ცნობილი, ბოლო წლებში არც ერთი დამნაშავე არ დაუსჯიათ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ რელიგიურ უმცირესობებზე განხორციელებული თავდასხმების სერიებში მონაწილეობის გამო. რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმაში მონაწილე ასობით დამნაშავე დაუსჯელი დარჩა.

ამ სასამართლო პროცესებიდან რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2003 წლის ნოემბერში დამნაშავედ სცნო ხუთი კაცი იეღოვას მოწმეებზე განხორციელებულ თავდასხმებში მონაწილეობისათვის და შეუფარდა 4 წლამდე პირობითი სასჯელი. 2004 წლის აპრილში თბილისის ერთ-ერთმა სასამართლომ შეამცირა სასჯელი 2 წლამდე მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ზემოთხსენებული განაჩენი გაასაჩივრეს.

მეორე სასამართლო პროცესზე, რომელიც დასრულდა 14 დეკემბერს, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯანო მარგიანი „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების“ მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის 151-ე მუხლი) და „ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით“ (მუხლი 187 ნაწილი 1). მას მიუსაჯეს სამი წლის პირობითი სასჯელი და კომპენსაციის სახით 1 100 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარებში) გადახდა დააკისრეს. 28 დეკემბერს ჯანო მარგიანმა და 40-მა ადამიანმა სიტყიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ იეჰოვას რამოდენიმე მოწმეს და დააზიანეს იეჰოვას მოწმეთა შენობა, რომელიც აშენების პროცესში იმყოფებოდა.

 მესამე სასამართლო პროცესი ეხება, განკვეთილი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელის, ბასილ მკალავიშვილის მხარდამჭერს, რომელიც გაასამართლეს აგვისტოში და 4 დეკემბერს 2 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს ქალაქ მარნეულში 2001 წლის სექტემბერში იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმაში მონაწილეობის გამო. მას წაუყენეს შემდეგი ბრალდებები: „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება“ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 120), „რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა“ (მუხლი 155, ნაწილი 1) და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“ (მუხლი 187). 2001 წლის 21 სექტემბერს დაახლოებით 100 ადამიანისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთაგან უმეტესობას ნიღაბი ეკეთა, გადაკეტეს თბილისიდან მარნეულისაკენ მიმავალი ცენტრალური გზა, სადაც იმ დღეს უნდა გამართულიყო იეჰოვას მოწმეთა შეკრება. იეჰოვას მოწმეებმა წინასწარ შეატყობინეს ხელისუფლებას შეკრების შესახებ და მიიღეს გარანტიები პოლიციისაგან, რომ გატარებული იქნებოდა შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაცულიყო მათი შეკრების უფლება. მაგრამ პოლიცია გვერდზე გადგა და უყურებდა თუ ადამიანების ზემოთაღნიშნულმა ჯგუფმა როგორ გააჩერა ავტობუსი, რომელშიც იეჰოვას მოწმეები ისხდნენ, ჩამოიყვანეს კაცები, ქალები და ბავშვები და წიხლებით, მუშტებითა და ხელკეტებით გაუსწორდნენ მათ. დაშავდა 40-მდე ადამიანი, მათ შორის 12 სერიოზულად. პოლიცია კი უმოქმედოდ იდგა და უყურებდა თუ როგორ მოუკიდა ცეცხლი ჯგუფმა შეკრების ადგილს და როგორ ჩამოართვეს იეჰოვას მოწმეებს ვიდეო კამერა და ფილმი.

სასამართლო პროცესი ბასილ მკალავიშვილისა და მისი ექვსი მხარდამჭერის წინააღმდეგ (განახლებული AI Index: EUR 01/005/2004)

სასამართლო პროცესი მართლმადიდებლური ეკლესიის განკვეთილი მღვდელის ბასილ მკალავიშვილისა და პეტრე ივანიძის მიმართ და მათი ხუთი თანამზრახველის - ავთანდილ დონაძის, ავთანდილ გაბუნიას, მერაბ კორაშინიძის, აკაკი მოსაშვილის და მიხეილ ნიკოლოზაშვილის მიმართ დაიწყო 27 აგვისტოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში. ეს შვიდი ადამიანი პოლიციამ 2004 წლის 12 მარტს დააკავა იმ ოპერაციის დროს, რომელშიც პოლიციამ გადაჭარბებით გამოიყენა ძალა. ამავე დროს დააკავეს ორი სხვა პირიც, მაგრამ ისინი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გაათავისუფლეს.

ბასილ მკალავიშვილსა და პეტრე ივანიძეს სასამართლო პროცესზე ბრალად ედებოდათ 2001 წლის 22 იანვარს ომბუდსმენის ოფისზე იერიშის მიტანა; 2001 წლის იანვარსა და თებერვალში იეჰოვას მოწმეების ორი რელიგიური შეკრების დარბევა, 2001 წლის მარტში ბაპტისტურ ეკლესიაზე თავდასხმა და 2002 წლის თებერვალში გაერთიანებული ბიბლიის საზოგადოებისა და ბაპტისტების წიგნების დაწვა. მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება მოიცავდა „რელიგიურ წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა“ (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 155), „დევნა“ (მუხლი 156), „ცემა“ (მუხლი 125) და „ნივთის დაზიანება ან განადგურება“ (მუხლი 187, ნაწილი 2). დანარჩენ 5 ბრალდებულს ბრალად მხოლოდ 12 მარტს პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს „პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა“ (მუხლი 353) წაუყენეს.

ოთხი მსხვერპლი, რომლებიც რამოდენიმეჯერ განსაკუთრებით მძიმედ დაშავდნენ თავდასხმების შედეგად - ლეილა ქართველიშვილი, ბენიამინ ბაკურაძე, ოთარ კალატოზიშვილი და მისი ვაჟი ზაზა კალატოზიშვილი - ამოიღეს სასამართლოზე მოწმეთა სიიდან. 2004 წლის ბოლოს სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდებოდა.

 

ახალი ამბები